ვერდიქტი: ოთარ კახიძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: საქართველოს ხელისუფლების მიერ მოწვეულმა საერთაშორისო დამკვირვებლებმა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წარმოებული 14 საქმის (მათ შორის მერაბიშვილის ორი საქმე) სასამართლო პროცესის თითქმის ორწლიანი მონიტორინგის შედეგად, დაადგინეს რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემამ, აღნიშნულ საქმეებზე, სამართლიანი სასამართლოს უფლებების სრული დაცვა ვერ უზრუნველყო.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დასკვნით, შესწავლილ საქმეებზე, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებთან დაკავშირებით გამოვლენილი პრაქტიკა, რაც წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების უგულებელყოფასა და სათანადო სამართლებრივი ანალიზის არ არსებობაში გამოიხატებოდა, დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე ბრალდებულის უფლებას ხელყოფდა.
ანალიზი
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრმა ოთარ კახიძემ ივანე (ვანო) მერაბიშვილის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლისსამართლებრივ საქმეებში სახელმწიფოს დარღვევებზე ისაუბრა, რის საილუსტრაციოდაც ერთი მხრივ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო მეორე მხრივ, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ პროცესის მონიტორინგის დროს იდენტიფიცირებული დარღვევები დაასახელა. მისი თქმით, „საერთაშორისო დამკვრვებლებმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიჩნიეს“.
2013 წლის 20 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო პროცესების მონიტორინგი დაიწყო.
სადამკვირვებლო მისიამ, 14 საქმის შესწავლის შედეგად, რომელთა შორის, ასევე, ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ წარმოებული ორი საქმეც იყო[1], საბოლოო ანგარიში 2014 წლის 9 დეკემბერს გამოაქვეყნა.
თითქმის ორწლიანი მონიტორინგის შედეგად, შესწავლილ საქმეებში მთელი რიგი ხარვეზები გამოვლინდა (გვ. 7), მათ შორის, განსაკუთრებით ხშირი დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტიელების უფლების დარღვევის შემთხვევები იყო, რომელსაც მერაბიშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებშიც ჰქონდა ადგილი.
საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, სამართალწარმოებაში თვითნებური ქმედებებისგან დაცვის მიზნით, სასამართლოებს მათი გადაწყვეტილებების ადეკვატური საფუძვლების მითითება მოეთხოვებათ. კანონიერი საფუძვლის მითითების მოთხოვნა განსაკუთრებით უფრო მკაცრია, როცა პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი, რადგან სასამართლო გადაწყვეტილებებში ცხადად უნდა იკითხებოდეს, თუ რის საფუძველზე ხდება მსჯავრის დადება. მოტივირებული გადაწყვეტილება არა მხოლოდ მხარეთა მიმართ სასამართლოსთვის ნდობის უზრუნველყოფისათვის არის აუცილებელი, არამედ გასაჩივრების უფლებით ეფექტიანად სარგებლობის უმნიშვნელოვანეს საფუძველს წარმოადგენს (გვ. 116).
სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობის აუცილებლობას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლი ითვალისწინებს. გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობაში იგულისხმება, ის რომ სასამართლო გადაწყვეტილებებში მკაფიოდ, ნათლად და ჯეროვნად უნდა იყოს ჩამოყალიბებული მიზეზები, რომლებიც მას უდევს საფუძვლად. გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის პრინციპი მოქმედებს არა მხოლოდ სასამართლოს საბოლოო ვერდიქტის, არამედ სხდომის მიმდინარეობისას მიღებული ცალკეული გადაწყვეტილებების მიმართაც („ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიში გვ. 25).
მონიტორინგის შედეგად, შესწავლილ განაჩენებთან დაკავშირებით, სამი ძირითადი პრობლემა გამოვლინდა (გვ.117):
- მტკიცებულებების არასაკმარისი ან არაადეკვატური შეფასება;
- სამართლებრივი ანალიზისა; და
- სასჯელის შეფარდებისთვის გამოყენებული ფაქტორების შეფასების ნაკლებობა.