სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიში გამოაქვეყნა. 2023 წლის 23 თებერვალს გასაჯაროებული დოკუმენტის თანახმად, შესაბამისობის აუდიტმა, ჯამში, 304 500 744 ლარის ხარჯი მოიცვა.

საწარმომ, რომელიც, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, 2012 წელს დაფუძნდა, რეგიონში არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა და დღესაც ახორციელებს. კომპანიას დასაწყისში შპს Boulvard trading-ი ერქვა. მოგვიანებით, სახელწოდება შეიცვალა და ჯერ - შპს „სტადიონი“, ხოლო შემდეგ შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ ეწოდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კომპანიის საწესდებო კაპიტალი 127 704 071 ლარს შეადგენდა, რომელიც, განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 14 287 931 ლარით შემცირდა და 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 113 416 140 ლარით განისაზღვრა.

2020-2021 წლებში პროექტების მართვის კომპანიას, სხვადასხვა პროექტის განხორციელების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 45 388 008 ლარი, ხოლო საკუთარი შემოსავლის სახით, 11 851 814 ლარი. აუდიტის პერიოდში განხორციელებული პროექტების ჯამური ღირებულება 292 746 998 ლარს შეადგენს. ფინანსური შედეგების შესაბამისად, პროექტების მართვის კომპანიამ 2020 წელი 275 047 ლარის მოგებით, ხოლო 2021 წელი 5 581 761 ლარის ზარალით დაასრულა, რაც ძირითადად აქტივებზე დარიცხულმა ცვეთამ განაპირობა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოხვედრილ პროექტზე „ფაქტ-მეტრმა“ გასულ წლებში არაერთი კვლევა გამოაქვეყნა. მაგალითად, 2021 წელს ჩვენ ვწერდით, რომ პროექტების მართვის კომპანიამ, ფეხბურთის სტადიონის ბუნებრივი ბალახის ზრდის ხელოვნური სანათი მოწყობილობის შეძენის მიზნით, 1 465 000-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა შპს „მაიჯიპიესთან“, რომლის ერთ-ერთ მფლობელს (ბოლო ამონაწერით ის კომპანიის მფლობელებს შორის აღარ ფიქსირდება) „ქართული ოცნებისთვის“, შემოწირულების სახით, 60 000 ლარი ჰქონდა გადარიცხული. აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ამის შემდეგ, საწარმომ აღნიშნული ქონება, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით გადასცა შპს „ანაგს“. ყოველთვიური საიჯარო ქირა 12 208 ლარს შეადგენდა, ხოლო მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება - თვეში, საშუალოდ, 40 000 ლარს. აუდიტორული პროცედურებით გაირკვა, რომ სანათი მოწყობილობები, მითითებულ პერიოდში, სრულად არ იყო გამოყენებული. კერძოდ: ირლანდიური კომპანია SIS-ის მიერ ჩატარებული, ბათუმის სტადიონის დაჩრდილვის ზონების კვლევის შედეგების შესაბამისად, თითქმის ნახევარი სტადიონი ვერ იღებს საჭირო რაოდენობით მზის სხივებს, განსაკუთრებით ოქტომბრიდან მარტამდე პერიოდში.

უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ შპს „ანაგმა“ ააშენა ბათუმის ახალი სტადიონი, რომელიც, ასევე, მოხვდა აუდიტის სამსახურის ანგარიშში. „ფაქტ-მეტრმა“ ამ პროექტების შესახებაც არაერთხელ დაწერა. მნიშვნელოვანი გარემოებაა: ჩვენ ჯერ კიდევ 2018 წელს გამოქვეყნებული სტატიით ვაუწყეთ საზოგადოებას, რომ სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობდა სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის გარეშე. იმ დროს მშენებლობა უკვე რვა თვის დაწყებული იყო. შემსყიდველმა კი, რამდენიმე ტენდერის გამოცხადების მიუხედავად, ზედამხედველი კომპანიის მომსახურების შესყიდვა ვერ შეძლო. ჩვენს კითხვაზე, იყო, თუ - არა აღნიშნული ფაქტორი საფრთხის შემცველი, პროექტების მართვის კომპანიამ (ყოფილმა შპს „სტადიონმა“) გვიპასუხა, რომ ამის ალბათობა არ არსებობდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აღნიშნულ გარემოებას ყურადღება მიაქცია. უწყება მიუთითებს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის (უსაფრთხოების მომატებული ფაქტორი) შენობა-ნაგებობების მშენებლობის გარკვეული ნაწილი სათანადო ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების გარეშე წარიმართა.

ასეთ ობიექტებს შორის, სტადიონის გარდა, მოხვდა 170-საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფო. აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაზე ჩვენ ასევე რამდენიმე სტატია გამოვაქვეყნეთ. მათ შორის, ვწერდით, რომ შემსყიდველმა შენობა საბოლოო პროცედურების გავლის გარეშე ჩაიბარა, ანუ ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობდა. როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიუთითებს, მშენებლობის გარკვეულ ეტაპზე არც ტექნიკური ზედამხედველობა ხორციელდებოდა. ეს ფაქტორები კი უსაფრთხოების რეგულაციების თვალსაზრისით, შესაძლოა, რისკის შემცველი იყოს.

კიდევ ერთი მსხვილი პროექტი, რომელსაც „ფაქტ-მეტრმა“ გასულ წლებში ყურადღება მიაქცია, არის ბათუმის ახალი ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობა. შპს „პროექტების მართვის კომპანიამ“ შპს Westincor limited-თან 19 990 000 აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ჩვენ ვწერდით, რომ ობიექტის მშენებლობა შეწყდა, ხოლო მხარეებს შორის შეთანხმების საფუძველზე, შემსყიდველმა მიმწოდებელს 10 მლნ აშშ დოლარი გადაუხადა. მოგვიანებით კი „პროექტების მართვის კომპანიამ“ ახალი ტენდერი გამოაცხადა. ასახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ შემსყიდველ კომპანიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემამ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვა და ხელშეკრულებების პირობების შესრულების სათანადო დადასტურება ვერ უზრუნველყო. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სოლიდური თანხაა გადახდილი, სახელმწიფო შესყიდვების არასათანადო დაგეგმვა-განხორციელების შედეგად, ობიექტის მშენებლობა ვერ დასრულდა.

უწყება გარკვევით წერს, რომ „პროექტების მართვის კომპანიას“ აქვს მთელი რიგი ხარვეზები შემდეგი მიმართულებით: კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონების ოპტიმალური გამოყენებისა და საიჯარო ხელშეკრულებების პირობების შეუსრულებლობაზე სათანადო ზედამხედველობა; სახსრების დასაბუთება და რაციონალური ხარჯვა; მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვისა და ტენდერების ღირებულების ადეკვატურად განსაზღვრის მიზნით, ეფექტიანი კონტროლის მექანიზმის დანერგვა; მშენებლობის სათანადო ზედამხედველობა, რომელიც უზრუნველყოფს ნორმების, წესებისა და ტექნიკური პირობების დაცვას; დამატებითი კონტროლის მექანიზმების დანერგვა, რეგულაციებისა და ხელშეკრულების პირობების შესრულებისა და სათანადო დადასტურების მიზნით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოყვანილი გარემოებები ადასტურებს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც რეგიონში „პროექტების მართვის კომპანიის“ მიერ განხორციელებული შესყიდვების ფარგლებში მიმდინარეობდა/მიმდინარეობს, არაერთ კითხვას აჩენს როგორც შემსყიდველის მიმართ, ასევე სამუშაოების ხარისხისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ფოტო აღებულია ბათუმის მუნიციპალიტეტის ვებგვერდიდან.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი