„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2013 წლის პირველ ორ კვარტალში გაწეული ხარჯები 223 მლნ. ლარს შეადგენს, რაც 21 მლნ. 700 ათასი ლარით აღემატება 2012 წლის შესაბამის პერიოდს’’

2013 წლის პირველ ოქტომბერს, პარლამენტში გამართულ ეკონომიკურ დებატებზე, უმრავლესობის წარმომადგენელმა, ზურაბ ტყემალაძემ, ყურადღება საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა. იგი შეეხო საქართველოში შემოდინებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, სავაჭრო ბრუნვას, ტურიზმის სექტორს და მათ შორის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობასაც. დეპუტატის განცხადებით, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, მხოლოდ 2013 წლის 6 თვეში გაწეული ხარჯების საკასო შესრულება,  223 მლნ. ლარს შეადგენს, რაც 21 მლნ. 700 ათასი ლარით აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდს. აღსანიშნავია ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დახარჯული თანხების მოცულობაც, რომელიც 2013 წლის 6 თვეში  84 მლნ. 338 ათას ლარს შეადგენს, რაც 36%-ით აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდში ამ მიზნით დაფინანსებულ სამუშაოებს. მიმდინარე წელს დაგეგმილია 111 კმ. მოცულობის ავტომაგისტრალის მშენებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2013 წელს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დაგეგმილია მოძრაობის გახსნა 40 კილომეტრზე მეტი  სიგრძის მონაკვეთზე, როცა 2012 წელს მოძრაობა მხოლოდ 1.5 კილომეტრზე გაიხსნა, ხოლო მშენებლობის აქტივობა კი 77 კმ. შეადგენდა. შევადაროთ 1.5 კმ. და 40 კმ. რამხელა განსხვავებაა მათ შორის’’.

 

ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა, გადაემოწმებინა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2013 წელს გაწეული ხარჯების და ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დაგეგმილი პროექტების 2012 წელთან შედარებითი უპირატესობა.

 

„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის’’ მიხედვით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი გადასახდელები (ხარჯები, ფინანსური და არაფინანსური აქტივების ზრდა და ვალდებულებების კლება.)  901 მლნ. ლარს შეადგენს. „საქართველოს 2012 წლის  საწყისი ბიუჯეტის მიხედვით’’  კი გადასახდელები 960 მლნ. ლარს შეადგენდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ 2012 წელს ბიუჯეტის კანონში ცვლილება ოთხჯერ მოხდა, შესაბამისად, ზემოხსენებული სამინისტროსთვის გამოყოფილი გადასახდელებიც მუდმივ ცვლილებებს განიცდიდა. 2012 წლის საბოლოო  დაზუსტებული გეგმის მიხედვით, გადასახდელები 767 მლნ. ლარს შეადგენდა. წლის ბოლოს კი, 12 თვის საკასო შესრულებამ, 655 მლნ. ლარი შეადგინა.tye

როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშის ამსახველი მონაცემები (სამი კვარტლის მონაცემები ჯერ ცნობილი არ არის) გვაჩვენებს, 2013 წლის ორი კვარტლისთვის გაწეული ხარჯების საკასო შესრულება 223 მლნ. ლარს შეადგენდა, 2012 წელს კი - 202 მლნ ლარს. ეს  ზუსტად ის რიცხვებია, რომელიც დეპუტატმა განცხადებაში დაასახელა.

 

tye1

ზემოთ მოყვანილი გრაფიკების მიხედვით, რომლებიც ასევე ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშს ასახავს, 2013 წელს 2 კვარტლისთვის, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალის მშენებლობაზე გაწეულმა ხარჯებმა, 84 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში გაწეულმა ხარჯებმა კი - 62 მლნ. ლარი.  მონაცემებიდან ვხედავთ, რომ 2013 წელს გაწეული ხარჯები 36%-ით აღემატება 2012 წლის იგივე პერიოდის ხარჯებს, რაც ასევე იგივე მონაცემს წარმოადგენს, რაც დეპუტატმა მოხსენების დროს დაასახელა.

 

ტყეგრაფიკებზე მოყვანილი ინფორმაცია წარმოდგენილია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მუშაობის 6 თვის ანგარიშიდან. ეს გრაფიკები გვაჩვენებს, რომ 2013 წლის პირველ 6 თვეში, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე სამშენებლო აქტივობა 111 კმ. იყო (სამშენებლო აქტივობა გვიჩვენებს რამდენ კილომეტრზე მიმდინარეობს სამუშაოები), მაშინ, როცა 2012 წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 77 კილომეტრს შეადგენდა. ამ მონაცემების მიხედვით, ნათელია, რომ მოძრაობა 2012 წელს 1.45 კმ-ზე გაიხსნა, ხოლო 2013 წელს კი, მოძრაობის გახსნა 51.7კილომეტრზე იგეგმება, რაც, ერთი შეხედვით, 2012 წელთან შედარებით 2013 წლის უპირატესობაზე მეტყველებს. თუმცა, ეს შთაბეჭდილება ბოლომდე მართებული არ არის.

 

tye2ზემოთ მოყვანილი მონაცემების მიხედვით, რაც ასევე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მუშაობის 6 თვის ანგარიშს ეკუთვნის,  2012 წელს სამშენებლო სამუშაოები   შემდეგ ავტომაგისტრალებზე მიმდინარეობდა: ლიახვის ესტაკადები, რუისი-აგარა, ქუთაისის შემოვლითი გზა, ქუთაისი-სამტრედია და ქობულეთის შემოვლითი გზა; მშენებლობა კი, ამ წელს, მხოლოდ ლიახვის ესტაკადებზე დასრულდა.

 

tye3

რაც შეეხება 2013 წელს, როგორ ზემოთ არსებული გრაფიკებიდან ვხედავთ, მოძრაობის გახსნა შემდეგ მონაკვეთებზე იგეგმება: რუისი-აგარა - 8 კმ, ქუთაისის შემოვლითი გზა - 17.3 კმ, ქუთაისი-სამტრედია-14.0 კმ და ქობულეთის შემოვლითი გზა - 12.4 კმ; საერთო ჯამში, ეს მონაკვეთები მთლიანად 51.7 კილომეტრს შეადგენს.

 

თუმცა, აქ აღსანიშნავია ერთი გარემოება. კერძოდ, 2013 წლის 6 თვის იანვარი-ივნისის მონაცემებით,  ყველა იმ მონაკვეთზე, სადაც მოძრაობის გახსნა 2013 წელს იგეგმება, 2012 წელს სამუშაოები უკვე მიმდინარეობდა, უბრალოდ, პროექტის ფარგლებში მათ 2013 წელს უწევდათ დასრულება. ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად გავესაუბრეთ როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, ბატონ რამაზ ნიკოლაიშვილს, ისევე სამინისტროში საავტომობილო გზების განვითარებისა და რეკონსტრუქციის მოდერნიზაციის სამმართველოს უფროსს, ბატონ ბეჟან მინჯორაიას. ბატონი ბეჟანის განცხადებით, მშენებლობა ამ მონაკვეთებზე  სხვადასხვა პერიოდებში დაიწყო: რუისი-აგარას მონაკვეთზე - 2012 წლის დეკემბერში; ქუთაისის შემოვლით გზაზე 2011 წლის დეკემბერში (მაგრამ პრაქტიკული სამუშაოები - 2012 წელს), ქუთაისი-სამტრედია - 2012 წლის ივლისში და ქობულეთის შემოვლით გზაზე - ოფიციალურად 2011 წელს (მაგრამ პრაქტიკული სამუშაოები 2012 წელს). როგორც ვხედავთ, ყველა მონაკვეთზე, მუშაობა ძირითადად  2012 წელს არის დაწყებული. ბატონმა რამაზ ნიკოლაიშვილმაც, ასევე, დაგვიდასტურა, რომ ეს სამუშაოები 2013 წლამდე უკვე დაწყებული იყო.

 

tye4

ზემოთ მოყვანილი მონაცემების მიხედვით, 51.7 კმ. სიგრძის მონაკვეთის გახსნისთვის, გეგმით გამოყოფილი ბიუჯეტი 279.6 მლნ. ლარს შეადგენს. აქედან, გეგმის მიხედვით,  2013 წლის ივნისის ჩათვლით 145.8 მლნ. ლარი უკვე დაიხარჯა, საიდანაც 84 მლნ. ლარი 2013 წლის იანვარი-ივნისის პერიოდს ეკუთვნის: რუისი-აგარას მონაკვეთზე - 4 მლნ. ლარი, ქობულეთის შემოვლით გზაზე - 17 მლნ. ლარი და ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთზე - 50 მლნ. ლარი. 84 მილიონიდან დარჩენილი 13 მლნ. ლარი კი ამ ძირითად პროექტებზე მიბმულ სხვადასხვა სამუშაოებს მოხმარდა. შესაბამისად, 2012 წელს განხორციელებული სამუშაოების ღირებულება მთლიანად 62 მლნ. ლარის იყო (145.8-84=61.8). ეს კი, ზუსტად ის თანხაა, რაც 2012 წლის პირველ ორ კვარტალში დაიხარჯა. ამ გამოთვლებიდან, ვასკვნით, რომ 2012 წლის მესამე და მეოთხე კვარტალში სამუშაოები არ განხორციელებულა, რაც შესასრულებელი სამუშაოების ტიპით და გარკვეული სეზონური შეზღუდვებით შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაგეგმილი 51,7 კმ-დან გახსნილია ქობულეთის შემოვლითი გზა - 12.4 კმ. შესაბამისად, დარჩენილია 39.3 კმ.  თუმცა, როგორც ბატონმა ბეჟანმა გვითხრა, დღეს-დღეობით, ძირითადი სამუშაოები, რომელიც შეიძლებოდა სეზონურობის პრობლემების გამო შეფერხებულიყო, უკვე შესრულებულია და აღნიშნულმა სეზონურმა შეზღუდვებმა სამუშაოების დასრულებას ხელი აღარ უნდა შეუშალოს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ  133.8 მლნ. ლარის დარჩენილი სამუშაოები წლის ბოლომდე შესრულდება.

 

დასკვნა

 

უმრავლესობის წარმომადგენელმა, ზურაბ ტყემალაძემ, 2013 წლის პირველი ოქტომბრის ეკონომიკურ დებატებზე, 2013 წლის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს მიერ გაწეული ხარჯების და ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე  დაგეგმილი პროექტების 2012 წელთან შედარებით უპირატესობაზე ისაუბრა. მოკვლევის შედეგად, დავადგინეთ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2013 წლის პირველ ორ კვარტალში გაწეული ხარჯები 223 მლნ. ლარს შეადგენდა, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 202 მლნ. ლარს. 2013 წლის პირველ 6 თვეში ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გაწეული ხარჯები 84 მლნ. ლარია, რაც 36%-ით აღემატება 2012 წლის შესაბამის პერიოდს. ეს მონაცემები ადასტურებს დეპუტატის მიერ მოყვანილ რიცხვებს.

 

ასევე, ჩვენ დავადგინეთ, რომ 2013 წელს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე სამშენებლო აქტივობა 111 კმ-ს შეადგენს, 2012 წელს კი - 77 კმ. შეადგინა. 2013 წელს მოძრაობის გახსნა 51.7 კმ-ზე იგეგმება, როცა 2012 წელს მოძრაობა 1.45 კმ-ზე გაიხსნა. ეს მონაცემებიც ზუსტად იმ რიცხვებს გულისხმობს, რაზეც დეპუტატი საუბრობდა, თუმცა, ეს მაინც არ მიუთითებს ცალსახად 2013 წლის უპირატესობაზე 2012 წელთან შედარებით, რადგან სამუშაოები, რომელთა დასრულებაც 2013 წელს იგეგემება, 2012 წელს უკვე მიმდინარეობდა. ძირითადი სამუშაოებიც ნაწილობრივ შესრულებული იყო და პროექტის ფარგლებში მათ უბრალოდ 2013 წელს უწევდათ დასრულება.

 

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის განცხადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2013 წელს გაწეული  ხარჯებისა და ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დაგეგმილი პროექტების 2012 წელთან შედარებითი უპირატესობის შესახებ,  არის მეტწილად სიმართლე.