„თბილისის მერიამ დაიწყო იმ მიწის ნაკვეთების ელექტრონული აუქციონით გაყიდვა, რომლებიც ვაზისუბნის მცხოვრებლებს აქვთ სარგებლობაში“

2013 წლის 15 მაისს გამართულ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ალექსანდრე ქანთარიამ განაცხადა: "თბილისის მერიამ დაიწყო იმ ნაკვეთების ელექტრონული აუქციონით გაყიდვა, რომლებიც ვაზისუბნის  მცხოვრებლებს (ძირითადად II-III მ/რ) აქვთ სარგებლობაში. მათ უმრავლესობას არ გააჩნია მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაკვეთებით სარგებლობენ 20 და მეტი წლის განმავლობაში. ამ ნაკვეთებზე არ არის კაპიტალური შენობები.

მოსახლეობა მიწის ნაკვეთებს იყენებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, მათზე დარგულია ხეხილი და მოჰყავთ ბოსტნეული. მიწით მოსარგებლეთა უმრავლესობისთვის ეს ნაკვეთები არის შემოსავლის ძირითადი წყარო. "ნაციონალური მოძრაობა" ამ ხალხს იყენებდა წინასაარჩევნოდ  და მიწების დაკანონებას ჰპირდებოდა. ნაწილს დაუკანონდა კიდეც, მაგრამ დაკანონება მოხდა შერჩევით".

ფაქტ-მეტრმა განცხადებაში გაჟღერებული ინფორმაციის გადამოწმება გადაწყვიტა.

თავად ვაზისუბნის მოსახლეობა ადასტურებს, რომ თითქმის 20 და რიგ შემთხვევებში 20 წელზე მეტია (მაგალითად, 1986 წლიდან), რაც ვაზისუბნის მოსახლეობის ნაწილი დაუკანონებელი მიწის ნაკვეთებით მართლაც სარგებლობს. მიწის ნაწილების დაკავება მოსახლეობის ნაწილის მხრიდან თვითნებური გზით მოხდა. მათივე განმარტებით, მოსახლეობის მეორე ნაწილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან სიტყვიერი თანხმობა მიიღო. პედაგოგების შემთხვევაში ამგვარი დაპირება აღმასკომის მხრიდან გაიცა, ხოლო დევნილების შემთხვევაში - გამგეობის მხრიდან. მოსახლეობის უმრავლესობას მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია.

 

2007 წლის 11 ივლისს საქართველოს პარლამენტმა “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" კანონი მიიღო, რომელიც სახელმწიფოს მიერ აღნიშნულ მიწებზე საკუთრების აღიარების ძირითად პრინციპებსა და პირობებს ადგენს.

 

ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს გარკვეული საფასურის გადახდის სანაცვლოდ შეუძლიათ მოითხოვონ საკუთრების უფლების დაკანონება მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწებზე. ეს კანონი თითოეულ მათგანზე საკუთრების უფლების აღიარების სამართლებრივ რეჟიმს განსაზღვრავს.

 

აღნიშნულ კანონში 2007 წლის 28 დეკემბერს ცვლილებები შევიდა. ცვლილებები იმ მუხლებს შეეხო, რომლებიც თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების წესს და საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობას არეგულირებს.

 

ნაკვეთების ნაწილი ისეთ ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება (მაგალითად: პირუტყვის გადასარეკი ტრასა, წყლის ფონდი, დაცული ტერიტორია, რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ისტორიული, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები, საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთები და სხვა); ასეთი ნაკვეთების სამართლებრივად დაკანონება აკრძალულია (კანონის I თავი. მუხლი 3).

 

მოსახლეობის ნაწილის განცხადებით, შესაბამის ინსტანციაში ყველა საჭირო საბუთის წარდგენის საფუძველზე, კანონის სრული დაცვით და არა რომელიმე პარტიისადმი ლოიალური დამოკიდებულების გამო, მათ აღნიშნული მიწის ნაკვეთების დაკანონება შეძლეს. ასევე, მოსახლეობის დიდ ნაწილს კანონით დადგენილი თანხის გადახდა არ შეუძლია და ამიტომ მიწების დაკანონებას ვერ ახერხებს.

 

ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღევანდელი დღის მონაცემით ( 05.06.2013 ), ისნის რაიონში (ვაზისუბანი ისნის რაიონს ეკუთვნის) მდებარე 5 მიწის ნაკვეთზე ელექტრონული აუქციონი მიმდინარეობს.

 

ფაქტ-მეტრთან ინტერვიუს დროს, ისნის რაიონის ვაზისუბნის მუნიციპალიტეტის თავჯდომარემ, ზურაბ პინაიშვილმა დაადასტურა, რომ მიმდინარე აუქციონზე N 201, გამოტანილი ლოტი N12 (მიწის ნაკვეთი) სწორედ მოსახლეობის მიერ თვითნებურად დაკავებული ნაკვეთია.

 

მისახლეობასთან ინტერვიუს დროს რამდენიმე მოქალაქემ განაცხადა, რომ ელექტრონული აუქციონით მიწის გასხვისების შესახებ ინფორმაციას ფლობენ. თუმცა, ჩატარებული აუქციონის ნომრის და გაყიდული ლოტის საკადასტრო კოდის არცოდნის გამო, აღნიშნულ ფაქტს ვერ ადასტურებენ.

 

დასკვნა

 

ვაზისუბნის მოსახლეობის ნაწილი თვითნებურად სარგებლობს მიწის ნაკვეთებით, რომელთა დაკანონება ძირითადად თანხის არქონის გამო ვერ მოახერხა. აღნიშნული მიწის ნაკვეთებიდა ერთი ამჟამად ელექტრონულ აუქციონზე არის გატანილი. მოსახლეობის ნაწილმა კანონიერი გზით შეძლო მიწების დაკანონება. ჩვენთან საუბარში მათ განაცხადეს, რომ მიწების დაკანონება შერჩევითობისა და ნაციონალური მოძრაობისადმი ლოიალურობის გამო არ მომხდარა და ეს მათ კანონიერად გააკეთეს. თუმცა, ასევე აღვნიშნავთ, რომ FactChek-ს არც ამგვარი ფაქტების გამორიცხვა შეუძლია, ვინაიდან ჩვენ მოსახლეობის მხოლოდ ნაწილთან მოვახერხეთ გასაუბრება.

 

ჩვენ ვასკვნით, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალექსანდრე ქანთარიას განცხადება: „თბილისის მერიამ დაიწყო იმ მიწის ნაკვეთების ელექტრონული აუქციონით გაყიდვა, რომლებიც ვაზისუბნის მცხოვრებლებს (ძირითადად II-III მ/რ ) აქვთ სარგებლობაში. მათ უმრავლესობას არ გააჩნია მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი... "ნაციონალური მოძრაობა" ამ ხალხს იყენებდა წინასაარჩევნოდ  და მიწების დაკანონებას ჰპირდებოდა. ნაწილს დაუკანონდა კიდეც, მაგრამ დაკანონება მოხდა შერჩევით", არის ნახევრად სიმართლე.