„მე მინდა შეგახსენოთ, არც ერთ აქციას, თუ ის არ უშლის ხელს მოძრაობას, არ სჭირდება წინასწარი ნებართვა”
2013 წლის 10 ივლისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ, 2013 წლის 7 ივლისს დაკავებული ახალგაზრდების შესახებ  განაცხადა, რომ “არცერთ აქციას, თუ ის მოძრაობას ხელს არ უშლის, წინასწარი ნებართვა არ სჭირდება. ახალგაზრდებს ჰქონდათ თავიანთი პოზიცია, რასაც აფიქსირებდნენ. მათ ფაქტობრივად მიუვარდნენ პოლიციელები და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის ამსახველი კადრებიც არის”.    
2013 წლის 7 ივლისს „დინამო-არენასთან“ არასამთავრობო ორგანიზაციის „თავისუფალი ზონის“ მიერ გამართული აქციის დროს, ამავე ორგანიზაციის სამი წევრი დააკავეს. ისინი „თბილისი დინამოსა“ და „მოსკოვის დინამოს“ ამხანაგურ მატჩზე დასასწრებად ჩამოსული რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტს აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები მას შემდეგ დააკავეს, რაც ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას დაეტოვებინათ გზის სავალი ნაწილი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, განაცხადა: „პოლიციელებს ძალიან უცენზურო სიტყვებით, საშინლად დამამცირებლად მიმართავდნენ ეს ახალგაზრდები. ეს იყო პირდაპირი პროვოკაცია. ისინი პოლიციელებს აგინებდნენ. ეს არის კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა ჩვენი სიამაყის, ჩვენი პოლიციის და ჩვენ არ დავუშვებთ და არავის ვაპატიებთ უსამართლოდ პოლიციის შეურაცხყოფას...“. „თავისუფალი ზონის“ 3 წევრს ბრალი საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედებოდათ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა შეემოწმებინა, არის თუ არა საჭირო ნებართვა აქციის გამართვისთვის, თუ ის მოძრაობას ხელს არ უშლის. საქართველოს კონსტიტუციის 25 მუხლის 1 პუნქტი უზრუნველყოფს, რომ ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში მსახურობენ, აქვს უფლება წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ხელისუფლებას წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობის მოთხოვნის უფლებას ანიჭებს, თუ შეკრება, ან მანიფესტაცია, ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ აწესრიგებს პირებისთვის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლებების განხორციელებას - წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. ამავე კანონით, გათვალისწინებულია ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება, ან მანიფესტაცია, ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. კანონის მეხუთე მუხლის მიხედვით განსაზღვრულია, რომ თუ შეკრება და მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება, ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს, აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წინასწარი გაფრთხილება. კანონის მიხედვით, გაფრთხილება არ არის საჭირო იმ შემთხვევაში, როდესაც ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილია შეკრების ან მანიფესტაციისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ამავე კანონით, არ არის განსაზღვრული, რომ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანომ გაფრთხილების შემდეგ უნდა გასცეს ნებართვა. შესაბამისად, შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვისთვის, თუ ხდება ტრანსპორტის სავალი ადგილის დაკავება და/ან ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება, წინასწარი გაფრთხილება საჭიროა, თუმცა, საპასუხოდ ნებართვის მიღება საჭირო არ არის. დასკვნა კანონმდებლობის მიმოხილვიდან ნათლად ჩანს, რომ შეკრების ან მანიფესტაციის გამართვისთვის, თუ ის არ იმართება ტრანსპორტის სავალ ადგილზე და/ან არ აფერხებს ტრანსპორტის მოძრაობას, გაფრთხილება საჭირო არ არის. დეპუტატი ვაშაძე საუბრობს "აქციებისათვის წინასწარი ნებართვის" შესახებ, რასაც, 2012 წლის 14  დეკემბრის შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს  კანონის მიხედვით, ადგილობრივი თვითმართველობის აღმასრულებელი ორგანო, ან სხვა უფლებამოსილი სტრუქტურა, აღარ გასცემს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ ვასკვნით, რომ გიორგი ვაშაძის განცხადება: „არცერთ აქციას, თუ ის არ უშლის ხელს მოძრაობას, არ სჭირდება წინასწარი ნებართვა”, არის სიმართლე.