2013 წლის 12 ივნისს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილებოდა. კანონპროექტი პარლამენტარებს განათლების მინისტრის მოადგილემ [ამჟამად განათლების მინისტრი], თამარ სანიკიძემ გააცნო. ცვლილებებს საპარლამენტო უმცირესობა ეწინააღმდეგებოდა. მათი აზრით, ახალი რეგულაციები სახელმწიფო უნივერსიტეტებს დააზარალებს.
12 ივნისის სხდომაზე თამარ სანიკიძეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა მიმართა: „ძალიან ბევრი შეკითხვა დაისვა საზოგადოებაში, თუ რატომ ხდება ასე სწრაფად კანონპროექტის გატანა, რატომ არ მოხდა კონსულტაციები შესაბამის აკადემიურ ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან. ქალბატონო თამარ, თქვენ ახსენეთ, რომ ვიღაც ექსპერტებთან გქონდათ კონსულტაციები. იქნებ ჩვენც გაგვაცნოთ ეს ტექსტები, რჩევები და ამ ექსპერტების დასკვნის შემდეგ, იქნებ ჩვენც დავრწმუნდეთ პროექტის მართებულობაში, მაგრამ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.“
ჩვენ დავინტერესდით, მართლაც გაიარა თუ არა კანონპროექტზე მუშაობისას განათლების სამინისტრომ კონსულტაციები აკადემიურ ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და განათლების სფეროს ექსპერტებთან.
მიმდინარე წლის 31 მაისს პარლამენტში განსახილველად შევიდა მთავრობის ინიციატივა, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს გულისხმობს. კანონპროექტის თავდაპირველი რედაქციის მიხედვით, პრემიერ–მინისტრს სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორების მოვალეობის დროებითი შემსრულებლის დანიშვნის უფლება ენიჭებოდა [არსებული კანონმდებლობით, რექტორის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მოვალეობის შემსრულებელს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ნიშნავს]. კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, 12 ივლისს, მთავრობა და პარლამენტი შეთანხმდნენ იმაზე, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს პრემიერი აღარ დანიშნავს. შესაბამისად, ეს ნორმა კანონპროექტიდან ამოღებული იქნება. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა მესამე საბოლოო მოსმენით 24 ივლისს მიიღო.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები ახალ რეგულაციებს აწესებს აკადემიური თანამდებობების მიმართ. მისი ძალაში შესვლის შემდეგ დოქტორანტურის სტუდენტები ვეღარ შეძლებენ ასისტენტ–პროფესორის თანამდებობის დაკავებას. გარდა ამისა, ახალი მოთხოვნები წესდება დეკანებისა და რექტორების მიმართ. მათ, ვისაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი არ გააჩნიათ, არ ექნებათ ზემოაღნიშნული თანამდებობების დაკავების უფლება. კანონპროექტი ახალ წესებს ადგენს რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და დეკანის თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრისას.
საკანონმდებლო ორგანოში 31 მაისს შესული კანონპროექტის განმარტებითი ბარათის „დ“ პუნქტში აღნიშნულია, რომ მისი მომზადების პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ არასახელმწიფო, საერთაშორისო დაწესებულებებს/ორგანიზაციებს და ექსპერტებს. აგრეთვე არ არსებობს შეფასებები კანონპროექტის მიმართ [იხ. ბმული/განმარტებითი ბარათი. გვ.10].
გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტის შემოწმებისა, ჩვენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური წერილითაც მივმართეთ. წერილში ვითხოვდით მოეწოდებინათ ინფორმაცია იქნა თუ არა კანონპროექტზე მუშაობისას გავლილი კონსულტაციები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და განათლების სფეროს ექსპერტებთან. წერილი სამინისტროში მიმდინარე წლის 24 ივნისს შევიტანეთ. უწყებისგან პასუხი 18 ივლისს, 24 დღის გასვლის შემდეგ მივიღეთ [„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე–40 მუხლის მიხედვით, საჯარო უწყებას ინფორმაციის გაცემისთვის 10 დღიანი ვადა აქვს დადგენილი.]
სამინისტროს მიერ მოწოდებულ დოკუმენტში ვკითხულობთ: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით სამინისტროს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით გარკვეული რეკომენდაციები გაუწია ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორმა ტასილო შმიტმა და ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკლაუს ლარგიერმა.“
ფაქტ–მეტრმა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება გადაწყვიტა. ჩვენ პროფესორ ტასილო შმიტს და პროფესორ ნიკლაუს ლარგიერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით დავუკავშირდით.
ჩვენი წერილის პასუხად ტასილო შმიტმა გვაცნობა, რომ მას რამდენიმე თვის წინ საქართველოს განათლების სამინისტრო დაუკავშირდა და უმაღლესი განათლების გერმანული სისტემის ბოლოდროინდელი განვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვა. ამ მიზნით მან მოამზადა სემინარი, რომელიც ამჟამად [შმიტის პასუხი 30 ივლისს მივიღეთ] გუდაურში მიმდინარეობს. თუმცა, ტასილო შმიტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იგი ახალი კანონპროექტის მომზადების პროცესში ჩართული არ ყოფილა.
ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკლაუს ლარგიერმა შეგვატყობინა, რომ ის საქართველოში ბოლოს 2012 წლის აგვისტოში იყო. გასული წლის ზაფხულში, ილიას უნივერსიტეტში, საზაფხულო სკოლის ფარგლებში ლექციები ჩაატარა და მსმენელებს გერმანული და ამერიკული უმაღლესი განათლების მოდელები გააცნო. როგორც პროფესორის წერილიდან ვგებულობთ, მას შარშანდელი წლის შემდეგ საქართველოს განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ურთიერთობა არ ჰქონია.
დასკვნა
აკაკი მინაშვილის განცხადების გადამოწმებისას შემდეგი გარემოებები გამოიკვეთა: „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მომზადების პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ არასახელმწიფო, საერთაშორისო დაწესებულებებს/ორგანიზაციებს და ექსპერტებს. აგრეთვე, არ არსებობს შეფასებები კანონპროექტის მიმართ.
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში პროფესორები ტასილო შმიტი და ნიკლაუს ლარგიერი იყვნენ ჩართული, არ დადასტურდა. ეს ექსპერტები გარკვეულწილად მართლაც თანამშრომლობდნენ განათლების სამინისტროსთან, მაგრამ არა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ აკაკი მინაშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც განათლების და მეცნიერების სამინისტროს „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობისას კონსულტაციები არ ჰქონია არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ამ სფეროს ექსპერტებთან, არის სიმართლე.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონზე მუშაობისას განათლების სამინისტროს ექსპერტებთან კონსულტაციები არ ჰქონია
09/08/2013
Правда
заявление точное и ажные детали в нем не отсутствуют
Персоны
-
Дезинформация: ВЭФ заявил, что пандемия...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Японские ученые утверждаю...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Спортсменка внезапно умер...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные