მიმდინარე წლის 4 მარტს, ლარის გაუფასურების შედეგად შექმნილ ვითარებაზე საუბრისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა: "ცხადია, როცა ვალი დაფიქსირებულია დოლარებში და მისი გადაანგარიშება ხდება ლარში, დაფიქსირებული ვალის მოცულობა გაზრდილია".
ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა და საქართველოს სახელმწიფო ვალის ტენდენცია გააანალიზა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2015 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, სახელმწიფო საგარეო ვალმა 4 072 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის თებერვლის მაჩვენებელზე (4 194 მლნ აშშ დოლარი) ნაკლებია. საგარეო ვალის შემცირება მნიშვნელოვნად განაპირობა ეროვნული ბანკის საგარეო ვალის დაფარვამ. ბოლო ერთ წელიწადში ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის 75 მლნ დოლარის ვალი დაფარა. ამავდროულად, ლარში გადაანგარიშების შემთხვევაში ვნახავთ, რომ სახელმწიფო ვალი მოცემულ პერიოდში 1 480 მლნ ლარით, 7 338-დან 8 819 მლნ ლარამდე გაიზარდა.
გრაფიკი 1: საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი (მლრდ აშშ დოლარი)
ეს ცვლილება იმან განაპირობა, რომ საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის ნაწილი დოლარსა და ევროშია აღებული. საქართველოს სახელმწიფო ვალის სტატისტიკური ბიულეტენის თანახმად, 2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, სახელმწიფო საგარეო ვალის 48.5% SDR-შია (ნასესხობის სპეციალური უფლება) დენომინირებული. სესხის 29.8% დენომინირებულია აშშ დოლარში, 17.9% კი - ევროში. ნასესხობის სპეციალური უფლების გაცვლით კურსს საერთაშორისო ორგანიზაციები იყენებენ. ეს არის მსოფლიოს ოთხი ვალუტის (აშშ დოლარი, ევრო, იაპონური იენი და ბრიტანული ფუნტი სტერლინგი) შეწონილი კურსი.
გრაფიკი 2: სახელმწიფო საგარეო ვალის სტრუქტურა (%)
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წლის თებერვლის ბოლოს 1 აშშ დოლარი 1.75 ლარი, 1 ევრო კი 2.39 ლარი ღირდა. 2015 წლის თებერვლის ბოლოს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.17 ლარამდე, 1 ევროს ღირებულება კი 2.43 ლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ როდესაც ლარის კურსი უფასურდება, საგარეო ვალის მომსახურების ტვირთი იზრდება, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტს შემოსავლები ლარებში, ვალები კი უცხოურ ვალუტაში აქვს. შესაბამისად, ვალის დასაფარად სახელმწიფოს უცხოური ვალუტის შესყიდვა უხდება.
სახელმწიფო ვალის ტვირთის ინდიკატორად მის ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) თანაფარდობას თვლიან. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2003 წლიდან სახელმწიფო ვალის მშპ-თან თანაფარდობის კოეფიციენტები მნიშვნელოვნად შემცირდა. 2008-2010 წლებში, გლობალური ფინანსური კრიზისისა და საქართველო-რუსეთის ომის ფონზე კოეფიციენტები გაიზარდა, 2011 წლიდან კი, ვალის კოეფიციენტის კლების ტენდენცია გაგრძელდა. 2014 წლის მონაცემები ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის, თუმცა 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ნომინალური მშპ-ის საპროგნოზო მაჩვენებელი 29.3 მილიარდი ლარი უნდა ყოფილიყო. 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სახელწიფო საგარეო ვალი 7.8 მლრდ ლარს შეადგენდა. ამდენად, 2014 წლის ბოლოსთვის სახელმწიფო საგარეო ვალი მშპ-ის 26.7% იყო.
გრაფიკი 3: მთლიანი და საგარეო სახელმწიფო ვალის შეფარდება მშპ-თან
საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობაზე ლარის კურსის გავლენის შესახებ ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.
დასკვნა
საქართველოს სახელმწიფო ვალის 74% საგარეო ვალია, ამიტომ ლარის კურსის გაუფასურება ვალის მოცულობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
2015 წლის 28 თებერვლისთვის სახელმწიფო საგარეო ვალი 4 072 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელზე (4 194 მლნ აშშ დოლარი) ნაკლებია. ამავე დროს, მოცემულ პერიოდში, ლარზე გადაანგარიშების შემთხვევაში, სახელმწიფო საგარეო ვალი 1 481 მლნ ლარითაა გაზრდილი (7 338-დან 8 819 მლნ ლარამდე). შესაბამისად, ვალის მომსახურების ტვირთი გაიზარდა, რაც 2015 წლის შეცვლილ ბიუჯეტშიც უნდა აისახოს. 2015 წელს საგარეო ვალის მომსახურება (ძირ თანხას დამატებული პროცენტი) ლარის კურსის გაუფასურების გამო დაახლოებით 140 მილიონი ლარით გაიზრდება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ხადურის განცხადება: "როცა ვალი დაფიქსირებულია დოლარებში და მისი გადაანგარიშება ხდება ლარში, დაფიქსირებული ვალის მოცულობა გაზრდილია", არის სიმართლე.
ქვეყნის ვალის მოცულობა გაზრდილია
20/03/2015
Правда
заявление точное и ажные детали в нем не отсутствуют
Персоны
-
Дезинформация: ВЭФ заявил, что пандемия...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Японские ученые утверждаю...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Спортсменка внезапно умер...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные