ზურაბ ჩილინგარაშვილის განცხადებით, ადიგენის რაიონში ტყეკაფის ტერიტორიაზე მოსაჭრელი ხე-ტყის რაოდენობაზე შეზღუდვის არ არსებობა სერიოზული პრობლემაა. მოსახლოების 60-70 % დარჩენილია საშეშე მერქნის გარეშე და მოუმზადებელია ზამთრისთვის

2013 წლის 13 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ადიგენის რაიონის მაჟორიტარმა, ზურაბ ჩილინგარაშვილმა რაიონში არსებულ პრობლემაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სატყეო დეპარტამენტი გამოყოფს ტყეკაფს, შემდეგ მოსახლეობა  მისთვის სასურველი ტყეკაფის ტერიტორიის საფასურს იხდის ბანკში, რის შემდეგაც  უფლება ეძლევა საშეშე მასალა მეტყევის მიერ აღრიცხულ ტერიტორიაზე მოჭრას. დეპუტატის თქმით, პრობლემას ტყეკაფის ტერიტორიაზე მოსაჭრელი ხე–ტყის რაოდენობაზე შეზღუდვის არარსებობა განაპირობებს. ადიგენში არიან ადამიანები, რომლებიც ტყეკაფს მთლიანად ყიდულობენ და შემდეგ უფრო მაღალ ფასში ყიდიან მოსახლეობაზე. ამის გამო მოსახლოების 60-70 % დარჩენილია საშეშე მერქნის გარეშე და მოუმზადებელია ზამთრისთვის.

 

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და მისი გადამოწმება  გადაწყვიტა.

 

საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონის მიხედვით ტყეკაფი არის: “საქართველოს ტყის ფონდის ტყის განსაზღვრული უბანი, რომელზედაც განსაზღვრულია მოსაჭრელი ხეების ოდენობა და მონიშნულია მოსაჭრელი ხეები”. ტყეკაფის გამოყოფასა და აღრიცხვაზე პასუხისმგებელი ორგანოა “სსიპ საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტო”, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.  

 

ადიგენში არსებულ პრობლემაში უკეთ გარკვევის მიზნით, ფაქტ-მეტრი ზურაბ ჩილინგარაშვილს დაუკავშირდა. ჩვენს საპარლამენტო კორესპოდენტს დეპუტატმა განუცხადა: „შეშის გარეშე ადიგენის მოსახლეობის 50-60 % დატოვეს. ადამიანებს არ ეძლევათ ლიმიტირებული ბილეთები, რის საშუალებითაც საშეშე მასალას დაამზადებენ. ტენდერში მონაწილეობას იღებს რამდენიმე ჯგუფი, რომელიც ერთიანად ყიდულობს 200-300 კუბურ მეტრ შეშას და მოსახლეობაზე ძვირად ყიდის. მე არ მითქვამს, რომ ეს რაიმე ბიზნეს ჯგუფებია. ისინი პრინციპში უკანონობას კი არ ჩადიან, უბრალოდ, კანონმდებლობაა გაუმართავი. ამ ადამიანებს გამგეობებისა თუ სხვადასხვა სამსახურების მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე უკეთესი წვდომა აქვთ და ტენდერის გამოცხადებიდან 15 წუთში უკვე მოგებული აქვთ ის. რა უნდა ქნას გლეხმა, რომელმაც სულ არ იცის რა არის ტენდერი, კომპიუტერი, ლოტი და ინტერნეტი? იქნებ დავაწესოთ 5-7 კუბური მეტრის ლიმიტი თითო ოჯახზე. არანაირი რეგულაციები არ არსებობს. კანონი არ იცავს გლეხებს. არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ერთნაირ პირობებში ჩააყენებს ყველას. ასეთ დროს მოსახლეობა იძულებულია,  შეშა მოიპაროს. მერე მათ აჯარიმებენ და არის სრული ქაოსი.“

 

ჩილინგარაშვილის განცხადებით პრობლემა განსაკუთრებით მძიმედ იმ მოსახლოებაზე აისახება, რომლებიც  მთასთან არიან დაკავშირებულნი: "ადიგენის მოსახლეობის ნახევარზე მეტი დაკავშირებულია მთასთან. ბევრი მიდის როგორც მწყემსი და თან მიყავს ოჯახი. ესენი ძირითადად გაზაფხულზე მიდიან და იქ შემოდგომამდე რჩებიან. მათ შეშა, არა მარტო გასათბობად, არამედ საჭმლის მოსამზადებლადაც სჭირდებათ. ისინი ვერ იყიდიან შეშას იმ პირობებში, რასაც მთავრობა სთავაზობს. ამიტომ უწევთ უკანონო ჭრა. ტენდერების პერიოდში (მარტიდან-ნოემბრამდე) ისინი მთაში არიან".

 

ფაქტ-მეტრი სსიპ ეროვნული ტყის სააგენტოს დაუკავშირდა. ეროვნული ტყის სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ტყეკაფის ტერიტორიაზე ხე-ტყის ჭრა და შეძენა „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის   2013 წლის 29 ნოემბერს N302  დადგენილებით  ხორციელდება. ამ დადგენილების მიღებამდე, კალენდარული წლის განმავლობაში თითოეულ კომლს განუსაზღვრელი რაოდენობის ტყეკაფის ფართობის შეძენა და მასში ხე-ტყის ჭრის განხორციელება შეეძლო.

 

ახალი დადგენილების მიხედვით, ტყეკაფში ხე-ტყის ჭრაზე  ლიმიტი  წესდება. კერძოდ, კალენდარული წლის განმავლობაში კომლს 7 კუბური მეტრის ფართობის ტყეკაფის შეძენა შეუძლია, თუმცა უცვლელი რჩება თავად ტყეკაფის შეძენის პროცედურა. მოსახლეობა ტყეკაფის შეძენის საფასურს ბანკში იხდის, შემდეგ მეტყევე შეძენილი ტყეკაფის ტერიტორიას აღრიცხავს და შემოსაზღვრავს. ამის შემდეგ მფლობელს საშუალება ეძლევა ხე-ტყის ჭრა შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე განახორციელოს.

 

ჩვენ ასევე სამცხე-ჯავახეთის სატყეო დეპარტამენტის უფროს მეტყევეს, ლევან თედიაშვილს დაუკავშირდით. თედიაშვილის განცხადებით, ადიგენის მუნიციპალიტეტში 3520 ჰექტარია გამოყოფილი, რომელიც 101 ტყეკაფს მოიცავს. ახალი რეგულაცია (დადგენილება N302) 3 დეკემბრის შემდეგ მოქმედებს. რაც შეეხება დეპუტატ ჩილინგარაშვილის მიერ დასახელებულ პრობლემას  ტყეკაფის შეძენასთან დაკავშირებით, ლევან თედიაშვილის განცხადებით, მოსახლეობას  ყოველგვარი ტენდერისა და აუქციონის გარეშე შეეძლო და შეუძლია ტყეკაფის შეძენა. თუმცა მცირე ტყიანი სოფლის მოსახლეობას  პრობლემები ექმნებოდა, რადგან ლიმიტირებული ბარათების არარსებობის გამო რჩებოდნენ ოჯახები, რომლებიც ვერ ახდენდნენ ხე-ტყის ჭრას. ასეთი სოფლები იყო უდე და არალი. ამ სოფლის საკრებულოებმა მოსახლეობასთან შეთანხმებით ახალი დადგენილების მიღებამდე ხე-ტყის ჭრაზე ლიმიტი დააწესეს, რომლის თანახმადაც თითოეულ კომლს 3 კუბური მეტრის  ფართობის ხე-ტყის მოჭრა შეეძლო. მთავრობის მიერ მიღებული ახალი დადგენილება „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ სწორედ მსგავსი პრობლემის თავიდან აცილებას ემსახურება.

 

დასკვნა

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჩილინგარაშვილმა ადიგენის მოსახლეობის პრობლემის შესახებ 13 ნოემბერს ისაუბრა. იმ დროისთვის მართლაც არ არსებობდა რეგულაცია, რომელიც ხე-ტყის ჭრაზე ლიმიტს დააწესებდა. ლიმიტის არ არსებობის გამო ტყეკაფის ძირითად ნაწილს გარკვეული ჯგუფები ყიდულობდნენ და შემდეგ უფრო ძვირად ყიდდნენ მოსახლეობაზე. ეს მოსახლეობისათვის მართლაც წარმოადგენდა პრობლემას, რადგან ყველა კომლი ვერ ახერხებდა ტყეკაფის შესყიდვას და ხე-ტყის ჭრას. შესაბამისად, განცხადების ამ ნაწილში ადიგენის მაჟორიტარი მართალია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩილინგარაშვილის განცხადებიდან რამდენიმე დღეში მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომელმაც ხე-ტყის ჭრაზე ლიმიტი (7 კუბური მეტრი) დააწესა. შეიძლება ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილებამ მოსახლეობა, მეტ-ნაკლებად, თანაბარ პირობებში ჩააყენა.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადიგენის მაჟორიტარი მართებულად მიუთითებდა ხე–ტყის ჭრაზე ლიმიტის არ არსებობის შესახებ (რომელიც მოგვიანებით გამოსწორდა), თუმცა დეპუტატის მიერ ფაქტ-მეტრისთვის მოგვიანებით გაკეთებული კომენტარი, სადაც ის ტენდერებზე საუბრობს, არ არის სწორი. საქართველოს მთავრობის, როგორც 2010 წლის 20 აგვისტოს 242-ე დადგენილებით, ისე 2013 წლის 29 ნოემბრის 302-ე დადგენილებით ტყეკაფის ტერიტორიაზე ხე-ტყის ჭრის განსახორციელებლად არც აუქციონი და არც ტენდერი არ ცხადდება. მოსახლეობა ტყეკაფის  საფასურს ბანკში იხდის, შემდეგ მეტყევე აღრიცხავს და შემოსაზღვრავს შეძენილი ტყეკაფის ტერიტორიას. ამის შემდეგ მფლობელს ეძლევა საშუალება განახორციელოს ხე-ტყის ჭრა შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე.

 

სტატიაში მოყვანილი ფაქტების საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის მიერ გაჟღერებული პრობლემა საკანონმდებლო დონეზე გადაიჭრა, თუმცა ეს დეპუტატის განცხადების შემდეგ მოხდა. შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ზურაბ ჩილინგარაშვილის განცხადება ადიგენის რაიონში ხე-ტყის ჭრის პრობლემის შესახებ, არის მეტწილად სიმართლე.