„წინა მთავრობის მიერ 2007-2011 წელს ციტრუსზე არ გამოყოფილა არცერთი თეთრი სუბსიდია.  2013 წელს 13 მლნ 800 ათასი ლარი გამოვყავით... ბოლო მონაცემებით 60 ათასი ტონა ციტრუსი გავიდა ექსპორტზე“

მიმდინარე წლის 16 იანვარს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჟურნალისტებს შეხვდა. პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ციტრუსზე სუბსიდიის გამოყოფაზე და მის ექსპორტზე ისაუბრა: „წინა მთავრობის მიერ 2007-2011 წელს ციტრუსზე არ გამოყოფილა არცერთი თეთრი სუბსიდია. წელს 13 მლნ 800 ათასი ლარი გამოვყავით... ბოლო მონაცემებით, 60 ათასი ტონა გავიდა ექსპორტზე“.

პრემიერ-მინისტრის განცხადებაში მოყვანილი ფაქტის სიზუსტე ფაქტ-მეტრმა გადაამოწმა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით 2013 წელს ციტრუსის მოსავალმა 100 ათას ტონას გადააჭარბა. უამინდობის გამო შეფერხდა როგორც მოსავლის აღება, ასევე ციტრუსის [მანდარინის] ექსპორტირება. გასული წლის დეკემბრის მეორე ნახევარში ციტრუსის ექსპორტი განახლდა.

„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის N2174 განკარგულების

შესაბამისად, სტანდარტული ციტრუსის სუბსიდირებისთვის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 12 მილიონი ლარი გამოეყო. აღნიშნული განკარგულების თანახმად, ფერმერი ექსპორტირებულ 1 კილოგრამ სტანდარტულ ციტრუსზე დამატებით 15 თეთრს იღებს. სუბსიდიის მიღებისთვის მეციტრუსემ ადგილობრივ თვითმმართველობას შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარუდგინოს: მიღება-ჩაბარების აქტი (მას ხელს აწერს ფერმერი, ციტრუსის შემსყიდველი და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენელი) და ასევე, ექსპორტის დამადასტურებელი საბაჟო დეკლარაცია. სუბსიდირების ფარგლებში გამოყოფილი თანხის გაცემა, გაფორმებული საბუთების საფუძველზე, 2013 წლის 6 დეკემბრიდან 2014 წლის 1 მარტამდე ხორციელდება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიღებული საჯარო ინფორმაციის

თანახმად, 2013 წელს ციტრუსის სუბსიდირებისთვის სულ 13 მლნ 800 ათასი ლარი გამოიყო (როგორც ამას პრემიერ-მინისტრი მიუთითებდა), მათ შორის, არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირებისთვის - 1,8 მლნ ლარი.

ირაკლი ღარიბაშვილი თავის განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო მონაცემებით, ექსპორტზე 60 ათასი ტონა ციტრუსი გავიდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიღებული საჯარო ინფორმაციის წერილში აღნიშნულია, რომ 2013 წლის სექტემბერიდან დეკემბრის ჩათვლით, მანდარინის ექსპორტმა 39,643 ტონა, ხოლო მიმდინარე წლის 12 იანვრის მდგომარეობით 42,805 ტონა შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 2013

წელს სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ციტრუსის ექსპორტმა 33,240 ტონა შეადგინა.

როგორც ვხედავთ, აღნიშნული მონაცემები სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებულ სტატისტიკას არ ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ საქსტატის მიერ მოწოდებული სტატისტიკა საბაჟოს მონაცემებს ეყრდნობა.

ჩვენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, დავით ნატროშვილს ვესაუბრეთ. მისი განმარტებით: „საბაჟო კანონმდებლობით ოფიციალურად 15 ათას ლარზე ნაკლები ღირებულების ტვირთი არ აღირიცხება, შესაბამისად, ოფიციალურ მონაცემებში არ შედის ის მანდარინი (სატვირთო მანქანებით გატანილი), რომლის ღირებულებაც 15 ათას ლარს არ აღემატებოდა. თუმცა, ჩვენ  აღნიშნულ მონაცემებსაც ვითხოვთ საბაჟოსგან. 15 იანვრის მონაცემებით, ფაქტიურად 60 ათას ტონამდე ციტრუსია ექსპორტირებული“.

