2014 წლის 5 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, ზურაბ ჯაფარიძემ, განაცხადა: „დღეს, როდესაც თითოეული პენსიონერი იღებს 150 ლარს, დაახლოებით 12 ლარს კარგავს თვეში, ანუ წელიწადში, დაახლოებით, ერთი თვის პენსიას კარგავს“.
მსგავსი განცხადებები გააკეთეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა, ზურაბ ჩილინგარაშვილმა და აკაკი ბობოხიძემაც.
ზურაბ ჩილინგარაშვილი: „რაც შეეხება პენსიას, ბოლო ათი წლის განმავლობაში წელს არის ის წელი, როდესაც პირველად ხდება პენსიის შემცირება ინფლაციის გამო. თითოეული პენსიონერი დაკარგავს ინფლაციის გამო... დაახლოებით 200 ლარს“.
აკაკი ბობოხიძე: "წელს არის პირველი წელი, როდესაც პენსია შემცირდა 12-13 ლარით ინფლაციის პირობებში".
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა დეპუტატების ამ ერთი და იმავე შინაარსის განცხადებებით და ეს ფაქტი გადაამოწმა.
ჩვენ დავუკავშირდით ზურაბ ჯაფარიძეს და ვცადეთ გაგვერკვია, თუ რა მეთოდით იანგარიშა მან 12 ლარიანი დანაკარგი. დეპუტატის განმარტებით, მან წლევანდელი ლარის კურსი (დოლართან მიმართებაში) 2013 წლის იანვრის ლარის კურსს შეადარა და კურსებს შორის 12% სხვაობა მიიღო.
ჩვენ 2014 წლის იანვრისა და 2013 წლის იანვრის კურსები შევადარეთ ერთმანეთს. მათ შორის სხვაობა 12%-ზე საკმაოდ დაბალი აღმოჩნდა. 2013 წლის იანვარში ლარის კურსი დაახლოებით 1.656 იყო, 2014 წლის იანვარში კი ის 1.736-დან 1.781-მდე დაეცა. შესაბამისად, 2014 წლის იანვარში ლარის კურსი 4.85-7.51%-ით გაუფასურდა. ლარის კურსის დაცემა 12%-ს მაშინ მიაღწევდა, თუკი 2014 წლის იანვარში კურსი 1.85 დაფიქსირდებოდა. ლარის კურსს კი იანვარში 1.8-იანი ნიშნულისთვისაც კი არ მიუღწევია, ხოლო მოგვიანებით მან გამყარებაც დაიწყო.
გარდა ამისა, თუნდაც კურსის 12%-იანი დაცემა დოლართან მიმართებაში ავტომატურად უშუალოდ 12 ლარიან დანაკარგს არ ნიშნავს. ლარის კურსის დაცემის შედეგად გამოწვეული დანაკარგის დასაანგარიშებლად, ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი: 1) რა წილი უჭირავს იმპორტირებულ პროდუქციას პენსიონერის სამომხმარებლო კალათაში და 2) რა პროცენტით ზრდის ლარის კურსის 12%-იანი დაცემა იმპორტირებული პროდუქციის ფასს.
დანაკარგის დასაანგარიშებლად მიზანშეწონილია შევამოწმოთ, თუ რამდენით გაიზარდა სამომხმარებლო ფასების ინდექსი (ინფლაცია) იანვარში, ანუ, თუ რამდენით მოიმატა ფასებმა სხვადასხვა სამომხმარებლო საქონელზე.
თვიურმა ინფლაციამ (სამომხმარებლო ფასების ინდექსის პროცენტული ცვლილება წინა თვესთან შედარებით) 2014 წლის იანვარში 0.8% შეადგინა, ხოლო წლიურმა ინფლაციამ (სამომხმარებლო ფასების ინდექსის პროცენტული ცვლილება წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით) კი - 2.9%.
როგორც ვხედავთ, 2014 წლის იანვრის თვიური და წლიური ინფლაციის მაჩვენებლები არც ისე მაღალია, რომ იმ მასშტაბის დანაკარგი გამოეწვია პენსიონერისთვის, როგორც ეს დეპუტატის განცხადებაშია ნათქვამი. უხეშად რომ ვიანგარიშოთ, 2014 წლის იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით, პენსიონერმა ინფლაციის გამო 4.35 ლარი დაკარგა (150*0.029), ხოლო 2013 წლის დეკემბერთან შედარებით კი - 1.2 ლარი (150*0.008).
ასევე, მაგალითისთვის ავიღოთ პროდუქტი, რომელიც წინა წლის იანვარში 100 ლარი ღირდა. 2.9%-იანი ინფლაციის გამო, წელს, იანვარში ის 102.9 (100*1.029) ლარი ეღირებოდა, ხოლო 150 ლარიანი პროდუქტი კი წელს იანვარში 154.35 (150*1.029) ლარი. შესაბამისად 150 ლარიანი პროდუქტი წელს 4.35 ლარით ძვირი ღირს, ვიდრე წინა წლის იანვარში.
მეორე მაგალითისთვის, ავიღოთ პროდუქტი, რომელიც ერთი თვით ადრე, ანუ 2013 წლის დეკემბერში, 100 ლარი ღირდა, წელს იანვარში, 0.8%-იანი ინფლაციის გამო ეს პროდუქტი 100.8 (100*1.008) ლარი ეღირებოდა, ხოლო 150 ლარიანი პროდუქტი კი - 151.2 (150*1.008) ლარი. შესაბამისად, 150 ლარიანი პროდუქტი 1.2 ლარით ძვირი ღირს ვიდრე წინა თვეს, 2013 წლის დეკემბერში.
დასკვნა
პენსიონერისთვის, რომლის პენსია 150 ლარია, ინფლაციის გამო დანაკარგი, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, დაახლოებით 4.35 ლარია, დეკემბრის დანაკარგი კი, ასევე მისი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით - 1.2 ლარი. ეს მაჩვენებლები მკვეთრად განსხვავდება დეპუტატის მიერ მოყვანილი რიცხვისგან.
ასევე, ცალსახად მცდარია დეპუტატების, აკაკი ბობოხიძისა და ზურაბ ჩილინგარაშვილის განცხადებებიც, რომლებიც სწორედ ინფლაციის კონტექსტში უსვამდნენ ხაზს დანაკარგის საკმაოდ დიდ მოცულობას. შესაძლოა დეპუტატებს დაანგარიშებაში მოუვიდათ შეცდომა, თუმცა, ჩვენ ფაქტის სიზუსტეს ვამოწმებთ და დასახელებული რიცხვები მკვეთრად განსხვავდება რეალურისგან.
გარდა ამისა, ფაქტ-მეტრმა ყურადღება დეპუტატის განცხადების იმ ნაწილსაც მიაქცია, სადაც ის ამბობს, რომ წლის განმავლობაში პენსიონერები ერთი თვის პენსიას დაკარგავენ. ჩვენ ეს განცხადებაც არამართებულად მიგვაჩნია, რადგან არასწორია ლარის კურსის დაცემის ერთი თვის მაჩვენებლის განზოგადება მთელ წელზე. ასეთი მსჯელობის არამართებულობას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ თებერვლის თვეში ლარის კურსმა იანვრის მაჩვენებელთან შედარებით გამყარება დაიწყო.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ ამ განცხადებას ფაქტ-მეტრის ყველაზე დაბალი გრადაციით ვაფასებთ და ვასკვნით, რომ ზურაბ ჯაფარიძის განცხადება: „დღეს, როდესაც თითოეული პენსიონერი იღებს 150 ლარს, დაახლოებით 12 ლარს კარგავს თვეში, ანუ, წელიწადში დაახლოებით ერთი თვის პენსიას კარგავს“, არის ტყუილი.
„დღეს როდესაც თითოეული პენსიონერი იღებს 150 ლარს, დაახლოებით 12 ლარს კარგავს თვეში, ანუ, წელიწადში დაახლოებით ერთი თვის პენსიას კარგავს“
24/02/2014
Ложь
заявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные
Персоны
-
Дезинформация: ВЭФ заявил, что пандемия...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Японские ученые утверждаю...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Спортсменка внезапно умер...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные