პრემიერ-მინისტრი საგარეო ვაჭრობის ზრდაზე საუბრობს
2013 წლის 27 დეკემბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა „პოზიციაში“ სტუმრობისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „...საგარეო ვაჭრობას რაც შეეხება, 4%–იანი მატება გვაქვს მესამე კვარტალში. ექსპორტი გაიზარდა 20%–ით, რამაც, თუ არ ვცდები, 2.5 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. ეს არის მართლაც რეკორდული მაჩვენებელი, ასეთი მაჩვენებელი "ნაციონალური მოძრაობას" არ ჰქონია.  მე მაგალითს გეტყვით, რომ იგივე ევროკავშირში ექსპორტის მოცულობამ 550-560 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც არის 65%–იანი მატება. ასეთი მაჩვენებელი, სიამაყით ვიმეორებ, რომ არ ყოფილა ქვეყანაში. რუსეთის ბაზარზე შევიტანეთ 10 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო. გაიხსნა რუსეთის ბაზარი, სამჯერ გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა. თუ არ ვცდები, მან 116 მლნ. დოლარი შეადგინა. აქედან გამომდინარე მე შემიძლია გითხრათ, რომ მესამე კვარტალში ჩვენ სერიოზული გამოცოცხლება გვქონდა. ნოემბრის თვეში იმპორტიც გაიზარდა. რაც გვაძლევს არა მხოლოდ ჩვენ, ჩვენს მთავრობას და ჩვენს ეკონომიკურ გუნდს, არამედ ზოგადად ყველა ექსპერტს, იგივე საერთაშორისო ინსტიტუტებს, რომ პოზიტიური, დადებითი შეფასებები გააკეთონ“. ფაქტ-მეტრი პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებით დაინტერესდა და ის გადაამოწმა. ამ მიზნით ჩვენ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2013 წლის 16 დეკემბერს გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, „საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემები (2013 წლის ნოემბერი)“, გავეცანით. პუბლიკაციის მიხედვით 2013 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9,681 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 4%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 2,618 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც 20%-ით მეტია წინა, 2012 წლის იანვარ-ნოემბერის ექსპორტის მაჩვენებელზე (2,179 მლნ. აშშ დოლარი). რაც შეეხება უშუალოდ მესამე კვარტალს, პუბლიკაციიდან ჩანს, რომ 2013 წლის მესამე კვარტალში ექსპორტმა 782.7  მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო 2012 წლის მესამე კვარტალში ექსპორტი 629.9 მლნ. აშშ დოლარი იყო. შესაბამისად 2013 წელს ექსპორტის ზრდამ მესამე კვარტალში 24.3% შეადგინა. 2013 წლის მესამე კვარტალში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2,871.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2012 წელს 2,730.3 მლნ აშშ დოლარი. საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2013 წლის მესამე კვარტალში 5.2%-ით გაიზარდა, რაც საკმაოდ ახლოს არის პრემიერის მიერ დასახელებულ რიცხვთან. თუმცა, გამომდინარე იქიდან რომ 2013 წლის პირველ 11 თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 4%-ითაა გაზრდილი, რომელიც ზუსტად ემთხვევა პრემიერის მიერ მოყვანილ რიცხვს, გვაფიქრებინებს, რომ პრემიერს დროის პერიოდები უბრალოდ აერია, თუმცა მთლიანობაში მისი განცხადების პათოსი, რომ საგარეო ვაჭრობაში დამაიმედებელი ზრდის ტენდენციები დაფიქსირდა, მართალია. 2013 წლის ნოემბერში იმპორტმა 778.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა იგივე მაჩვენებელი 2012 წელს 637.7 მლნ. აშშ დოლარი იყო. შესაბამისად, ნოემბრის თვეში იმპორტის ზრდამ 22.1% შეადგინა. gar რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მოცულობას, მან 2013 წლის იანვარ-ნოემბერში 538.5 მლნ. დოლარი შეადგინა. ჩვენ არ მოგვეპოვება ევროკავშირთან ექსპორტის 2012 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემები, თუმცა თუ 2013 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებს მთლიან 2012 წელს შევადარებთ, 52.5%-იან ზრდას მივიღებთ. შესაბამისად, თუკი 2013 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემს 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს შევადარებთ, ზრდა 52.5%-ზე მეტი იქნება. უხეშად რომ ვიანგარიშოთ, თუ მთლიანი 2012 წლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 353.1 მლნ ლარი იყო, 11 თვის მაჩვენებელი, პროპორციული დაანგარიშებით, დაახლოებით 323.7 მლნ ლარი იქნებოდა. შესაბამისად ზრდა მართლაც, დაახლოებით  65%-ის ფარგლებშია, ისე როგორც ამას პრემიერ-მინისტრი აცხადებს. gar1 რუსეთში ექსპორტმა, 2013 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, 161.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. gar2 როგორც ჩანს, პრემიერი რუსეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით საუბრისას ექსპორტის ნაცვლად ტერმინ სავაჭრო ბრუნვას იყენებს (შენიშვნა: საგარეო სავაჭრო ბრუნვა წარმოადგენს იმპორტისა და ექსპორტის ჯამს). რუსეთში ექსპორტი 2012 წელს 45.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო რუსეთიდან იმპორტი კი - 473.8 მლნ. აშშ დოლარს, შესაბამისად რუსეთთან სავაჭრო ბრუნვამ 518.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთში ექსპორტმა 2013 წლის იანვარ-ნოემბერში 161.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო რუსეთიდან იმპორტმა კი - 518.7 მლნ. აშშ დოლარი, შესაბამისად რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 679 მლნ. აშშ დოლარი იყო. მიუხედავად იმისა რომ ეს 11 თვის მაჩვენებელია, ის მნიშვნელოვნად მაღალია მთლიანი 2012 წლის მაჩვენებელზე, რაც, ბუნებრივია, გაზრდილი ექსპორტის დამსახურებაცაა. რაც შეეხება რუსეთთან ექსპორტს, მან 2013 წლის იანვარ-ნოემბერში 161.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიან 2012 წლის ექსპორტზე (45.8 მლნ აშშ დოლარი) დაახლოებით 3.5-ჯერ მეტია. ეს კი, უხეშად რომ ვიანგარიშოთ, 2012 წლის იანვარ-ნოემბერში დაფიქსირებულ ექსპორტის მონაცემს 3.8-ჯერ აღემატება. „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით, რუსეთში 2013 წლის იანვარ-ოქტომბერში 9,464.4 ტონა ღვინო გავიდა (დაახლოებით 12 მილიონ ბოთლზე მეტი), რამაც ჯამში 34.1 მლნ. აშშ დოლარამდე შეადგინა. gar3 აქვე უნდა აღინიშნოს რომ 2012 წელს ყურძნის ნატურალური ღვინოების მთლიანმა ექსპორტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 64.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2013 წლის იანვარ-ნოემბერში კი - 114.1 მლნ. აშშ დოლარი. რაც შეეხება, მესამე კვარტალში ეკონომიკის გამოცოცხლებას, ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ის, არამხოლოდ საგარეო ვაჭრობის მონაცემების, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მშპ-ის ჭრილში გაგვეანალიზებინა. gar4 უშუალოდ მესამე კვარტალში ეკონომიკურ გამოცოცხლებაზე ცალსახა დასკვნის გაკეთება უპრიანი ნამდვილად არაა, ვინაიდან მშპ-ის ზრდის ტემპმა 2013 წლის მესამე კვარტალში საშუალოდ 1.4% შეადგინა, რაც წინა ორი კვარტლის ზრდის ტემპებსაც კი ჩამოუვარდება, რომ აღარაფერი ვთქვათ წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე. თუმცა ოქტომბერ-ნოემბერში მშპ-ის ზრდის ტემპმა მატება დაიწყო და შესაბამისად ოქტომბერსა და ნოემბერში საკმაოდ კარგი მაჩვენებლები, 4.1% და 7.8% დაფიქსირდა. თუმცა ეს შედეგები უკვე მეოთხე კვარტალს განეკუთვნება. დასკვნა როგორც ვნახეთ, 2013 წლის იანვარ-ნოემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 4%-ითაა გაზრდილი, ხოლო 2013 წლის მესამე კვარტალში ის 5.2%-ით გაიზარდა. ექსპორტის ზრდამ, 2013 წლის პირველ 11 თვეში 20% შეადგინა და მან 2,618 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ევროკავშირში ექსპორტის მოცულობამ 2013 წლის პირველ 11 თვეში 538.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მთლიანი 2012 წლის მონაცემს და დღემდე ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რუსეთში იანვარ-ოქტომბერში მოხდა 9,464.4 ტონა ღვინის შეტანა, რომელიც თუ 1 ბოთლ ღვინოზე ვიანგარიშებთ 12 მლნ. ბოთლ ღვინოზე მეტი გავიდა. რუსეთში ექსპორტმა 11 თვის მონაცემებით 161.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 3.5-ჯერ აღემატება მთლიან 2012 წლის მონაცემს. მიუხედავად გარკვეული უზუსტობებისა, ჩვენ ვასკვნით, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „...საგარეო ვაჭრობას რაც შეეხება, 4%–იანი მატება გვაქვს მესამე კვარტალში. ექსპორტი გაიზარდა 20%–ით, რამაც, თუ არ ვცდები, 2.5 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. ეს არის მართლაც რეკორდული მაჩვენებელი, ასეთი მაჩვენებელი ნაციონალური მოძრაობას არ ქონია.  მე მაგალითს გეტყვით, რომ იგივე ევროკავშირში ექსპორტის მოცულობამ 550-560 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც არის 65%–იანი მატება. ასეთი მაჩვენებელი, სიამაყით ვიმეორებ, რომ არ ყოფილა ქვეყანაში. რუსეთის ბაზარზე შევიტანეთ 10 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო. გაიხსნა რუსეთის ბაზარი, სამჯერ გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა. თუ არ ვცდები, მან 116 მლნ. დოლარი შეადგინა. აქედან გამომდინარე მე შემიძლია გითხრათ, რომ მესამე კვარტალში ჩვენ სერიოზული გამოცოცხლება გვქონდა. ნოემბრის თვეში იმპორტიც გაიზარდა. რაც გვაძლევს არა მხოლოდ ჩვენ, ჩვენს მთავრობას და ჩვენს ეკონომიკურ გუნდს, არამედ ზოგადად ყველა ექსპერტს, იგივე საერთაშორისო ინსტიტუტებს, რომ პოზიტიური, დადებითი შეფასებები გააკეთონ“, არის მეტწილად სიმართლე.