რუსთავი 2-ში სტუმრობისას, თბილისის საკრებულოს წევრმა (ფრაქცია - "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო"), თამარ ცინცაბაძემ მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრზე ისაუბრა. მან საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელს, რიმა ბერიძეს კითხვით მიმართა: "ქალბატონო რიმა, თქვენ ალბათ გემახსოვრებათ, მაშინ, როდესაც ამ ცენტრის დაფუძნებაზე იყო საუბარი, მერიამ ყველას გვითხრა, რომ ცენტრი თანხებს მთლიანად მოიძიებდა და ის ბიუჯეტიდან არცერთ თეთრს არ მიიღებდა. რა მივიღეთ? 2.5 მილიონი მიდის ცენტრის დაფინანსებაზე, აქედან მილიონი კი სტრუქტურის შენახვაზე იხარჯება".
ფაქტ-მეტრი თამარ ცინცაბაძის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის შექმნის იდეა დავით ნარმანიამ 2015 წლის თებერვალში გააჟღერა. მერმა იქვე განმარტა, რომ ცენტრს ალექსანდრე მარგიშვილი უხელმძღვანელებდა. დავით ნარმანიას თქმით, ცენტრი ინვესტორების საქმიანობას წაახალისებდა. ამასთან, მათ კაპიტალდაბანდებების განხორციელებაში, ასევე სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარებოდა. მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი 2015 წლის 9 მარტს დაფუძნდა და მისი ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით განისაზღვრა. მოგვიანებით, ცენტრის ბიუჯეტი 1.4 მილიონ ლარამდე შემცირდა. 2016 წლის თბილისის ბიუჯეტის მიხედვით, მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის ბიუჯეტი 3 მილიონ ლარამდე გაიზარდა. აქედან, 958 ათასი ლარი შრომის ანაზღაურების პუნქტშია გაწერილი (კოდი 04.13, გვ. 81).
მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მუხლის ფარგლებში ფინანსდება. 2016 წლისათვის აღნიშნული მუხლისთვის ბიუჯეტში 11.8 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამავე მუხლში ერთიანდება მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაც, რომლისთვისაც 2016 წლის ბიუჯეტით 707 ათასი ლარია გათვალისწინებული (კოდი 04.01, გვ. 80). თბილისის ბიუჯეტში განმარტებულია, რომ პროგრამის მიზანია ბიზნესისა და მეწარმეობის ეფექტიანად წარმართვისათვის ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბება. ამასთან, პროგრამა სუბიექტების კვალიფიკაცია/კომპეტენციის ამაღლებას და ინტელექტუალურ მხარდაჭერას ემსახურება. პროგრამის ამოცანაა გამოავლინოს კონკურენტუნარიანი სამეწარმეო დარგები და ხელი შეუწყოს ამ დარგებისთვის საჭირო ადამიანური რესურსების განვითარებას.
აქვე აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურიც, რომელიც წლებია ფუნქციონირებს. თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე განმარტებულია, რომ ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულია, რომელიც ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის, ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას უზრუნველყოფს. ამასთან, მისი დანიშნულება თბილისის ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, ინვესტიციების ხელშეწყობა და ინვესტორთა მხარდაჭერაა.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მუხლი ცამეტ სხვადასხვა პროგრამას მოიცავს. მათგან ხუთს სწორედ ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური ახორციელებს. ესენია: მეწარმეობის მხარდაჭერა, თბილისის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, თბილისი საერთაშორისო ქსელებსა და პროექტებში, თბილისი - ტურისტულად მიმზიდველი ქალაქი და ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის რეალიზება. აღნიშნული პროგრამების საერთო ბიუჯეტი 3 150 000 ლარს შეადგენს. ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ადმინისტრაციული ხარჯი კი 893 500 ლარს შეადგენს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სევდია უგრეხელიძის განცხადებით, ცენტრის შექმნა არავითარ შემხებლობაში არ მოდიოდა ქამრების შემოჭერის პოლიტიკასთან და ის იყო ზედმეტი ხარჯი და ზედმეტი ბიუროკრატია. საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, "ერთი დიდი 2 მილიონიანი გაუგებრობაა ეს კაცი [მარგიშვილი]. წლევანდელ ბიუჯეტში 2.5 მილიონი არაფრის კეთებაში, მისი რაღაცა მეწარმეობის ხელშეწყობის ყოვლად გაუგებარი ცენტრი 2.5 მილიონით უნდა დავაფინანსოთ".
გასული წლის 30 ნოემბერს მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა "შემომყვანი ტურიზმის დარგის განვითარების" პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პროგრამის ფარგლებში მოხდება როგორც კომერციული ინსტრუმენტების, ისე მატერიალურ-ტექნიკური, ინტელექტუალური ან/და მომიჯნავე სფეროების მხარდაჭერა. მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ბერეკაშვილმა ფაქტ-მეტრთან საუბარში განმარტა, რომ ეს უკვე რიგით მესამე პროგრამაა, რომელიც ცენტრმა შეიმუშავა. პირველი, ეს გახლავთ ხალხური რეწვის კომპლექსური განვითარების, მეორე კი, სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი დარგის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა.
