2018 წლის 8 თვეში 5.8 მლნ საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით მეტია... უმსხვილესმა საერთაშორისო მედია პლატფორმამ საქართველო 2018 წლის სამოგზაურო ქვეყნების ტოპ ათეულში შეიყვანა
17/09/2018
Правда
заявление точное и ажные детали в нем не отсутствуют
ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნინო წილოსანის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში, საერთაშორისო მოგზაურთა[1] რაოდენობა 5.9 მლნ ადამიანს უტოლდება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (5.2 მლნ) შედარებით, ზრდამ 12.2% შეადგინა. მათ შორის, ტურისტული ვიზიტების[2] რაოდენობა ,2018 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში, 3.2 მლნ-ია, რაც 19.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (2.7 მლნ).
გავლენიანი საერთაშორისო სამოგზაურო მედია პლატფორმის Lonely Planet-ის მიერ 2018 წელს სამოგზაუროდ რეკომენდირებული ქვეყნების ათეულში, საქართველო მე-7 ადგილზე იმყოფება.
ანალიზი
2018 წლის 5 სექტემბერს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, „ქართული ოცნების“ წევრმა, ნინო წილოსანმა, განაცხადა: „2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 5.8 მლნ საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12%-იანი ზრდაა. აქედან, ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვარაუდით, საქართველოში 2018 წლის მანძილზე, 8.5 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვევა, აქედან დაგენირირებული შემოსავლები კი, 3 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბებს. უმსხვილესმა საერთაშორისო მედია პლატფორმამ საქართველო 2018 წლის სამოგზაურო ქვეყნების ტოპ ათეულში შეიყვანა“.
საერთაშორისო მოგზაურების ნაკადებისა და ვიზიტის ტიპების შესახებ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.
ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურობის ვიზიტები საქართველოში
ვიზიტისტიპი
2017
8 თვე
2018
8 თვე
ცვლილება
ცვლილება %
საერათაშორისო მოგზაურების ვიზიტები
5 255 318
5 895 914
640 596
12.2%
საერათაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები
4 279 915
4 883 580
603 665
14.1%
ტურისტული ვიზიტი
2 712 126
3 235 800
523 674
19.3%
ერთდღიანი ვიზიტი
1 567 789
1 647 780
79 991
5.1%
სხვა (არატურისტული)
975 403
1 012 334
36 931
3.8%
წყარო:საქართველოს ტურიზმის ეროვნულიადმინისტრაცია
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში საქართველოში შემოსულ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 5.8 მლნ ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (5.2 მლნ) 12.2%-ით აღემატება. ტურისტული ვიზიტით კი საქართველოში, 2018 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში, 3.2 მლნ ადამიანი იმყოფებოდა, რაც 19.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (2 712 126).
რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების რაოდენობას, ის შემდეგნაირად გამოიყურება:
ცხრილი 2: შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან (ათასი აშშ დოლარი)
წელი
2017
2018 (I კვ.)
სულ
2 704 340
550 814
I კვარტალი
425 673
550 814
II კვარტალი
629 854
III კვარტალი
1 078 274
IV კვარტალი
570 538
წყარო:საქართველოს ტურიზმის ეროვნულიადმინისტრაცია
საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების ნაწილში, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ჯერჯერობით გამოქვეყნებული აქვს მხოლოდ 2018 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდამ 125 მლნ აშშ დოლარი (29%) შეადგინა. არსებული დინამიკის შენარჩუნების პირობებში, ზრდა შემდეგ პერიოდშიც მოსალოდნელია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის პროგნოზით, 2018 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 3 მლრდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბებს.
რეიტინგის ნაწილში, სავარაუდოდ, ნინო წილოსანს მხედველობაში ჰქონდა საერთაშორისო სამოგზაურო პლატფორმა Lonely Planet-ის რეიტინგი, სადაც საქართველომ მეშვიდე ადგილი დაიკავა. რეიტინგის დასახელებაა „საუკეთესო ქვეყნების ათეული, რომელსაც უნდა ეწვიოთ 2018 წელს“. სრული რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:
ჩილე
სამხრეთ კორეა
პორტუგალია
ჯიბუტი
ახალი ზელანდია
მალტა
საქართველო
მავრიტანია
ჩინეთი
სამხრეთ აფრიკა
Lonely Planet წარმოადგენს საერთაშორისო გავლენიან სამოგზაურო მედია პლატფორმას, რომელიც მოიცავს საერთაშორისო გზამკვლევების სერიას და ყოველწლიურად აქვეყნებს მომდევნო წლის საუკეთესო მიმართულებებს. საქართველოს შემთხვევაში ორგანიზაციის მოკლე მიმოხილვაში ყურადღება გამახვილებულია ქვეყნის ისტორიაზე, სამზარეულოზე და ღვინოსთან დაკავშირებულ ტრადიციებზე.
[1] მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის არარეზიდენტი პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით. ის გამორიცხავს საქართველოს რეზიდენტ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და მოიცავს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უცხო ქვეყნის რეზიდენტები არიან.
[2] ტურისტი არის ვიზიტორი, რომელმაც ღამე მაინც დაჰყო ქვეყნის ტერიტორიაზე.