2013 წლის 12 ივნისს, საქართველოს პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი გაბაშვილი ამბობს: „ჩვენ მოვისმინეთ, განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, რომ ის არ დაესწრება ეროვნული უშიშროების საბჭოს, იმიტომ, რომ ის ვერ ხედავს, მისთვის საინტერესო საკითხებს, საკითხთა ჩამონათვალში“.
დეპუტატი განმარტავს, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს 11 ივნისის სხდომის ძირითადი განსახილველი საკითხები იყო: ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციის ფარგლებში ქართველ სამხედროებზე გახშირებული შეტევები, გაზრდილი მსხვერპლი და ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებათა კოორდინირებული მოქმედების თემა. ასევე, საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ინტერნეტ-სივრცეში დაწყებული კამპანია, ე.წ. ჯიჰადის კლიპი, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით 2013 წლის 5 ივნისს გავრცელდა. ამ ყველაფრის ფონზე, პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გიორგი გაბაშვილი შიდა პოლიტიკური კინკლაობის სულისკვეთების გამოვლინებად აფასებს და იქვე კითხვას სვამს, რომ საინტერესოა, თუ რა თემა უნდა იყოს, ეროვნული უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში, რა საკითხებზე უნდა იკრიბებოდნენ, მინისტრები, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, რომ ის ბიძინა ივანიშვილისთვის საინტერესო გახდეს და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში პრემიერ-მინისტრი საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებით უფრო აქტიურად დაინტერესდება.
ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა, გადაემოწმებინა, მართლაც თქვა, თუ არა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხები მისთვის საინტერესო არ არის.
2013 წლის 11 ივნისს, პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ იგი უშიშროების საბჭოს სხდომის დღის წესრიგის შესახებ ინფორმირებულია და იცის, რომ განსახილველ საკითხთა სიაში მთავარი თემა ISAF-ის მისია და მუქარის შემცველი ვიდეო-რგოლებია, რომლებიც ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა. იგი აქვე აკონკრეტებს, რომ ამ ეტაპზე ამ ორი საკითხიდან მისთვის არცერთია ისეთი საინტერესო, რომ ამ შეკრებაზე მივიდეს.
როგორც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, 2013 წლის 11 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. გასაჯაროებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დავაზუსტეთ, რომ სხდომაზე ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ქართულ შენაერთებზე განხორციელებული თავდასხმისა და ქართველი სამხედროებისა და საქართველოს მოქალაქეების მიმართ მუქარის შემცველი ვიდეო-რგოლების გავრცელებასა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები განიხილებოდა.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო შექმნილია საქართველოს კონსტიტუციის 99-ე მუხლის საფუძველზე და ის ქვეყნის სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის, ეროვნული უშიშროების სტაბილურობისა და მართლწესრიგის, ასევე უსაფრთხოების საკითხებზე უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს.
კონსტიტუციის თანახმად ეროვნული უშიშროების საბჭოს საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, ხოლო მის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე, ეროვნული უშიშრების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი წარმართავს. საბჭოს მუდმივი წევრები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებში ასევე მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად სხვა პირებსაც იწვევენ.
2013 წლის 11 ივნისს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას მინისტრთა კაბინეტიდან ესწრებოდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი იალასანია. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილი აღნიშნულ სხდომას არ დასწრებია.
დასკვნა
როგორც უკვე ვთქვით, 11 ივნისს გამართულ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე მსჯელობის მთავარი საგანი საქართველოს სამხედრო დანაყოფების მონაწილეობა ISAF-ის მისიაში და ქართველი სამხედროებისა და საქართველოს მოქალექეების მისამართით ინტერნეტის მეშვეობით გავრცელებული მუქარის შემცველი ვიდეო-რგოლები იყო. სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, იმ მიზეზით, რომ განსახილველი საკითხებიდან მისთვის საინტერესო არცერთი იყო, არ ესწრებოდა.
შესაბამისად შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ დეპუტატ გიორგი გაბაშვილის განცხადება : „ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, რომ ის არ დაესწრება ეროვნული უშიშროების საბჭოს, იმიტომ, რომ ვერ ხედავს, მისთვის საინტერესო საკითხებს საკითხთა ჩამონათვალში’’, არის სიმართლე.
„ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან მოვისმინეთ, რომ ის არ დაესწრება ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას, იმ მიზეზით, რომ ვერ ხედავს მისთვის საინტერესოს საკითხთა ჩამონათვალში’’
25/06/2013
Правда
заявление точное и ажные детали в нем не отсутствуют
Персоны
-
Дезинформация: ВЭФ заявил, что пандемия...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Японские ученые утверждаю...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Спортсменка внезапно умер...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные