ტელეკომპანია „იმედმა“ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა კვესიტაძის გადაცემიდან „აქცენტები“, მიშა მშვილდაძის ინტერვიუს მონაკვეთი გაავრცელა შემდეგი წარწერით: „მიშა მშვილდაძე რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას მიესალმება. 2011 წელი“. აღნიშნული ვიდეო, თავდაპირველად Facebook-გვერდმა „არქივი“ იმავე წარწერით გამოაქვეყნა. რეალურად, აღნიშნული გადაცემა ეთერში 2013 წელს გავიდა. ამავდროულად, გავრცელებული მონაკვეთი იმგვარადაა მოჭრილი, რომ შესაძლოა მომხმარებელს არასწორი შთაბეჭდილება შეუქმნას.

აღნიშნული მონაკვეთის გავრცელების შემდეგ, მიშა მშვილდაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ტელეკომპანია იმედს მიმართა: „უსინდისო ხალხი ხართ თქვენ, სრული ვიდეოს დადებდით ლინკში, შეგნებულად რომ არ ცრუობდეთ ერთ პატარა წინადადებაში „სათქვენოდ“ დაჭერილი რაღაც ფრაზით, კონტექსტი რომ ეგრევე ჩააჭერით და ეგეც არ გეყოთ, შეგნებულად იტყუებით, თითქოს 2011 წელია და აი ნაცების დროს რუსეთს აპრავებდა“.

„ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა, თუ რას ეხებოდა აღნიშნული გადაცემა და როდის გავიდა ის ეთერში. გადაცემაში „აქცენტები“ დისკუსია 2013 წლის 1 მარტს გაიმართა და ევრაზიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ეხება, რომელსაც ქართველი რეჟისორები, მსახიობები და მომღერლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლითაც შეხვედრის მონაწილეები მიესალმნენ „რუსეთის უმაღლესი ხელისუფლის, ვლადიმერ პუტინის მიერ 2012 წლის 20 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას, რომ რუსეთის ფედერაცია, პოლიტიკური წინაპირობების გარეშე, გზას გაუხსნის ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტებს რუსულ ბაზარზე“.

შეხვედრაზე დაპატიჟებული იყო მომღერალი ირმა სოხაძეც, რომელმაც შემდეგი განცხადება გააკეთა: „მთავარი არ არის ის, რომ ვილაპარაკოთ წარსულზე, ერთი მხრივ, რუსეთის სიდიადეზე და დამსახურებებზე და მეორე მხრივ, მის საშინელ სახეზე, რომელიც მან ჩვენ მიმართ გამოაჩინა. ახლა მთავარია მომავლის გზები და ნაბიჯები დავსახოთ, რაც ურთულესია, მაგრამ მიმაჩნია, რომ თუ რუსეთის ინტელიგენციის ჩართულობით მათ პოლიტიკურ წრეებზეც გარკვეულ ზეწოლას გამოვიწვევთ, ვფიქრობ, რაღაც შედეგი იქნება“.

ეკა კვესიტაძის გადაცემაში „აქცენტები“ დისკუსია მიშა მშვილდაძისა და ირმა სოხაძის მონაწილეობით სწორედ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით იმართება. ირმა სოხაძემ გადაცემაშიც აღნიშნა, რომ ქართველი მომღერლების რუსეთში ჩასვლის შემდეგ, მართალია, მაშინვე არ მოხდება ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ, მსგავსი ქმედებებით, რაღაც მოძრაობებით, მოხდება გამთლიანება.

გადაცემის დროს ასევე იმსჯელეს ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტზე. ეკა კვესიტაძის თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელშიც წერია, რომ „ომი არც რუსეთს და არც საქართველოს არ დაუწყია, ომის დაწყება ცალკეული პოლიტიკოსების ნებამ განაპირობა. აგვისტოს ომი უდიდესი ტრაგედიაა, ამ ტრაგედიამ უფრო უნდა დაგვაახლოოს, რათა მსგავსი მოვლენა მომავალში გამოირიცხოს“.

მიშა მშვილდაძემ დოკუმენტის განხილვის შემდეგ განაცხადა, რომ ყველა ქმედების უკან მას სურს, ჯანსაღი ეკონომიკური ინტერესი დაინახოს. მაგალითად, თუ ქართული ღვინო გავა რუსულ ბაზარზე და გლეხი აქ ფულს იშოვის, უფრო მეტს ვიდრე დღეს, ეს არის კარგი. თუ კულტურის ექპანსია მოხდება და აღდგება კულტურულ-ეკონომიკური კავშირები, ეს მისაღებია. „იქ რაღაც ცნობადობა არსებობს და ეს ფული წამოსაღებია ქვეყანაში. მესმის, ეს არის ძალიან პატრიოტული მიდგომა, ექსპორტი ყველაფრის მათ შორის კულტურისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ ქვეყნისთვის და აბსოლუტურად გასაგებია, თუ ამის შესაძლებლობა გაჩნდება. უბრალოდ მთავარია, რომ ეს არ მიებას პოლიტიკურ საკითხს. (...) ამ თემის პოლიტიზება არის ცუდი და არავითარი ევრაზიული კავშირი და ამ სიტყვებთან თამაში“.

მშვილდაძემ ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე წარმოდგენილი დოკუმენტიც სწორედ ევრაზიული კავშირთან საქართველოს დაახლოებაა. „უნდა ვისაუბროთ ოკუპაციაზე, რუსეთი განვიხილოთ როგორც სამყაროს ნაწილი და არა, როგორც სამყაროს ცენტრი. მე ერთადერთ რამეზე ვწუხვარ, ამ ქვეყნის მოსახლეობას აქვს გამოთქმული უკვე თავისი დასაბუთებული ნება, პლებისციტის შედეგად, ამ ქვეყნის მომავალს, მოსახლეობის უმრავლესობა ხედავს ევროატლანტიკურ ალიანსში. არ გვინდა პოლიტიზირება ამ კულტურული კავშირების, იყოს კულტურული კავშირები, არ ვარ წინააღმდეგი, როგორ შეიძლება იყოს ვინმე წინააღმდეგი ნებისმიერი ეკონომიკური აქტივობის. ეკონომიკური აქტივობა ეს არის ზოგადი სიკეთე, სამყაროსთვის მთლიანად, აქ არის საუბარი იმაზე, რომ არსებობს რაღაც ნება, რომელიც ამ ქვეყანამ გამოხატა და არ მინდა, რომ ვინმე, თუნდაც ბრმა იარაღად იქცეს ბრძოლაში ვიღაცის, რომელსაც უნდა რომ საქართველო იხილოს პუტინის ევრაზიულ კავშირში“. ტელეკომპანია „იმედმა“, სწორედ აღნიშნული მონაკვეთის გარეშე გაავრცელა სიუჟეტი, რამაც Facebook- მომხმარებლებს შესაძლოა, მიშა მშვილდაძის კომენტარზე არასწორი შთაბეჭდილება შეუქმნას.

ამავდროულად, იმედის მტკიცება, რომ სიუჟეტი 2011 წლისაა, არის მცდარი. ამის გადამოწმება ვიზუალური მასალითაც შესაძლებელია. სტუდია, სადაც გადაცემის ჩაწერა მიმდინარეობდა 2011 წელს გამოიყურება შემდეგნაირად:

ხოლო, 2013 წელს სტუდიას აქვს შეცვლილი დიზაინი (იხილეთ ფოტო).

დეკორაციიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მიშა მშვილდაძის ინტერვიუ იმავე სტუდიაშია ჩაწერილი.

ამდენად, გადაცემიდან „აქცენტები“ ამოღებული მონაკვეთი, რეალურად, 2013 წლისაა.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი