პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა: "ამნისტია არ შეხებია არცერთ ძალადობრივ დანაშაულს. ამნისტიაში არ იყო არცერთი მუხლი, რომელიც იყო მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული არცერთი დანაშაულის ჩამდენის მიმართ. ამნისტიით გათავისუფლდნენ მხოლოდ ნაკლებად მძიმე და ეკონომიკური დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირები და ნარკოტიკების მომხმარებლები".
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ეკა ბესელია 2012 წლიდან, კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამნისტიის შესახებ მიღებულ კანონებზე საუბრობდა. ამ პერიოდში, პარლამენტმა ამნისტიის შესახებ სამი კანონი მიიღო.
უკანასკნელი კანონი (N 1863) ამნისტიის შესახებ, პარლამენტმა 2013 წლის 25 დეკემბერს მიიღო. აღნიშნული კანონით, ამნისტია გავრცელდა პირებზე, რომლებმაც ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით, 362-ე მუხლით ან/და 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ეს დანაშაულები ითვალისწინებს ყალბი დოკუმენტის დამზადებას, შეძენას, გასაღებას ან გამოყენების მიზნით შენახვას, ასევე ოფიციალური დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას, გადამალვას, განადგურებას და დაზიანებას. შესაბამისად, 2013 წლის 25 დეკემბრის ამნისტია ძალადობრივ დანაშაულებს არ შეხებია.
რაც შეეხება 2013 წლის 29 ივლისის კანონს (N 894) ამნისტიის შესახებ, იგი შეეხო სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 158-ე და 159-ე მუხლებს. აღნიშნული ნორმები პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას არეგულირებს. კერძოდ, ამნისტია შეეხო იმ პირებს, რომლებმაც კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში საგამოძიებო ორგანოს ნებაყოფლობით ჩააბარეს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერი, ტექნიკური საშუალებით მოპოვებულ ინფორმაცია, კომპიუტერული მონაცემი, პირადი მიმოწერის ამსახველი მასალა, საფოსტო გზავნილი, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ჩანაწერი და ა.შ. შესაბამისად, ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენ პირებს არც 29 ივლისის კანონი ამნისტიის შესახებ შეხებიათ.
კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ყველაზე მასშტაბური ამნისტია 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ კანონის (N 202) საფუძველზე განხორციელდა. როგორც თავად ეკა ბესელია აღნიშნავდა, ამნისტიის შედეგად პატიმართა დაახლოებით 60% გათავისუფლდა და ის უპრეცედენტო იყო მისი მასშტაბებით. ამნისტია შეეხო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ნაკლებად მძიმე დანაშაულებს, გარდა იმავე კოდექსით გათვალისწინებული რიგი დანაშაულებისა, რომელთა შორისაა:
- ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა;
- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება;
- დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ;
- დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ;
- არასრულწლოვნის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში;
- ბავშვის შეცვლა;
- პროსტიტუციაში ჩაბმა;
- დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ;
- სამოხელეო დანაშაული;
- სამართალწარმოების განხორციელებისთვის ან გამოძიებისთვის ხელის შეშლა;
- სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია;
- დანაშაულის დაფარვა;
- დანაშაულის შეუტყობინებლობა;
- დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ;
- მოწოდება აგრესიული ომის გაჩაღებისაკენ.
- ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება;
- ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება;
- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დაზიანება დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით და ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში;
- ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;
- სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.