„რაც შეეხება ვიდეო ჩანაწერებს, ეს იყო პროვოკაცია. მერაბიშვილთან ადვოკატი შესული იყო შაბათს, კვირას, ორშაბათს. მას შეეძლო ამის თაობაზე ეთქვა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს და აძლიერებს ჩვენ ეჭვებს, რომ შესაძლოა მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ კონკრეტულად მეშვიდე დ
2014 წლის 16 იანვარს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს შეხვდა. შეხვედრაზე მან ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზეც ისაუბრა და განაცხადა: „რაც შეეხება ვიდეო ჩანაწერებს, ეს იყო პროვოკაცია. მერაბიშვილთან ადვოკატი შესული იყო შაბათს, კვირას, ორშაბათს. მას შეეძლო ამის თაობაზე ეთქვა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს და აძლიერებს ჩვენ ეჭვებს, რომ შესაძლოა მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ კონკრეტულად მეშვიდე დაწესებულებაში ვიდეო ჩანაწერების გაკეთება ხორციელდება მხოლოდ 24 საათის განმავლობაში. ამის მტკიცებულება, რომ ადვოკატი იმყოფებოდა,  შეიძლება მოიპოვოთ, მიმართოთ სოზარ სუბარის უწყებას“. ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა შეემოწმებინა, მართლაც იმყოფებოდნენ თუ არა შაბათს, კვირას და ორშაბათს ვანო მერაბიშვილის ადვოკატები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ვანო მერაბიშვილმა, სამშაბათს, 17 დეკემბერს, სასამართლო პროცესზე განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, ის, პარასკევს გვიან ღამით, ორის ნახევარზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაიყვანეს. ვანო მერაბიშვილის ადვოკატებმა ამ დღის სათვალთვალო კამერებით დაფიქსირებული ვიდეო გამოითხოვეს. ამასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ თითქმის ერთი თვის შემდეგ, 14 იანვარს განცხადება გაავრცელა: „რაც შეეხება სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, 2013 წლის 17 დეკემბერს, ივანე მერაბიშვილის მიერ განცხადების გაკეთების მომენტისთვის, 13-14 დეკემბრის ჩანაწერი აღარ არსებობდა, ვინაიდან, შენობებში არსებული ვიდეო-სათვალთვალო ტექნიკური საშუალებები, 24 საათის გასვლის შემდეგ, ახალი ინფორმაციის ჩაწერის გამო, ძველ ჩანაწერებს ავტომატურად შლის“. ირაკლი ღარიბაშვილის 16 იანვრის განცხადებას ვანო მერაბიშვილი გამოეხმაურა. მან განაცხადა: „გუშინ, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ციხიდან ჩემი გატაცების მეორე და მესამე დღეს, ანუ შაბათს და კვირას, ჩემთან შესახვედრად საპატიმროში იმყოფებოდნენ ჩემი ადვოკატები და მე შემეძლო მათი საშუალებით გამესაჯაროვებინა ჩემზე ზეწოლის ფაქტი. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არც შაბათს (14 დეკემბერს) და არც კვირას (15 დეკემბერს), მე საპატიმროში ჩემს ადვოკატებს არ შევხვედრივარ. უფრო მეტიც, პატიმრობის 8 თვის განმავლობაში, არც ერთ შაბათს ან კვირას მე საშუალება არ მქონია შევხვედროდი არც ჩემს ადვოკატებს და არც სხვა სტუმრებს, ვინაიდან, დასვენების დღეებში სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მნახველები არ დაიშვებიან. იმ შემთხვევაში, თუ მომავალში საპატიმროს ადმინისტრაცია გადახედავს ამ პრაქტიკას და საშუალებას მომცემს დასვენების დღეებშიც მივიღო სტუმრები, მე მხოლოდ მადლობელი ვიქნები”. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ვანო მერაბიშვილის ადვოკატებიც გამოეხმაურნენ. ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რომ „არცერთი ადვოკატი შაბათ-კვირას არ ყოფილა ივანე მერაბიშვილთან, ამის შესაძლებლობა ჩვენ არ გვეძლევა, შესაბამისად, ვითხოვთ, სასჯელაღსრულების სამინისტრომ ყველა საშვის ასლი გამოაქვეყნოს, აჩვენოს საზოგადოებას იმ ჟურნალის ასლი, სადაც ტარდება ჩვენი შესვლები და, შესაბამისად, ნათელი გახდება კიდევ ერთხელ, რომ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოსდა ადვოკატები შაბათ-კვირას შევდივართ ბატონ მერაბიშვილთან, არ შეესაბამება სინამდვილეს“. აღნიშნული საკითხის კვლევისას, ფაქტ-მეტრმა, პირველ რიგში სამართლებრივი საფუძვლები განიხილა. საქართველოს კანონი - პატიმრობის კოდექსი (2013 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით) განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს (მუხლი 3 ნაწილი 1). ბრალდებულს უფლება აქვს ისარგებლოს ახლო ნათესავებთან (პაემანი), დამცველთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის) შეხვედრით, ასევე სატელეფონო საუბრითა და მიმოწერით (მუხლი 14 ნაწილი 1). ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს დამცველთან ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე შეხვედრის უფლება (მუხლი 18 ნაწილი 1). საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება №97-ის (2011 წლის 30 მაისი) მუხლი 49 ბრალდებულის დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის საკითხებს არეგულირებს. ამ მუხლშიც აღნიშნულია, რომ ბრალდებულს უფლება აქვს, შეხვდეს დამცველს/ადვოკატს ყოველგვარი შეზღუდვის, ჩარევისა და ცენზურის გარეშე. შეხვედრა გამყოფი ზღუდის გარეშე ტარდება. როგორც ვხედავთ, ადვოკატების სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შაბათ-კვირას ვიზიტს კანონი არ კრძალავს. ჩვენ დამატებითი განმარტებისთვის ვანო მერაბიშვილის ადვოკატს გიორგი ჩივიაშვილს დავუკავშირდით. მან გვითხრა, რომ მიუხედავად კანონით გათვალისწინებული უფლებისა, შაბათ-კვირას ადვოკატებს არ შეუძლიათ სასჯელ-აღსრულების დაწესებულებაში შესვლა. ამ დღეებში საშვთა ბიურო არ მუშაობს, რომლის მიერ გაცემული საშვის გარეშეც, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლა შეუძლებელია. ამასთან ერთად, მან დაგვიდასტურა, რომ ადვოკატები ბრალდებულ მერაბიშვილთან ორშაბათს იმყოფებოდნენ. ფაქტ-მეტრმა საკითხის შესწავლის მიზნით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსაც მიმართა. სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ წერილი 2014 წლის 20 იანვარს გავგზავნეთ, სადაც შემდეგ კითხვებზე ვითხოვდით ინფორმაციას:
  • იმყოფებოდნენ თუ არა  2013 წლის 13, 14, 15 და 16 დეკემბერს სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში ვანო მერაბიშვილის ადვოკატები? თუ იმყოფებოდნენ, კონკრეტულად რა დროს და რა ხანგრძლივობით?
  • გთხოვთ, მოგვაწოდოთ  ბრალდებულთა შეხვედრის შესაბამისი სააღრიცხვო ჟურნალის ასლი ამ დღეების მიხედვით.
