საპარლამენტო სესიაზე, დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოს მიერ ჰააგის სასამართლოში (რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ) შეტანილ სარჩელზე ისაუბრა: „მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ჩვენ გვითხრა, რომ ვიდრე სასამართლო ამ საკითხზე გააგრძელებს მსჯელობას, აუცილებელია ორმხრივი მოლაპარაკებები რუსეთთან, ეთნიკური წმენდის აღმოფხვრის საკითხებზე. თუმცა, 2012 წლიდან ერთი ნოტაც კი არ არის გაგზავნილი შვეიცარიელების შუამავლობით რუსეთთან, იმისათვის, რომ როდესაც მოხდება სასამართლოს მიერ ამ საკითხის ხელახლა განხილვა, მან მიიჩნიოს, რომ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი მათი რეკომენდაციის შესასრულებლად. ასეთი უმოქმედობა, ბუნებრივია, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს“.
ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის არმიამ (როკის გვირაბის გავლით) გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და განახორციელა წინასწარ დაგეგმილი, სრულმასშტაბიანი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო აგრესია მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. რუსეთის ინტერვენციის შედეგად დაიღუპა 410 მოქალაქე. აქედან, 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი და 169 სამხედრო პირი (5 სამხედრო უგზოუკვლოდ დაიკარგა, თუმცა მათ კანონით, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ცხედარი და ვერც რაიმე მინიშნება მათი სიცოცხლის შესახებ, გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ) და დაშავდა 1 700-ზე მეტი ადამიანი. დაახლოებით 130 000 მოქალაქე იძულებით იქნა გადაადგილებული, მათ შორის, უმეტესობა გამოექცა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონის ქართულ სოფლებში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას ქართველების მიმართ.
2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სარჩელი რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე 1993-2008 წლებში ჩადენილ ეთნიკური წმენდის ფაქტებს ეხება. სარჩელის საფუძველს წარმოადგენდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1965 წლის კონვენცია - რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ (CERD). სარჩელში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი კონტროლის ქვეშ არსებული სეპარატისტული რეჟიმები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, პასუხისმგებელნი არიან CERD-ის II, III, IV, V და VI მუხლების სერიოზულ დარღვევაზე.
იმ დრომდე, ვიდრე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო საქმის არსებით განხილვას შეუდგებოდა (2009 წლის დეკემბერში), რუსეთის ფედერაციამ ჰააგაში შეიტანა შუამდგომლობა, რომლის ძირითადი მიზანი იყო დაემტკიცებინა, რომ მართლსაჯულების სასამართლოს იურისდიქციაში არ შედიოდა საქართველოს სარჩელის განხილვა და ამისთვის მან ორი ძირითადი არგუმენტი მოიყვანა:
- არ არსებობდა დავა თბილისსა და მოსკოვს შორის, რუსეთი არ წარმოადგენს საქმეში მხარეს და თბილისს ეს საკითხი ოფიციალურად არასდროს დაუყენებია პირდაპირ მოსკოვის წინაშე;
- CERD-ის 22-ე მუხლი განსაზღვრავს სპეციალურ პროცედურებს, რომლის თანახმადაც, ჰააგის სასამართლოში სარჩელის შეტანამდე საქართველოს აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები უშუალოდ მოსკოვთან უნდა ეწარმოებინა.