„დღეს ახალი სამუშაო ადგილები კი არ იქმნება, არამედ რაც არის ისიც იკარგება და დღეს მოსახლეობას პრობლემებს შეჩერებული ეკონომიკა უქმნის"

2014 წლის 8 მაისს, „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, ამ პარტიის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა: „დღეს ახალი სამუშაო ადგილები კი არ იქმნება, არამედ მთავრობის უნიათობის გამო რაც არის, ისიც იკარგება. დღეს მოსახლეობას პრობლემებს განუვითარებელი ინფრასტრუქტურა და შეჩერებული ეკონომიკა უქმნის. მთავრობა უნიათოა. თბილისი უნდა ავამუშაოთ, სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ და ამისთვის ჩვენ კონკრეტული გეგმა გვაქვს’’.

 

ფაქტ-მეტრი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობით დაინტერესდა და მერობის კანდიდატის განცხადება გადაამოწმა.

 

საქსტატის მიხედვით, 2014 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ბიზნეს სექტორში 495,713 ადამიანია დასაქმებული, მაშინ როდესაც წინა, 2013 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ 485,745–ი შეადგინა. შესაბამისად, 2014 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 10,000-ით ანუ 2%–ით გაიზარდა. ეს ინფორმაცია სამუშაო ადგილების დაკარგვასთან დაკავშირებით ნიკა მელიას განცხადებას ეწინააღმდეგება.

 

რაც შეეხება ქვეყნის ეკონომიკის შეჩერების შესახებ განცხადებას, საქსტატის მონაცემებით, მართალია 2013 წელს ეკონომიკის 3.2%-იანი რეალური ზრდა იყო, თუმცა 2014 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის 7.4%-იანი რეალური ზრდა დაფიქსირდა, რაც ეკონომიკის ზრდაზე მიუთითებს. 2014 წლის პირველი კვარტლის ექსპორტის მაჩვენებელი 23.1%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი კი 16%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს. შესაბამისად, 2014 წლის პირველ კვარტალში საზღვარგარეთ გასული ქართული პროდუქციის რაოდენობა იმპორტირებული პროდუქციისა მოცულობაზე მეტად გაიზარდა. გაზრდილია აგრეთვე დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვაც: იანვარში 16.1%-ით, თებერვალში 12.4%-ით, ხოლო მარტში კი 19.6%-ით.

 

გრაფიკი 1: პირველი კვარტლის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებლები დინამიკაში

 

image001

 

ბიზნეს სექტორის გამოცოცხლება აგრეთვე ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებსაც დაეტყო. როგორც გრაფიკი 1-დან ჩანს, 2014 წლის პირველ კვარტალში საგადასახადო შემოსავლებმა 1,639.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა, 2013 წლის მაჩვენებელზე 5.5%-ით მეტია. 2010 წლიდან დღემდე საგადასახადო შემოსავლები ზრდის ტენდენციით ხასიათდება, გამონაკლისი მხოლოდ 2012 წელია (საპარლამენტო არჩევნების პერიოდი), მცირედი ჩავარდნით.

 

რაც შეეხება უმუშევრობას, საქსტატი მხოლოდ წლიური უმუშევრობის მაჩვენებელს აქვეყნებს. 2013 წლის წლიური უმუშევრობის მაჩვენებელი  2014 წლის 27 მაისს გამოქვეყნდა, ანუ მერობის კანდიდატის მიერ განცხადების გაკეთებიდან 19 დღის შემდეგ. რაც შეეხება 2014 წლის უმუშევრობის მაჩვენებელს ის 2015 წელს იქნება ცნობილი.

 

გრაფიკი 2:  უმუშევრობის დონის და მშპ-ს რეალური ზრდის მაჩვენებლები

 

image002

 

საქსტატის მონაცემების თანახმად, 2013 წელს უმუშევრობის დონემ 14.6% შეადგინა, რაც წინა 2012 წლის უმუშევრობის მაჩვენებელზე (15.0%) 0.4-ით ნაკლებია.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური უმუშევრობის აღრიცხვას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის მიხედვით ახორციელებს, ექსპერტთა დიდი ნაწილი თვლის, რომ ეს მაჩვენებელი რეალობას არ ასახავს და ის უმუშევრობის დონის საქსტატისეულ მონაცემზე (14.6%) გაცილებით მაღალია.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში უმუშევრობის აღნიშნული დონე თვითდასაქმებული მოსახლეობის სიმრავლით არის განპირობებული. ჩვენთან თვითდასაქმებას გაცილებით მეტი მოქალაქე ცდილობს, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ამაზე კი გავლენას შრომის ბირჟის (რაც მოსახლეობის დროულ დასაქმებას უზრუნველყოფს) და უმუშევართა დაზღვევის ფონდის არარსებობაც ახდენს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ უმუშევრობის დონე ქალაქსა და სოფლად ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. საქსტატის მონაცემებით გასულ წელს ქალაქებში უმუშევრობის დონე 30.0%-მდეა, ხოლო სოფლად კი ის 6.5% იყო. ამ სხვაობის მიზეზი კი ისაა, რომ სოფლად, სასოფლო სამეურნეო მიწების სიმრავლის გამო, თვითდასაქმების მეტი შესაძლებლობაა. დასაქმებულად ითვლება ყველა, ვისაც  მიწის ნაკვეთი აქვს ან  პირუტყვი ჰყავს და მათგან მიღებულ პროდუქციას გასაყიდად და საკუთარი მოხმარებისთვის იყენებს, მიუხედავად იმისა თუ როგორია მათი შემოსავალი. 2013 წლის მონაცემებით დასაქმებულთა 63% სოფლის მეურნეობაზე მოდის, მაშინ როცა ამ სექტორს მთლიან შიდა პროდუქტში 9.3% უკავია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობა დაბალი პროდუქტიულობით ხასიათდება, ხოლო დასაქმებული მოსახლეობის 63%-ს კი მეტწილად საკმაოდ დაბალი შემოსავალი აქვს.

 

რაც შეეხება გასულ წლებს, როგორც გრაფიკი 2-ზე მოცემული, საქსტატის ინფორმაციიდან ვხედავთ, 2006 წლიდან უმუშევრობის დონე, 2008 წლამდე კლების ტენდენციით, ხოლო 2008-დან 2009-ის ჩათვლით (უმუშევრობამ მის მაქსიმალურ მაჩვენებელს 2009 წელს 16.9%-იანი მაჩვენებლით მიაღწია) ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. 2009 წლიდან უმუშევრობამ კვლავ კლება დაიწყო და ეს ტენდენცია დღემდე ნარჩუნდება.

 

 

 

დასკვნა

 

2014 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ბიზნეს სექტორში 495,713 ადამიანია დასაქმებული, 2013 წლის პირველ კვარტალში კი დასაქმებულთა რაოდენობამ 485,745–ი შეადგინა. შესაბამისად, 2014 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 10,000-ით (2%-ით) გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს იმას, რომ მართალია მცირე რაოდენობით, მაგრამ სამუშაო ადგილები მაინც გაიზარდა.

 

2014 წლის პირველი კვარტლის მშპ-ის რეალურმა ზრდის ტემპმა 7.4% შეადგინა. ანალოგიური პერიოდის ექსპორტის მაჩვენებელი 23.1%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი კი 16%-ით აღემატება წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებლებს. შესაბამისად, 2014 წლის პირველ კვარტალში  საზღვარგარეთ გასული ქართული პროდუქციის რაოდენობა იმპორტირებული პროდუქციის მოცულობაზე მეტად გაიზარდა. გაზრდილია აგრეთვე დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვაც: იანვარში ის 16.1%-ით, თებერვალში 12.4%-ით, ხოლო მარტში კი 19.6%-ით გაიზარდა.

 

მიუხედავად ზემოთ მოცემული ინფორმაციისა, ეკონომიკის ზოგად მდგომარეობაზე საუბრისას უნდა ითქვას, რომ 2013 წელს, მთავრობის შეცვლის შემდეგ ეკონომიკის ზრდის ტემპი, წინა წლებთან შედარებით შესამჩნევად შემცირდა.

 

ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებმა 2014 წლის პირველ კვარტალში 1,639.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა, 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 5.5%-ით მეტია. რაც შეეხება უმუშევრობას, საქსტატი მხოლოდ წლიური უმუშევრობის მაჩვენებელს აქვეყნებს და მისი 2014 წლის სტატისტიკა ჯერ გამოქვეყნებული არ არის. 2013 წელს უმუშევრობის დონემ 14.6% შეადგინა, რაც წინა 2012 წლის უმუშევრობის მაჩვენებელზე (15.0%) 0.4-ით ნაკლებია. ამ ეტაპზე ფაქტ–მეტრს არ შეუძლია იმის თქმა, შემცირდა თუ არა სამუშაო ადგილები 2014 წლის პირველ ნახევარში.

 

ჩვენ ვასკვნით, რომ ნიკა მელიას განცხადება: „დღეს ახალი სამუშაო ადგილები კი არ იქმნება, არამედ  რაც არის ისიც იკარგება და დღეს მოსახლეობას პრობლემებს შეჩერებული ეკონომიკა უქმნის’’ არის მცდარი.