თამაზ დათუნაშვილი: 2018 წლიდან იქ [ჩუმათელეთი-ხარაგაულის გზა] ტენდერი ვეღარ ჩაატარეს. 2018 წელს გაძარცვა აზერბაიჯანულმა კომპანიამ, ფაქტობრივად და დატოვა ის გზა ცარიელი.

ვერდიქტი: თამაზ დათუნაშვილის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: ძირულა - ხარაგაული - მოლითი - ჩუმათელეთის (50 კმ) გზის მოლითი - ჩუმათელეთის მონაკვეთის კმ24+620 - კმ50+244 (ლოტი 2) სარეაბილიტაციო სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია Akkord lndustry Construction Investment Corporation OJSC -ი ასრულებდა. საერთაშორისო საკონკურსო ვაჭრობაში გამარჯვებულ კომპანიასა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება 2018 წლის ბოლოს გაფორმდა. პროექტი, რომლის ღირებულებაც 54 566 117 ლარით განისაზღვრა, 2019 წლის 31 მაისს დაიწყო და 2021 წლის 16 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო. თუმცა „აკკორდმა“ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და 2021 წლის 3 ნოემბერს შემსყიდველმა ხელშეკრულება შეუწყვიტა. შემსრულებლისთვის უკვე გადახდილი იყო 13 979 852 ლარი, აქედან 8 184 918 ლარი - ავანსის სახით, რაც, დეპარტამენტის ინფორმაციით, ამოღებულია და ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში. აღსანიშნავია, რომ „აკკორდის“ მიმართ პრეტენზიები აქვს შპს „კალმახელს“, რომელიც აღნიშნულ პროექტში ქვეკონტრაქტორი იყო. ის შესრულებული სამუშაოების ღირებულების ამოღებას დღემდე უშედეგოდ ცდილობს.

დარჩენილი სამუშაოების განხორციელების მიზნით, 2022 წელს დეპარტამენტმა ორი ტენდერი გამოაცხადა, რომლებიც ჩაიშალა. 2023 წლის 16 მაისს გამოცხადებულ ტენდერში კი წინადადებების მიღება 19 ივნისს დასრულდება. ამჯერად შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 85 674 666 ლარს შეადგენს.

2018 წელს, პროექტის დაწყების დროს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყებოდა, რომ ძირულა - ხარაგაული - მოლითი - ჩუმათელეთის რეაბილიტირებული გზა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 23 000-მდე და გზის მიმდებარედ 13 სოფელში მცხოვრებ 7 000-მდე ადამიანს გადაადგილების პირობებს გაუუმჯობესებდა. მოსახლეობა კი დღესაც ამაოდ ელოდება, როდის შეასრულებს უწყება წლების წინ გაცემულ პირობას.

ანალიზი: პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა თამაზ დათუნაშვილმა განაცხადა: „2018 წლიდან [ჩუმათელეთი-ხარაგაულის გზის რეაბილიტაციის] ტენდერი ვეღარ ჩაატარეს. 2018 წელს გაძარცვა აზერბაიჯანულმა კომპანიამ, ფაქტობრივად და დატოვა ის გზა ცარიელი“.

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა. ძირულა - ხარაგაული - მოლითი - ჩუმათელეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ინფორმაცია „ფაქტ-მეტრმა“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან ოფიციალურად გამოითხოვა. მიღებული პასუხიდან ირკვევა, რომ კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც შემსყიდველმა კონტრაქტი შეწყვიტა. ამ დროისთვის მას მიმწოდებლისთვის უკვე გადახდილი ჰქონდა 13 979 852 ლარი. აქედან 8 184 918 ლარი იყო ავანსი, რომელიც, დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიისგან ამოღებულია და ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში.

