საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "EBRD-ისთვის 2016 წელი, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების კუთხით, სარეკორდო იყო - ისტორიულად, ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საქართველოში, რომლის გაზრდა წელსაც იგეგმება. მათი მოლოდინები ძალიან პოზიტიურია".
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - EBRD" 1991 წლიდან არსებობს. ბანკი აქტიურად საქმიანობს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, აფინანსებს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში განსახორციელებელ პროექტებს და ხელს უწყობს სახელმწიფოთა მდგრად ეკონომიკურ თუ დემოკრატიულ განვითარებას.
2016 წლის დეკემბერში შემუშავებულ სტრატეგიულ დოკუმენტში EBRD საქართველოში საქმიანობის 4 ცენტრალურ საინვესტიციო მიმართულებას გამოყოფს:
- ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებულ სტანდარტებთან შესაბამისი ინოვაციური პროექტების დაფინანსება კერძო სექტორში;
- კომერციული ბანკების საფინანსო შუამავლობის ხელშემწყობი პროექტების დაფინანსება;
- რეგიონში საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის გამაძლიერებელი პროექტების დაფინანსება;
- საქართველოს ენერგო ეფექტიანობის ხელშემწყობი პროექტების დაფინანსება.