მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის კანცელარიაში იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც უცხოეთში განათლების მისაღებად პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი ცენტრის დაფინანსებით იმყოფებოდნენ. კურსდამთავრებულებთან საუბრისას, პრემიერმა განაცხადა: "განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2 წლის განმავლობაში 200-ზე მეტი ქართველი სტუდენტის საზღვარგარეთ სწავლა დააფინანსა". ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად გაიზარდოს. ამასთან, სახელმწიფომ კურსდამთავრებულების სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმების ვალდებულება იკისრა.
ფაქტ-მეტრი პრემიერ-მინისტრის განცხადებით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.
განათლების საერთაშორისო ცენტრის შესახებ ფაქტ-მეტრი უკვე წერდა (იხ. ბმულები: სტატია 1, სტატია 2). განათლების საერთაშორისო ცენტრი პრემიერის ინიციატივით 2014 წლის 15 მაისს დაარსდა. ცენტრი განათლების სამინისტროს სამაგისტრო პროგრამის - "ცოდნის კარის" ბაზაზე შეიქმნა. ცენტრის მიზანი სახელმწიფოს პრიორიტეტების გათვალისწინებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის უცხოური განათლების მიღების ხელშეწყობაა.
განათლების საერთაშორისო ცენტრი სამ პროგრამას ახორციელებს. ესენია:
- სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა;
- სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების ქვეპროგრამა;
- აკადემიური პერსონალის, მკვლევარებისა და პრაქტიკოსების საქართველოში მოწვევის ქვეპროგრამა.