2013 წლის 12 ივნისს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა: „არსებობს მოთხოვნა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა, რომლის წევრი ვართ და რომლის კონვენციებს ვართ მიერთებული (ფუნდამენტურ კონვენციებზეა ლაპარაკი), ეს მოთხოვნა არის ის, რომ დაუსაბუთებელი დათხოვნა სამსახურიდან არის აკრძალული.“
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, შეესაბამება თუ არა ალექსანდრე ბარამიძის განცხადება სიმართლეს.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), როგორც ერთა ლიგასთან არსებული ავტონომიური ორგანიზაცია, 1919 წელს ვერსალის სამშვიდობო კონფერენციაზე შეიქმნა. 1946 წლიდან ის, როგორც გაეროს სპეციალიზებული დაწესებულება (სააგენტო), მოქმედებს. მისი ძირითადი საქმიანობაა, შრომითი სტანდარტები კონვენციებისა და რეკომენდაციების სახით ჩამოაყალიბოს.
ამჟამად, ორგანიზაციის წევრია 178 სახელმწიფო. მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად მასში ამ სახელმწიფოების პროფკავშირებისა და მეწარმეთა დელეგატები მონაწილეობენ. შრომითი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, ორგანიზაციას (ILO) შემუშავებული აქვს 190 კონვენცია, აქედან წევრ სახელმწიფოთათვის მხოლოდ 8 ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე კონვენციის აღიარებაა (რატიფიცირება) სავალდებულო. დანარჩენი კონვენციების აღიარება სავალდებულო არ არის. აღიარების საკითხი წევრი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს (პარლამენტი) გადასაწყვეტია, რომელმაც წარმოდგენილი კონვენციის მიზანშეწონილობა და საჭიროება თავად უნდა განსაზღვროს.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია კონვენციებთან ერთად რეკომენდაციებსაც აქვეყნებს, სადაც კონვენციაში შემავალი თითოეული მუხლის სამართლებრივი მნიშვნელობა დაწვრილებითაა განმარტებული. რეკომენდაციები რჩევითი ხასიათისაა, მათი გათვალისწინება წევრ სახელმწიფოთათვის სავალდებულო არ არის.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას საქართველო 1993 წელს შეუერთდა და ამ დროისათვის 16 კონვენცია აქვს რატიფიცირებული.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) #166 -ე რეკომენდაციაში, რომელიც ორგანიზაციის (ILO) #158-ე კონვენციას შეეხება, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესზეა საუბარი. რეკომენდაციაში #158-ე კონვენციის მე-4 და მე-5 მუხლებია განმარტებული, სადაც დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ობიექტური მიზეზები და დასაბუთების აუცილებლობაა მითითებული.
კერძოდ:
- დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება ობიექტურ მიზეზებზე უნდა იყოს დაფუძნებული.
- დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ობიექტური მიზეზი დაასაბუთოს.
- დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებული სამსახურიდან მხოლოდ კანონში მითითებული მიზეზების არსებობის შემთხვევაში გაათავისუფლოს;
- დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, დამსაქმებელს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს;
- დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი წერილობით დაასაბუთოს.