ჩვენ სამინისტროდან დასტური მივიღეთ, რომ მათ ჩვენი წერილი მიიღეს, თუმცა, კანონით დადგენილ ვადაში (10 დღე) და არც ამ ვადის გასვლის შემდეგ, ჩვენი მცდელობების მიუხედავად, სამინისტროსგან (სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან) ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია.   დასკვნა ადვოკატებს შაბათ-კვირას, იურიდიულად, შეეძლოთ ვანო მერაბიშვილთან ყოველგვარი შეფერხების გარეშე შესულიყვნენ. თუმცა, პრაქტიკაში ეს მაინც შეუძლებელი აღმოჩნდა, ვინაიდან, როგორც თავად ადვოკატები აცხადებენ, შაბათ-კვირას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საშვთა ბიურო არ მუშაობს და იქ შესვლა ფიზიკურად შეუძლებელია. ის ფაქტი რომ N9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შაბათ-კვირას საშვთა ბიურო არ მუშაობს, ფაქტ-მეტრს თავად ამ დაწესებულების ოფიციალურმა წარმომადგენელმაც დაუდასტურა. შესაბამისად, ადვოკატები ვერც 14-15 დეკემბერს მოახერხებდნენ მერაბიშვილთან შესვლას. ამასთან, ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა დაგვიდასტურა, რომ ის ორშაბათს ნამდვილად იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. აქვე გასათვალისწინებელია პრემიერ ღარიბაშვილის განცხადების კონტექსტიც. კერძოდ, მისი განცხადების არსი იმაში მდგომარეობს, რომ თითქოსდა ივანე მერაბიშვილს ჰქონდა ინფორმაცია, რომ დაწესებულებაში, რომელშიც ის იმყოფება, ვიდეო ჩანაწერების ნახვა, ჩანაწერის გაკეთებიდან მხოლოდ 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. შესაბამისად, მან სპეციალურად არ გააკეთა განცხადება ამის შესახებ, მანამ, სანამ ვიდეოჩანაწერების ნახვა შესაძლებელი იყო. თუმცა, აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ ორშაბათს ამ კუთხით განცხადების გაკეთებას არანაირი მნიშვნელობა აღარ გააჩნდა, ისევე როგორც კვირას, რადგან 24 საათიანი პერიოდი ორივე შემთხვევაში გასული იქნებოდა. ამას შესაძლოა აზრი ჰქონოდა მხოლოდ შაბათს, თუმცა, როგორც კვლევამ აჩვენა, შაბათ-კვირას მერაბიშვილის ადვოკატები ფიზიკურად ვერ მოხვდებოდნენ სასჯელ-აღსრულების დაწესებულებაში და ვერ გამოიტანდნენ ამ ინფორმაციას ივანე მერაბიშვილისგან. შესაბამისად, არსობრივი განსხვავება, ამ განცხადებას მერაბიშვილის ადვოკატები გააკეთებდნენ ორშაბათს, თუ თავად მერაბიშვილი გააკეთებდა იგივეს სამშაბათის სასამართლო პროცესზე, არ არსებობს. ეჭვს იწვევს ასევე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დუმილიც, რომელიც ჩვენს ოფიციალურად გაგზავნილ წერილობით შეკითხვებზე პასუხს არ გვაძლევს, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა თავად მიგვითითა სოზარ სუბარის უწყებისთვის მიგვემართა შესაბამისი მტკიცებულებებისთვის. აქედან გამომდინარე, იძულებული ვართ დასკვნა სამინისტროს ოფიციალური პოზიციის გარეშე გამოვიტანოთ, თუმცა, აქვე კვლავ გამოვხატავთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ ხსენებულ სახელმწიფო უწყებასთან და მათგან ოფიციალური პასუხის მიღების შემთხვევაში, გადავხედოთ ჩვენს დასკვნას და ვერდიქტს, თუ ამის საჭიროება დადგება. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ ვასკვნით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „რაც შეეხება ვიდეო ჩანაწერებს, ეს იყო პროვოკაცია. მერაბიშვილთან ადვოკატი შესული იყო შაბათს, კვირას, ორშაბათს. მას შეეძლო ამის თაობაზე ეთქვა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს და აძლიერებს ჩვენ ეჭვებს, რომ შესაძლოა მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ კონკრეტულად მეშვიდე დაწესებულებაში ვიდეო ჩანაწერების გაკეთება ხორციელდება მხოლოდ 24 საათის განმავლობაში. ამის მტკიცებულება, რომ ადვოკატი იმყოფებოდა, შეიძლება მოიპოვოთ, მიმართოთ სოზარ სუბარის უწყებას“, არის ტყუილი.