ირაკლი ბერეკაშვილის განცხადებით, მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება თავიდანვე იყო მიღებული. მისივე თქმით, ოპონენტების განცხადება, თითქოს მერიის მხრიდან დაპირება იყო, რომ ცენტრი დედაქალაქის ბიუჯეტიდან არ დაფინანსდებოდა, არასწორია.
ჩვენ თამარ ცინცაბაძეს დავუკავშირდით და ინფორმაციის დაზუსტება ვთხოვეთ. მისი თქმით, თავიდან, როდესაც მერიამ ცენტრის ჩამოყალიბების იდეა გააჟღერა, ითქვა, რომ ის ბიუჯეტიდან არ დაფინანსდებოდა და თანხებს თავად მოიძიებდა. მისი დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ კი, მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ცენტრი დასამტკიცებლად საკრებულოს ოფიციალურად წარედგინა. თამარ ცინცაბაძის განმარტებით, თავად საკრებულოს უმრავლესობაც ცენტრის შექმნის იდეას იმ პირობით უჭერდა მხარს, თუ ის საბიუჯეტო დაფინანსებას არ მიიღებდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, უმრავლესობამ აღნიშნულ ინიციატივას მხარი მაინც დაუჭირა.
თამარ ცინცაბაძის ნათქვამი ჩვენთან საუბარში საკრებულოს წევრმა, ირაკლი აბესაძემაც დაადასტურა. საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებმა კი კომენტარისაგან თავი შეიკავეს. საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს, რომ კომენტარისთვის მერიისთვის მიგვემართა.
2 დეკემბერს, თბილისის მერიას კითხვებით მივმართეთ და ვთხოვეთ განემარტათ, თუ რატომ გახდა საჭირო მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის ჩამოყალიბება, მაშინ როდესაც უკვე არსებობს მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა, რომელსაც ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური ახორციელებს და რატომ ვერ მოხერხდა ახალი სამსახურისთვის გაწერილი უფლება-მოვალეობების უკვე არსებული პროგრამების ფარგლებში გადანაწილება. ამასთან, ვთხოვეთ განემარტათ, თუ რატომ მიიღო თბილისის მერიამ ცენტრის ბიუჯეტიდან დაფინანსების გადაწყვეტილება, თუკი პირველადი დაპირება აღნიშნულს არ ითვალისწინებდა.
თბილისის მერიამ ჩვენ მიერ დასმულ კითხვებს არ უპასუხა და ისინი მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრს გადაუგზავნა. შესაბამისად, პასუხებიც სწორედ მათგან მივიღეთ. მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის განმარტებით, მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას თბილისის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური ახორციელებს. ის განსაზღვრავს პოლიტიკას მუნიციპალური, ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებების თვალსაზრისით, ახორციელებს დარგობრივ ეკონომიკურ კვლევებს და მაღალი პოტენციალის მქონე დარგების იდენტიფიცირებას. ამასთან, ახდენს მოქალაქეებისა და მეწარმე სუბიექტებისათვის სხვადასხვა მუნიციპალური სერვისების მიწოდებას. ამისათვის კი, საჭიროა, შესაბამისი პროექტებისა და პროგრამების შემუშავება/განხორციელება. თბილისის მთავრობამ მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებაც სწორედ ამ მიზნით მიიღო.
მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის განმარტებით, მათი მხრიდან არასდროს ყოფილა გაცხადებული, თითქოს ცენტრი დაფინანსებას დედაქალაქის ბიუჯეტიდან არ მიიღებდა.
აქვე აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 4 მარტს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელმა, ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რომ თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრს დაფინანსების რამდენიმე წყარო ექნებოდა: დედაქალაქის ბიუჯეტი, გრანტები და შემოწირულობები. თუმცა, დედაქალაქის ბიუჯეტიდან ჩანს, რომ ცენტრი მხოლოდ საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსდა და მას შემოწირულობებისა და გრანტების სახით 2015 წელს რაიმე სახის დაფინანსება არ მიუღია. გრანტებისა და შემოწირულობების პუნქტს არ მოიცავს არც 2016 წლის ბიუჯეტი.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის ოფიციალური ვებგვერდი ამ დრომდე არ მოქმედებს. მაშინ, როდესაც ვებდეველოპერების განცხადებით, საიტის ასამუშავებლად საშუალოდ 2 თვიანი ვადა საკმარისია. რაც შეეხება, ცენტრის მიერ შემუშავებულ პროგრამებს, მათი ნახვა www.matsne.gov.ge -ზეა შესაძლებელი.
მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა მის მიერ განხორციელებული პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ჯამში 4 ტენდერი გამოაცხდა. ესენია:
- სატრენინგო მომსახურება 100 პერსონაზე (პროფესიული მომზადება ჯანმრთელობის დაცვისა და პირველადი დახმარების სფეროში), ჯამში 40 000 ლარის ღირებულების;
- სატრენინგო მომსახურება - პროფესიული მომზადება ჯანმრთელობის დაცვისა და პირველადი დახმარების სფეროში, 50 000 ლარის ღირებულების;
- ბიზნესთან და მენეჯმენტთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები - 120 000 ლარის ღირებულების;
- ბიზნესთან და მენეჯმენტთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები, ჯამში 75 000 ლარის ღირებულების.