30 წელიწადში რადიკალურად შეიცვლება ევროპის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა და იდეოლოგიურ-კულტურული სამოქალაქო დაპირისპირება გარდაუვალი გახდება

ვერდიქტი: ფეისბუკ გვერდ „ანტილიბერალური კლუბის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, 30 წელიწადში ევროპის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის ცვლილებისა და გარდაუვალი იდეოლოგიურ-კულტურული სამოქალაქო დაპირისპირების შესახებ, არის ფაქტებით მანიპულირება.   რეზიუმე:

ფეისბუკ გვერდ „ანტილიბერალური კლუბის“ მიერ გავრცელებული Pew Research Center-ის გამოქვეყნებული კვლევის სტატისტიკის ამსახველი ფოტო წარწერით - „მუსლიმური იმიგრაციის სრულიად შეწყვეტის შემთხვევაშიც კი 2050 წლისთვის მუსლიმების რაოდენობა რამდენიმე მილიონით გაიზრდება; მიგრაციის საშუალო დონის არსებობის შემთხვევაში 2050 წლისთვის ევროპაში მუსლიმების რაოდენობა გაორმაგდება; მიგრაციის მაღალი დონის არსებობის შემთხვევაში, 2050 წლისთვის, ევროპაში 75 მილიონი მუსლიმი იქნება. ცხადია, რომ ლიბერალური ევროპა ვერ მოახერხებს იმიგრაციის შეჩერებას, რაც ნიშნავს, რომ შენარჩუნდება იმიგრაციის არსებული მაღალი დონე, 30 წელიწადში რადიკალურად შეიცვლება ევროპის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა და იდეოლოგიურ-კულტურული სამოქალაქო დაპირისპირება გარდაუვალი გახდება“, - წარმოადგენს ფაქტებით მანიპულირებას. Pew Research Center-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ასახული მონაცემები წარმოადგენს არა უშუალოდ მომავლის წინასწარმეტყველებას, არამედ პროექციას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები სხვადასხვა გარემოებებში. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მომავალი მიგრაციის დონის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია და წარმოდგენილი სცენარებიდან უპირობოდ არც ერთი არ ასრულდება. გარდა ამისა, კვლევაში ხაზგასმულია ისიც, რომ მიუხედავად ევროპაში მუსლიმი მოსახლეობის მზარდი რაოდენობისა, 2050 წლისათვის (სამივე სავარაუდო სცენარის გათვალისწინებით) ისინი ბევრად ნაკლები იქნებიან ევროპაში მცხოვრებ ქრისტიანებთან ან არარელიგიურ ხალხთან შედარებით.

  ანალიზი: 4 დეკემბერს ფეისბუკ გვერდმა „ანტილიბერალური კლუბი“ გაავრცელა Pew Research Center-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის სტატისტიკის ამსახველი ფოტო

წარწერით: „მუსლიმური იმიგრაციის სრულიად შეწყვეტის შემთხვევაშიც კი 2050 წლისთვის მუსლიმების რაოდენობა რამდენიმე მილიონით გაიზრდება; მიგრაციის საშუალო დონის არსებობის შემთხვევაში 2050 წლისთვის ევროპაში მუსლიმების რაოდენობა გაორმაგდება; მიგრაციის მაღალი დონის არსებობის შემთხვევაში, 2050 წლისთვის, ევროპაში 75 მილიონი მუსლიმი იქნება. ცხადია, რომ ლიბერალური ევროპა ვერ მოახერხებს იმიგრაციის შეჩერებას, რაც ნიშნავს, რომ შენარჩუნდება იმიგრაციის არსებული მაღალი დონე, 30 წელიწადში რადიკალურად შეიცვლება ევროპის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა და იდეოლოგიურ-კულტურული სამოქალაქო დაპირისპირება გარდაუვალი გახდება“.

ევროპაში მუსლიმი მოსახლეობის მზარდი რიცხვის შესახებ კვლევა

Pew Research Center-მა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მათ გაწერეს მომავალი მიგრაციის დონეზე დამოკიდებული სამი სხვადასხვა სცენარი. აქვე ხაზგსმულია, რომ კვლევაში ასახული მონაცემები წარმოადგენს არა უშუალოდ მომავლის წინასწარმეტყველებას, არამედ პროექციას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები სხვადასხვა გარემოებებში. იმ შემთხვევაში, თუ ევროპაში მიგრაცია შეწყდება, მუსლიმი მოსახლეობის რაოდენობა 2050 წლისათვის ამჟამინდელი 4.9%-დან 7.4%-მდე გაიზრდება და 35 მლნ-ს შეადგენს. ეს განპირობებული იქნება იმით, რომ მუსლიმი მიგრანტების უმრავლესობა ახალგაზრდაა და ევროპელებთან შედარებით მაღალი შობადობით ხასიათდება. მეორე სცენარის თანახმად, „საშუალო“ დონის მიგრაციის პირობებში, ევროპის მიმართულებით ლტოლვილთა ნაკადი შეწყდება და გაგრძელდება მხოლოდ „რეგულარული“ მიგრაცია (აღნიშნულში არ მოიაზრებიან თავშესაფრის მაძიებლები). კვლევის მიხედვით, ამ შემთხვევაში, 2050 წლისთვის მუსლიმები ევროპის მოსახლეობის 11.2%-ს (57 მლნ) მიაღწევენ. რაც შეეხება, „მაღალი“ მოგრაციის სცენარს, რომელიც ითვალისწინებს თავშესაფრის მაძიებლების იმავე ტალღის შენარჩუნებას, რაც 2014-2016 წლებში იყო, 2050 წლისთვის ევროპის მოსახლეობის 14% (75 მლნ) მუსლიმი იქნება. აქვე აღნიშნულია, რომ მიუხედავად გაზრდილი რაოდენობისა, ისინი ბევრად ნაკლები იქნებიან ევროპაში მცხოვრებ ქრისტიანებთან ან არარელიგიურ ხალხთან შედარებით.

