„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონის მე-12 მუხლის თანახმად, დღეს უნივერსიტეტებს უმტკიცებთ  საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს“
2013 წლის 10 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე საქართველოს კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“ შესატანი ცვლილებები პუნქტობრივად იქნა განხილული. პარლამენტში დავის საგანი კანონპროექტის მე-15 მუხლის მე- 2'  პუნქტი გახლდათ, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში რექტორის, დეკანის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობრივ სარგოს [ხელფასს] განსაზღვრავს.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, ჩიორა თაქთაქიშვილი „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში მთავრობის მიერ ინიციცირებული ცვლილებების შეტანას არ ემხრობა. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონის მე-12 მუხლის თანახმად, დღეს უმტკიცებთ უნივერსიტეტებს საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს“ - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა და დასძინა „რატომ არ არის საკმარისი ეს დისკრეცია, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ და რატომ ავალდებულებთ უნივერსიტეტებს, კიდევ უფრო შეამცირონ თანამშრომელთა ხელფასები?“ ფაქტ-მეტრი პარლამენტარის განცხადებით დაინტერესდა და გადაამოწმა, რამდენად დამოუკიდებლები არიან სახელმწიფო უნივერსიტეტები საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრისას. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 1 პუნქტის „დ“  ქვეპუნქტის თანახმად,  საჯარო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია,  საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრისას მიიღოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს  თანხმობა. აღნიშნულ მუხლში ცვლილება 2012 წლის 20 დეკემბრიდან შევიდა და მასში მხოლოდ ტერმინოლოგია შეიცვალა. თუ აქამდე კანონში ეწერა „საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა“, 2012 წელს ეს შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: „საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა“. 2013 წლის 30 მაისს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ 38-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმნება, დაუშვებელია. სახელმწიფო უნივერსიტეტებს უფლება არ აქვთ სამართლებრივი სტატუსი თავად აირჩიონ. უნივერსიტეტის სამართლებრივ სტატუსს განათლების სამინისტრო საზღვრავს. თუ სახელმწიფო უნივერსიტეტები საჯარო სამართლის იურიდიული პირები გახდებიან, მათი საქმიანობა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლით დარეგულირდება. შესაბამისად, უნივერსიტეტი საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს დამოუკიდებლად ვეღარ განსაზღვრავს. დასკვნა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის  ხელფასების მინიმალური და მაქსიმალური კოეფიციენტები განისაზღვრება. აღნიშნულ ცვლილებას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, ჩიორა თაქთაქიშვილი, არამართებულად მიიჩნევს. მისი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ხელფასები სახელმწიფო უნივერსიტეტებს ისედაც განსაზღვრული აქვთ. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობა, რომელსაც სჭირდება  სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს  თანხმობა. ერთ-ერთი ასეთი საქმიანობა არის საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა. როგორც კი განათლების სამინისტრო სახელმწიფო უნივერსიტეტებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსს მიანიჭებს, ეს კანონი მათზეც გავრცელდება. შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადება: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით, უნივერსიტეტებს საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი უმტკიცდებათ, არის სიმართლე.