"ნაციონალური მოძრაობის" ბოლო 4 წლის მანძილზე ეკონომიკური ზრდა იყო საშუალოდ 4%, ასევე იყო "ქართული ოცნების" პერიოდშიც
12 ივლისს, "რუსთავი 2"-ის ეთერში, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა დავით ონოფრიშვილმა განაცხადა,

 რომ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის ბოლო ოთხი წლის მანძილზე საშუალო ეკონომიკური ზრდა 4% იყო. ასევე, "ქართული ოცნების" მმართველობის ოთხ წელიწადშიც ეს მაჩვენებელი 4%-ს შეადგენდა.

ფაქტ-მეტრმა დავით ონოფრიშვილის განცხადება გადაამოწმა.

"

ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის ბოლო ოთხი წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების სანახავად 2009-2012 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მონაცემებს უნდა გავეცნოთ. "ქართული ოცნება" კი, ხელისუფლებაში ჯერ ოთხი სრული წლის მანძილზე არ ყოფილა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსაც ჯერ მხოლოდ 2016 წლის პირველი კვარტლის დაუზუსტებელი მონაცემები აქვს გამოქვეყნებული. 2009-2015 წლებში მშპ-ის ზრდის ტემპი ასე გამოიყურებოდა:

ცხრილი 1:

 მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა საქართველოში (2009-2015 წლები)

წელი მშპ-ის ზრდა
2009 -3.7
2010 6.2
2011 7.2
2012 6.4
2013 3.4
2014 4.6
2015 2.8
წყარო: საქსტატი

2009

წლიდან 2012 წლის ჩათვლით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ ყოველწლიურად 4%-ით იზრდებოდა. ამ ოთხი წლის პერიოდში ცალკე გამოსაყოფია 2009 წლის მონაცემი, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტის 3.7%-ით კლება დაფიქსირდა, რაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომით იყო გამოწვეული. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2009 წელს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტი საშუალოდ 4.3%-ით შემცირდა. ეკონომიკის შემცირების მხრივ განსაკუთრებით სომხეთი (14%-იანი შემცირებით) და რუსეთი (7.8%-იანი კლებით) გამოირჩნენ. მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მშპ-ის შემცირება გამოიწვია ისეთ ქვეყნებშიც, როგორებიცაა აშშ - 2.8%-ით, გერმანია - 5.6%, საფრანგეთი - 2.9%, დიდი ბრიტანეთი - 4.2% და ა.შ. აქედან გამომდინარე, გაუმართლებელია 2009 წლის მაჩვენებლის გათვალისწინება, როდესაც წინა ხელისუფლების მიერ მიღწეულ ეკონომიკური ზრდის ტემპზე ვსაუბრობთ. 2010-2012 წლებში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 6.6% იყო, რაც 3 პროცენტული პუნქტით მეტია "ქართული ოცნების" მმართველობის დროს (2013-2015 წლები) დაფიქსირებულ ანალოგიურ მაჩვენებელზე (3.6%).

დავით ონოფრიშვილის მიერ 2009 წლის მსოფლიო კრიზისის უგულვებელყოფა კიდევ უფრო გაუმართლებელია იმ ფონზე, როცა 2 წლის წინ, კოალიცია "ქართულ ოცნებაში" ყოფნის დროს, ის 2013 წლის ეკონომიკური ზრდის დაბალ ტემპს რეგიონის ქვეყნებში შემცირებული ეკონომიკური ზრდის ტემპით ხსნიდა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ 2013-2014 წლებში პარტია "თავისუფალი დემოკრატები" "ქართული ოცნების" საარჩევნო ბლოკში იყო. თავად ონოფრიშვილი კი, კოალიცია "ქართული ოცნების" 2012 წლის საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილის ერთ-ერთი ავტორია, ხოლო 2013-2014 წლებში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

დასკვნა

საქსტატს 2016 წლის ეკონომიკური ზრდის მხოლოდ პირველი კვარტლის დაუზუსტებელი მონაცემები აქვს გამოქვეყნებული და გაუგებარია, დავით ონოფრიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ოთხწლიან ეკონომიკურ ზრდას "ქართული ოცნების" ანალოგიურ მონაცემს როგორ ადარებს. ასევე, დავით ონოფრიშვილი 2009 წლის მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს არ განიხილავს, რაც არსწორია, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2009 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოში, ასევე მეზობელ ქვეყნებსა და დიდი ეკონომიკის მქონე სხვა ქვეყნებშიც შემცირდა. ამ შემთხვევაში, უფრო სამართლიანი იქნებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ბოლო სამი წლისა და "ქართული ოცნების" სამი წლის შედარება, რადგან ასეთი მოცემულობით მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგები არ იქნებოდა გათვალისწინებული. ამასთან, "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში სტატისტიკა მხოლოდ სამი წლის მონაცემების შესახებ არსებობს.

ამ განცხადებიდან ჩანს ისიც, რომ დავით ონოფრიშვილი პასუხისმგებლობას იხსნის 2013-2014 წლებზე, იმის მიუხედავად, რომ იგი კოალიცია "ქართული ოცნების" ეკონომიკური პროგრამის ერთ-ერთი ავტორია და 2013-2014 წლებში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

შესაბამისად, დავით ონოფრიშვილის განცხადება არის რიცხვებით მანიპულირება.