დაზუსტებულ ინფორმაციას, თუ რა ოდენობის ციტრუსი იქნა ექსპორტზე გატანილი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მარტის დასაწყისში, სეზონის დამთავრების შემდეგ აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ საქსტატის  მონაცემებით, ციტრუსის ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში ასახულია 2007-2013 წლებში სექტემბერ-დეკემბრის მონაცემებით ექსპორტირებული ციტრუსის ოდენობა (ტონებში).

mand საქსტატის მონაცემებით, 2013

წლის სექტემბერ-დეკემბერში  საქართველოში მანდარინის საშუალო საცალო საბაზრო ფასმა 1 კილოგრამაზე 1 ლარი და 44 თეთრი შეადგინა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში, ასევე, ასახულია 2007-2013 წლებში საქართველოში მანდარინის საშუალო საბაზრო ფასი კილოგრამზე (ლარებში).

mand2 სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2007-2011 წლებში ციტრუსზე სუბსიდია არ გაცემულა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში ამის საჭიროება არც ყოფილა. როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია განმარტავს:

„2013 წელს ძალიან დიდი მოსავალი იყო. შარშან მანდარინის სარეალიზაციო ფასი 50-60 თეთრს შეადგენდა, ხოლო წელს, იმის გამო რომ მოსავალი მეტია, ეს ფასი შემცირდა 45 თეთრამდე. ამიტომ, ამ მეწარმეების სუბსიდირების გადაწყვეტილება იქნა მიღებული“.

დასკვნა

საქართველოს მთავრობამ 2013 წელს სტანდარტული ციტრუსის სუბსიდირებისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 12 მილიონი ლარი გამოყო, რაც ფერმერისთვის ექსპორტირებულ 1 კილოგრამ სტანდარტულ ციტრუსზე 15 თეთრის დამატებას გულისხმობს. არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირებისთვის კი 1,8 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 2013 წელს ციტრუსის [მანდარინის] სუბსიდირებისთვის სულ 13,8 მლნ ლარი გამოიყო, როგორც ამას პრემიერ-მინისტრი მიუთითებდა.

მართალია, 2007-2011 წლებში ციტრუსზე სუბსიდია არ გაცემულა, თუმცა, ამის საჭიროება ნაკლებად იყო. 2012 წელს სარეალიზაციო ფასი 50-60 თეთრს შეადგენდა, 2013 წელს კი სარეალიზაციო ფასი 45 თეთრამდე შემცირდა. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, სუბსიდირების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ზემოაღნიშნულ ფაქტი  პრემიერის განცხადებაში იგნორირებულია. შესაბამისად, პრემიერის განცხადების პათოსი, რომ წინა წლებში ციტრუსზე არცერთი თეთრი სუბსიდია არ გაცემულა, გადაჭარბებულია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2013 წლის სექტემბერიდან დეკემბრის ჩათვლით, ციტრუსის ექსპორტმა 39,643 ტონა შეადგინა. მიმდინარე წლის 12 იანვრის მონაცემებით ექსპორტირებულია 42,805 ტონა მანდარინი. საქართველოს ეროვნული სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით კი, სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ციტრუსის ექსპორტმა 33,240 ტონა შეადგინა. როგორც ვხედავთ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქსტატის მონაცემები განსხვავდება. ამასთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 15 იანვრის მდგომარეობით 60 ათას ტონამდე ციტრუსია ექსპორტირებული.

შესაბამისად, ამ ეტაპზე პრემიერის განცხადება [60 ათასი ტონა ციტრუსია ექსპორტზე გასული] მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაოფიციალური [წინასწარი] მონაცემებით დასტურდება. იქიდან გამომდინარე, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური მონაცემები არ ემთხვევა [მნიშვნელოვნად აღემატება] საქსტატის მონაცემებს, აღნიშნულ თემას ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით, როცა ექსპორტირებული ციტრუსის დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება.

ჩვენ ვასკვნით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, „წინა მთავრობის მიერ 2007-2011 წელს ციტრუსზე არ გამოყოფილა არცერთი თეთრი სუბსიდია. წელს 13 მლნ 800 ათასი ლარი გამოვყავით... ბოლო მონაცემებით, 60 ათასი ტონა გავიდა ექსპორტზე“, არის მეტწილად სიმართლე.