თბილისის მერიაში შტატები გაბერილი არ არის, იმდენი ადამიანია დასაქმებული, რამდენიც საჭიროა
გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" სტუმრობისას, თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, გადაცემის წამყვანის კითხვაზე, თუ რამ განაპირობა თბილისის მერიაში თანამშრომლების საშტატო ერთეულის რაოდენობის ზრდა, კითხვითვე უპასუხა: "რამდენი ადამიანით შემცირდა თბილისის მერიის შემადგენლობა, როდესაც ის სამეთვალყურეო საბჭოები გავაუქმეთ, რომელიც თავის დროზე, 2013 წელს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა და სადაც ყოფილი პარლამენტარები, მათი ბიძაშვილები და ა.შ. იყვნენ დასაქმებულები"? დავით ნარმანიამ მერიაში თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა არ უარყო და იქვე განმარტა, რომ მერიაში იმდენი ადამიანია დასაქმებული, რამდენსაც ის საჭიროდ მიიჩნევს. მისივე თქმით, თუ ვინმე ჩაატარებს ანალიზს და გამოავლენს, რომ ვინმე არაჯეროვნად მუშაობს, ან მერიაში იმაზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ვიდრე საჭიროა, ის მზად არის, რომ არგუმენტირებული მოსაზრებები გაიზიაროს. ფაქტ-მეტრმა თბილისის მერიაში დასაქმებულთა შესახებ ინფორმაცია გადაამოწმა. ინფორმაციის გადასამოწმებლად, ჩვენ მერიას ოფიციალური წერილით მივმართეთ. უწყებიდან მიღებული პასუხის თანახმად, თბილისის მერიის ადმინისტრაციაში, გამგეობებში და საქალაქო სამსახურებში დასაქმებულთა რაოდენობა და სახელფასო ფონდის ჯამური მაჩვენებლები 2010-2015 წლების მიხედვით ასეთია:  
2010 წლის ფაქტი 2011 წლის ფაქტი 2012 წლის ფაქტი 2013 წლის ფაქტი 2014 წლის ფაქტი 2015 წლის გეგმა
სულ საშტატო ერთეული 1 464 1 347 1 831 1 980 2 031 2 229
სულ სახელფასო ფონდი 26 681 6000 23 875 400 28 557 400 47 425 500 54 608 700 47 782 100
  როგორც ცხრილიდან ჩანს, 2013 წელთან შედარებით, თბილისის მერიის (მერიის ადმინისტრაცია, გამგეობები, საქალაქო სამსახურები) თანამშრომელთა საშტატო ერთეულის რაოდენობა 2013 წლის მონაცემებს 249, 2014 წლის მონაცემებს კი - 198 თანამშრომლით აღემატება. აქვე მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მერიის 2015 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის თანახმად, რომელიც მერიაში შემავალი ყველა სტრუქტურული ერთეულის, ასევე სსიპ-ებისა და შპს-ების შესახებ ინფორმაციას აერთიანებს, თანამშრომელთა ჯამური რიცხოვნობა 3 718-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 2014 წელთან შედარებით 221-ით, 2013 წელთან შედარებით კი - 345 თანამშრომლით გაიზარდა. რაც შეეხება სამეთვალყურეო საბჭოებს, ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის მთავრობის 2012 წლის 23 ოქტომბრის (#28.30.1043) დადგენილებით, სამეთვალყურეო საბჭოები შეიქმნა შპს "ჰერმესში", შპს "თბილსერვის ჯგუფში", შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" და შპს "სინათლის ქალაქში". ამავე დადგენილებით, თითოეულ კომპანიაში სამეთვალყურეო საბჭოს წევრად ცხრა ფიზიკური პირი დაინიშნა. მათი დანიშვნა 2012 წლის 1 ნოემბრიდან, ერთი წლის ვადით მოხდა და შრომის ანაზღაურება (დარიცხული ხელფასი) 2 500 ლარით განისაზღვრა. თბილისის მთავრობის 2013 წლის 2 მაისს მიღებული დადგენილების თანახმად, თბილისის მთავრობის 2012 წლის 23 ოქტომბრის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა და სამეთვალყურეო საბჭოების წევრების რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. 2014 წლის 1 იანვრიდან შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრები (13 წევრი), შპს "ჰერმესის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრები (13 წევრი), შპს "თბილსერვის ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრები (12 წევრი) და შპს "სინათლის ქალაქის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრები (13 წევრი) თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. ამასთან, კომპანიების წესდებიდან ამოღებულ იქნა მუხლი სამეთვალყურეო საბჭოების არსებობის შესახებ. ჯამში, სამეთვალყურეო საბჭოების გაუქმების შედეგად, თბილისის მერიაში მომუშავეთა რიცხვი  51 თანამშრომლით შემცირდა.   დასკვნა თბილისის მერიის თანამშრომელთა ჯამური მაჩვენებლების მიხედვით, მერიაში დასაქმებულთა რაოდენობა 3 718-ს შეადგენს. აღნიშნული მონაცემი წინა წელთან შედარებით 221-ით, 2013 წელთან შედარებით კი - 345 თანამშრომლითაა გაზრდილი. მართალია, მერიის შემადგენლობაში კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოების გაუქმების ხარჯზე თანამშრომელთა რაოდენობა 51-ით შემცირდა, თუმცა აღნიშნულს მერიის თანამშრომელთა ჯამური რაოდენობის შემცირების კუთხით გავლენა არ ჰქონია. ფაქტ-მეტრი იმის განხილვაში არ შევა, საჭირო იყო თუ არა თანამშრომელთა რიცხვის დამატება თბილისის მერიაში და რამდენად ჯეროვნად მუშაობენ ისინი. ფაქტი ისაა, რომ სამეთვალყურეო საბჭოების გაუქმების ხარჯზე შემცირებული თანამშრომლების (როგორც დავით ნარმანია ამბობს - "ყოფილ პარლამენტართა, მათი ბიძაშვილების და ასე შემდეგ") რიცხვი ორმოცდათერთმეტია, ხოლო 2013 წლის შემდეგ მერიაში "საჭირო" თანამშრომლების რიცხვის ზრდამ 345 შეადგინა. ამჯერად, ფაქტ-მეტრი მხოლოდ სტატისტიკით შემოიფარგლა და თბილისის მერის განცხადება ვერდიქტის გარეშე დატოვა.