ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ამ გზაზე, რასაც ჰქვია ევროინტეგრაციის გზა, ყველაზე მეტი გავაკეთეთ მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა . . . ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულირება.
სალომე სამადაშვილი: თქვენი ხელისუფლების ერთადერთი მიღწევა ის იყო, რომ ძალიან უგემოვნოდ შერჩეული მუსიკის ქვეშ ხელი მოაწერეთ იმ შეთანხმებებს, რომელზეც იმუშავა თქვენმა წინამორბედმა ხელისუფლებამ
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სალომე სამადაშვილის განცხადება არის მანიპულირება.
ანალიზი:
2022 წლის 18 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. ის პარლამენტში ინტერპელაციის წესით ოპოზიციონერი დეპუტატების ჯგუფმა დაიბარა. სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესში ყველაზე მეტი გააკეთა. „ჩვენ ამ გზაზე, რასაც ჰქვია ევროინტეგრაციის გზა, ყველაზე მეტი გავაკეთეთ მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა. მინდა რამდენიმე კონკრეტული მაგალითი შევახსენო ჩვენს ოპონენტებს. პირველი მთავარი ჩვენი დოკუმენტი რაც არის, გზამკვლევი და სახელმძღვანელო ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც დაგვიანებით გადმოეცა საქართველოს, 3 წლის დაგვიანებით დაიწყო რეალურად მოლაპარაკებები წინა ხელისუფლებამ. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მხოლოდ მას შემდეგ გადმოეცა საქართველოს რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ესეც დაგვიანებით დაიწყო წინა ხელისუფლებამ. და რეალურად ამ 10 წელიწადში ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებას „ლელოს“ წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, „თქვენი ხელისუფლების ერთადერთი მიღწევა ის იყო რომ ძალიან უგემოვნოდ შერჩეული მუსიკის ქვეშ ხელი მოაწერეთ იმ შეთანხმებებს, რომელზეც იმუშავა თქვენმა წინამორბედმა ხელისუფლებამ. სულ მაინტერესებდა, შალახო რატომ აირჩიეთ ასოცირების შეთანხმების გაფორმებისას“.
„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი ღარიბაშვილისა და სალომე სამადაშვილის განცხადებები გადაამოწმა.
საქართველოს დასავლურ სამყაროსთან დაახლოებაზე საუბრისას, პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მიღწეული წარმატებები 30- წლიანი პროცესის, სხვადასხვა მთავრობების მიერ უწყვეტი მუშაობისა და საქართველოს მოქალაქეთა მიერ მრავალჯერ გამოხატული ნების შედეგია. შესაბამისად, საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები არ უკავშირდება კონკრეტულ პარტიებს და იგი ვიწროპარტიულ ინტერესებსა თუ მიღწევებზე მაღლა დგას. მარტივად რომ ვთქვათ, ევროკავშირთან ასოცირების პროცესის დაწყება, უვიზო მიმოსვლის შემოღება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ნატოსთან პარტნიორობის გაღრმავება და ა.შ. ცალკე აღებული არცერთი მმართველი ძალის („მოქალაქეთა კავშირი“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“) დამსახურება არაა. ამავეს მოწმობს დასავლურ სტრუქტურებთან დაახლოების გრძელვადიანი პროცესი, რომელიც მმართველი პარტიების ცვლილების მიუხედავად, გრძელდებოდა (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის აღნიშნული განცხადება ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებს „ქართული ოცნების“ დამსახურებად წარმოაჩენს, რაც მანიპულირებაა. მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“, მართლაც აქვს თავისი, მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი დასავლურ და ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციებთან ინტეგრაციის პროცესში, პრემიერ-მინისტრი კონტექსტს მიღმა ტოვებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს წინა ხელისუფლებებმა ამ გზაზე ასევე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგეს. ამგვარი ზეპარტიული საკითხის მმართველი ძალის მიღწევად წარმოჩენა არამარტო მანიპულაციურია და არასრულად წარმოაჩენს კონტექსტს, არამედ აუფასურებს იმ მიღწევებს, რომლებიც ქართველი ხალხის დაკვეთით საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლებას ჰქონდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სალომე სამადაშვილის განცხადება, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებში „ქართული ოცნების“ როლს უგულებელყოფს, არის ასევე მანიპულაცია, ვინაიდან კონტექსტს მიღმა ტოვებს იმ მიღწევებს, რაც ამ გზაზე, აღნიშნულ დოკუმენტებზე ხელის მოწერამდე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ჰქონდა.