"საოლქო საარჩევნო კომისიები გამოსული იყვნენ პასუხისმგებლობის არეალიდან და შესაბამისად, კანონით განსაზღვრული იყო პასუხისმგებლობის ზომები და საფუძვლები მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის"
2013 წლის 10 ივლისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, საქართველოს ორგანული კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსის ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენის განხილვისას განაცხადა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობა ფაქტობრივად არ არსებობდა. კანონპროექტი შეეხება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლის ჩამოყალიბებას ისე, რომ დისციპლინარული პასუხისმგებლობა გავრცელდეს არა მარტო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ, არამედ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებზეც. ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა გადაემოწმებინა რამდენად შეესაბამება სიმართლეს ზაქარია ქუცნაშვილის განცხადება. 2013 წლის 30 მაისის მდგომარეობით საქართველოს საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლი არეგულირებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომებს. დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომებს წარმოადგენს: სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ქონებრივი ზიანის ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა; არასაპატიო მიზეზით საუბნო საარჩევნო სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა; საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობისა და საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის უხეში დარღვევა; კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სავალდებულო ხელმოწერაზე უარი. საქართველოს საარჩევნო კოდექსის სხვა მუხლებში არ მოიძებნება პირობა, სადაც განსაზღვრული იქნება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების პასუხისმგებლობა. დასკვნა ზაქარია ქუცნაშვილის განცხადების გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ არ გამოიყენება დისციპლინარული პასუხისმგებლობა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ ვასკვნით, რომ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადება „საოლქო საარჩევნო კომისიები გამოსული იყვნენ პასუხისმგებლობის არეალიდან და შესაბამისად, კანონით განსაზღვრული იყო პასუხისმგებლობის ზომები და საფუძვლები მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის“, შეესაბამება სიმართლეს.