კვლევაში ასევე ხაზგასმულია, რომ მომავალი მიგრაციის დონის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან ეს ყოველივე არა მხოლოდ ევროპის გარეთ არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, არამედ ევროპის შიგნით არსებულ სამთავრობო პოლიტიკის ცვლილებებს უკავშირდება. როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი სცენარი უპირობოდ არ ასრულდება, ისინი ზოგადი პარამეტრების დანახვის შესაძლებლობას იძლევიან. ყურადსაღებია, რომ ევროპაში შემავალი მიგრანტების თითქმის ნახევარი (47%) არ არის მუსლიმი. 2010-2016 წლებში ევროპაში 3.7 მილიონი მუსლიმი ემიგრირდა, საიდანაც 2.5 მილიონი რეგულარული მიგრანტია (კანონიერი სამუშაო უფლების მქონენი, სტუდენტები და ა.შ.), 1.3 მილიონი კი - თავშესაფრის მაძიებელი. თავშესაფრის მოთხოვნის აპლიკაციების დადასტურების ამჟამინდელი მაჩვენებლის მიხედვით, კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ ევროპაში უკანასკნელი წლების მანძილზე ჩასული მიგრანტებიდან დაახლოებით მილიონი მათგანი (970 ათასი) ვერ მიიღებს ჰუმანიტარულ ან ლტოლვილის სტატუსს. მათი უმეტესობა საკუთარი ნებით დატოვებს კონტინენტს, ან დეპორტაცია შეეხებათ. ფეისბუკ გვერდ „ანტილიბერალური კლუბის“ მიერ გავრცელებული რიტორიკა, რომლის მიხედვითაც „30 წელიწადში რადიკალურად შეიცვლება ევროპის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა“, აზრს მოკლებულია და არ ასახავს Pew Research Center-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის რეალურ კონტექსტს. სინამდვილეში, კვლევის ავტორები ხაზგასმით მიუთითებენ, რომ მიუხედავად ევროპაში მუსლიმი მოსახლეობის მზარდი რაოდენობისა, 2050 წლისათვის (სამივე სავარაუდო სცენარის გათვალისწინებით) ისინი ბევრად ნაკლები იქნებიან ევროპაში მცხოვრებ ქრისტიანებთან ან არარელიგიურ ხალხთან შედარებით.

„ანტილიბერალური კლუბის“ მტკიცება, რომ „ლიბერალური ევროპა ვერ მოახერხებს იმიგრაციის შეჩერებას, რაც ნიშნავს, რომ შენარჩუნდება იმიგრაციის არსებული მაღალი დონე“, არარელევანტურია. ბოლო წლების მანძილზე ევროკავშირმა შეიმუშავა პოლიტიკა,

რომელიც უზრუნველყოფს ევროპის საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებასა და მიგრაციის ტალღის შემცირებას. 2016 წელს ევროკავშირსა და თურქეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საბერძნეთს აქვს უფლება თურქეთში დააბრუნოს ყველა ახალი არალეგალი მიგრანტი (ამ შემთხვევაში სირიელები მოიაზრებიან). სანაცვლოდ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა აიღეს თურქეთის ტერიტორიაზე სირიელი მიგრანტების საცხოვრებლებით უზრუნველყოფისა და ფინანსური დახმარების გაზრდის ვალდებულება. მიგრაციის საკითხებში ევროკომისრის განცხადების თანახმად, აღნიშნულმა შეთანხმებამ 97%-ით შეამცირა თურქეთიდან საბერძნეთში მიგრირებული სირიელების რიცხვი. გარდა ამისა, მიგრანტების რიცხვის შემცირებისათვის იტალიამ ლიბიის სანაპირო დაცვასთან ერთად შეიმუშავა ტექნიკა, რომელიც ნავებს არ მისცემს მიგრანტების გადაყვანის საშუალებას. სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა გერმანიამაც. 2017 წლის არჩევნების შემდეგ ანგელა მერკელი ყოველწლიურად მხოლოდ 200 ათასი თავშესაფრის მაძიებლის მიღებას დათანხმდა. უკანასკნელი წლების მანძილზე ლტოლვილთა საკმაოდ დიდი რაოდენობა მიიღო შვედეთმა. თუმცა, 2015 წლის ნოემბერში მთავრობამ ლტოლვილთა პოლიტიკის გამკაცრების შესახებ განაცხადა. ეს უკანასკნელი მიზნად ისახავს ყველა ტიპის ტრანსპორტირებისას საბუთების შემოწმებასა და ლტოლვილთა ოჯახური გაერთიანების შეზღუდვას.

ამრიგად, მონაცემების დამახინჯების მეთოდის გამოყენებით, ფეისბუკ გვერდი „ანტილიბერალური კლუბი“ ცდილობს მკითხველის დარწმუნებას მხოლოდ შერჩეული ინფორმაციის და არა მთლიანი სიუჟეტის წარმოდგენით. მეტი სანდოობისათვის კი იყენებს კვლევაში წარმოდგენილ სტატისტიკას.