უფრო დეტალურად კი, ხელშეკრულება, რომელიც ძირულა - ხარაგაული - მოლითი - ჩუმათელეთის (50 კმ) გზის მოლითი - ჩუმათელეთის მონაკვეთის კმ24+620 - კმ50+244 (ლოტი 2) სარეაბილიტაციო სამუშაოებს ითვალისწინებდა, საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და აზერბაიჯანულ კომპანია Akkord lndustry Construction Investment Corporation OJSC -ს შორის 2018 წელს გაფორმდა. კომპანიამ „აზიის განვითარების ბანკის“ შესყიდვების სახელმძღვანელოს მიხედვით გამართულ საერთაშორისო საკონკურსო ვაჭრობაში გაიმარჯვა. პროექტი, რომლის ღირებულებაც 54 566 117 ლარით განისაზღვრა, 2019 წლის 31 მაისს დაიწყო და 2021 წლის 16 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო.

დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 11 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამუშაოები დაბალი ტემპით მიმდინარეობს, რის გამოც კომპანიას ინსტრუქცია მიეცა და ის დამატებითი მუშახელის მობილიზებას გეგმავს და პროექტს სახელშეკრულებო ვადაში დაასრულებს. თუმცა პირობა არ შესრულდა, „აკკორდმა“ ნაკისრ ვალდებულებებს თავი ვერ გაართვა და 2021 წლის 3 ნოემბერს დეპარტამენტმა მასთან კონტრაქტი გაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს დეპარტამენტს სამუშაოებზე ზედამხედველი კომპანიაც დაქირავებული ჰყავდა, პროექტისთვის განკუთვნილი პერიოდი, ფაქტობრივად, ისე გავიდა, რომ შემსყიდველმა დროის ფუჭი ხარჯვა თავიდან ვერ აიცილა. ნაწილობრივ შესრულებული სამუშაოები, ერთ წელზე მეტია, რაც მიტოვებულია, რის გამოც ზიანდება. ეს კი, სავარაუდოდ, დამატებით ხარჯებს გამოიწვევს. მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას დღემდე უშედეგოდ ელოდება. თუმცა 2018 წელს, პროექტის დაწყების დროს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყებოდა, რომ ძირულა - ხარაგაული - მოლითი - ჩუმათელეთის რეაბილიტირებული გზა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 23 000-მდე და გზის მიმდებარედ 13 სოფელში მცხოვრებ 7 000-მდე ადამიანს გადაადგილების პირობებს გაუუმჯობესებდა. ნაწილობრივ განხორციელებული სამუშაოებიც ზიანდება, რაც, სავარაუდოდ, დამატებითი ხარჯების საფუძველია. „აკკორდთან“ თანამშრომლობით უკმაყოფილოა შპს „კალმახელიც“. ის აღნიშნული გზის მშენებლობაზე აზერბაიჯანული კომპანიის ქვეკონტრაქტორი იყო. „კალმახელის“ დამფუძნებელს, განხორციელებული სამუშაოების ღირებულების ამოსაღებად, სასამართლო დავა დასჭირდა.

დონორ ორგანიზაციასთან (აზიის განვითარების ბანკი) შეთანხმების შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, 2022 წლის 11 მაისს, აღნიშნული გზის მონაკვეთზე დარჩენილი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოცხადდა. მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა მიიღო. ტენდერი ჩაიშალა და 2022 წლის 14 ოქტომბერს ხელმეორედ გამოცხადდა. ამჯერად მასში ხუთი პრეტენდენტი ჩაერთო, თუმცა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. 2023 წლის 16 მაისს გამოცხადებულ ტენდერში კი სატენდერო წინადადებების წარდგენა 19 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ამჯერად 85 674 666 ლარს შეადგენს. შემსყიდველი მიუთითებს, რომ ტენდერი დარჩენილ სამუშაოებზე გამოცხადდა, თუმცა მისი ღირებულება გაცილებით მეტია, ვიდრე თავდაპირველად, 2018 წელს იყო. სამუშაოებისთვის 24 თვეა განსაზღვრული.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი