ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ფასების დარეგულირებაზე, საწვავის ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე: საქართველოში ბოლო 1 წლის განმავლობაში საწვავზე ფასები მართლაც შემცირდა, თუმცა იგივე სხვადასხვა მასშტაბით მოხდა მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოშიც.

საქართველო საწვავზე 100%-ით იმპორტდამოკიდებულია, მისი მოხმარება მსოფლიო ჭრილში მიზერულია და ის გლობალურ ფასწარმოქმნაზე გავლენას საერთოდ ვერ ახდენს. თუ მთავრობამ იმპორტიორებისთვის საგადასახადო ტვირთი არ შეცვალა, საცალო ფასზე გავლენას ვერც ის მოახდენს (გამონაკლისს მოგების მარჟის დაწესება, სუბსიდირება ან მთავრობის მხრიდან ბიზნესზე ზეწოლა წარმოადგენს). შესაბამისად, არც ბენზინის გაძვირებაა მთავრობის ბრალი, მაშინ როცა მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ძვირდება და არც მისი გაიაფებაა მთავრობის დამსახურება, როცა გლობალურად ნავთობი იაფდება.

საქართველოში საწვავზე დაწესებული აქციზის ოდენობა არ შემცირებულა და არც მოგების ზღვრული მარჟა დაწესებულა. ზოგადად, მოცემული მიმართულებით მთავრობას არანაირი მარეგულირებელი ჩარჩო არ შეუცვლია. შესაბამისად, საწვავზე ფასების შემცირების მთავრობის მხრიდან „ფასების რეგულირების“ მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირება, აბსურდია.

ამავდროულად, საცალო ქსელში ფასები ბოლო ერთ წელიწადში მაინც უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში. აღნიშნულის მიზეზი ნაწილობრივ მართლაც არის მთავრობის სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც რუსეთთან მიმართებით დაკავებულ ისეთ პოზიციაში გამოიხატა, რამაც საქართველო რუსული ფულადი ნაკადების შემოდინების მიმზიდველ მიმართულებად, რუსული ნავთობის მოხმარება კი შესაძლებელი გახადა. კერძოდ, 2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 5-ჯერ გაიზარდა, რაც კურსის გამყარების ერთ-ერთი და თავის მხრივ საწვავის ლარში გამოხატული ღირებულების შემცირების მიზეზი გახდა. გარდა ამისა, იაფი რუსული საწვავის წილი 2023 წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-დან 75%-მდე გაიზარდა. შესყიდვის დროს ხარჯების შემცირებამ იმპორტიორებს ფასების კლების დამატებითი შესაძლებლობა გაუჩინა.

შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ანალიზი:

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 18 აპრილს მთავრობის სხდომაზე სამომხმარებლო ფასებზე საუბრისას განაცხადა (3:27-დან): „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ფასების დარეგულირებაზე, ფასების კლებაზე, ფასებმა დაიწია მნიშვნელოვნად საწვავზე“.

საწვავზე, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ პროდუქტზე ფასს მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს. რადგან საწვავზე მოთხოვნა ნაკლებად ელასტიკურია, მისი გაძვირება მოხმარებას ვერ ამცირებს ან ამცირებს მაგრამ უმნიშვნელოდ. მიწოდების მოცულობას ნავთობმომპოვებელი ქვეყნები განსაზღვრავენ, რომლებიც გადაწყვეტილებას მოთხოვნის შესაბამისად იღებენ, თავად მოთხოვნას კი ეკონომიკური აქტივობა და ტექნოლოგიური განვითარება განაპირობებს. ორივე შემთხვევაში დამატებით ფაქტორად შეიძლება პოლიტიკური ფაქტორებიც გამოვლინდეს.

2020 წლის აპრილში, მაშინ როდესაც პლანეტის მოსახლეობის ნახევარი მკაცრი ლოკდაუნის პირობებში ცხოვრობდა, საწვავზე მოთხოვნის დრამატული კლების ფონზე BRENT-ს მარკის ბარელი ნავთობის ფასი 20 დოლარს ჩამოსცდა, WTI კი მცირე ხნით საერთოდ მინუსში გავიდა და ფასის ვარდნის რეკორდი მოხსნა (-37 დოლარი). OPEC+ ქვეყნებმა მოპოვების 10%-იანი კლების გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ფასი წლის ბოლომდე მაინც 50 დოლარს ქვემოთ ნარჩუნდებოდა.

2021 წელს შეზღუდვები ნელ-ნელა მოიხსნა. პარალელურად, იზრდებოდა ნავთობის მოპოვებაც, ოღონდ უფრო დაბალი ტემპით, რაც ფასის ზრდას იწვევდა. 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, ბარელის ღირებულება უკვე 80 დოლარს აჭარბებდა. ომის დაწყების შემდეგ, მარტში 2008 წლის შემდეგ პირველად „შავი ოქროს“ ღირებულებამ 130 დოლარს გადააჭარბა, შემდეგ ისევ შემცირდა და 100-დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა.

დიზელისა და ბენზინის საცალო ფასს პლატსის ფასი განსაზღვრავს, მაგრამ თავად პლატსის ფასი ნედლი ნავთობის ღირებულებაზეა დამოკიდებული. თავისუფალი ბაზრის პირობებში, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ძვირდება, გარკვეული პერიოდის შემდეგ ფასები ავტოგასამართ სადგურებზეც იზრდება. ანალოგიურად ხდება ფასების შემცირების დროსაც.

თავისუფალ ბაზარზე მთავრობები ფასწარმოქმნაში არ ერევიან, მაგრამ ზოგჯერ თავისუფალი ბაზარი არათავისუფალი ხდება. ლეგალური მეთოდებიდან ფასების შემცირება ძირითადად ორი გზითაა შესაძლებელი, პირდაპირი სუბსიდირებითა და საგადასახადო შეღავათებით. საქართველოს მთავრობას პურის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზისგან განსხვავებით, საწვავის შემთხვევაში მსგავსი მეთოდისთვის არ მიუმართავს. ივლისში დიზელის ფასმა 4.80-ს გადააჭარბა, 4 ლარს აღემატებოდა პრემიუმის ფასიც, ყველაზე იაფი რეგულარის ტიპის ბენზინის ფასი კი 3.70-ს.

ფასების ზრდის დროს, მთავრობის წევრები არგუმენტად საგარეო ფაქტორებს იშველიებდნენ. და ეს რეალობას შეესაბამებოდა. საქართველოში ადგილობრივი მოპოვება მოთხოვნის 5%-ზე ნაკლებია და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის არარსებობის გამო, ისიც მთლიანად ნედლეულის სახით ექსპორტზე გადის. მაგრამ თუ საწვავზე ფასების ზრდა მთავრობის ბრალი არ არის, მაშინ არც გაიაფება უნდა იყოს მისი დამსახურება, გარდა იმ შემთხვევისაც, თუ იმპორტიორს/რეალიზატორს საგადასახადო ტვირთი არ შეუმცირა. მსგავსი ფაქტი საქართველოში არ მომხდარა. აქციზის საფასური ტონა დიზელზე (1300 ლიტრი) ისევ 400 ლარია, ტონა ბენზინზე 500 ლარი, დღგ კი - ისევე როგორც სხვა ბიზნესის შემთხვევაში, 18%. ცვლილებები არც საშემოსავლოსა და მოგების გადასახადის განაკვეთებს შეხებია.

გასული წლის მარტ-აპრილთან, განსაკუთრებით კი ივლის-აგვისტოსთან შედარებით, საქართველოში საცალო ფასები საწვავზე მართლაც შემცირებულია, თუმცა საწვავი მთელ მსოფლიოშია გაიაფებული.

საქსტატის ცნობით, მარტში - გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საცალო ქსელში დიზელის ფასი საშუალოდ - 9%-ით, ბენზინის კი 33%-ით იყო შემცირებული. აპრილის კონსოლიდირებული მონაცემები 3 მაისს გახდება ცნობილი. ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ნაწილის ვებ-გვერდზე ფასების არქივი ხელმისაწვდომია. „ვისოლის“ ქსელში 17 აპრილს - წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დიზელის ღირებულება 22%-25%-ით იყო შემცირებული, რეგულარის ტიპის ბენზინის - 39%-ით, პრემიუმის - 34%-ით, სუპერის - 17%-ით, ბუნებრივი გაზი კი პირიქით - 6.3%-ით იყო გაძვირებული.

სომხეთში მარტში დიზელის საწვავი 26.9%-ით იყო გაიაფებული, ბენზინის - 2.8%-ით. მეზობელი სახელმწიფოებიდან რუსეთი და აზერბაიჯანი თავად არიან ნავთობის მომპოვებლები, რის გამოც ეს ორი ქვეყანა შესადარისად კარგი მაგალითი ვერ იქნება. 60%-ზე მაღალი ინფლაციის გამო, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში 80%-საც გადააჭარბა, რელევანტური არც თურქეთის მაგალითი იქნება.

შედარებით მცირედით - 3%-5%-ის ფარგლებში, შემცირდა ლატვიაში. ირლანდიაში ფასი 2021 წლის ნიშნულს დაუბრუნდა და საერთო ჯამში, 9%-ით შემცირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ევროპაში ფასები ბევრად უფრო მეტად ბუნებრივ გაზზე გაიზარდა და შემდეგ ისევ მკვეთრად შემცირდა. საქართველო აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმებების ძალით მსგავს რყევებს გადაურჩა.

სხვა თანაბარ პირობებში, სხვადასხვა ქვეყანაში მოპოვებული ნედლეულის ფასი ერთმანეთის მსგავსია, რადგან ერთგვაროვან პროდუქციაზე (ნავთობი, ოქრო, სპილენძი...) თუ ფასთა შორის სხვაობა ტრანსპორტირების ხარჯზე მეტი იქნება, მას მეზობელი ქვეყნებიც აღარ იყიდიან. უკრაინაზე თავდასხმამდეც რუსული Ural-ის მარკის ნავთობის ფასი Brent-ის ღირებულებას უთანაბრდებოდა. ომმა ყველაფერი შეცვალა. რუსულ ნავთობზე მოთხოვნის შემცირებამ, მისი ფასი შეამცირა. შემცირდა რუსეთში წარმოებული ბენზინისა და დიზელის ღირებულებაც.

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულ სანქციებს ოფიციალურად არ შეერთებია, თუმცა აიღო ვალდებულება, რომ მას არ დაარღვევდა. რუსულ საწვავს სანქციები მხოლოდ ნაწილობრივ შეეხო, კერძოდ ევროკავშირში აიკრძალა მისი ტანკერებით იმპორტი, ასევე დაწესდა ფასის ლიმიტი ბარელზე 60 დოლარი. საქართველო ევროკავშირის წევრი არაა. სანქციების დაცვა გულისხმობს, რომ აკრძალული პროდუქცია პირობითად ევროკავშირის ტერიტორიაზე წარმოებული 50 000 ევროზე მეტის ღირებულების ავტომობილი საქართველოს გავლით რუსეთში არ მოხვდეს, იგივე არ ეხება რუსეთიდან იმპორტს.

2022 წლის პირველ კვარტალში საქართველომ რუსეთისგან 45 მლნ დოლარის ნავთობპროდუქტები შეიძინა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 276%-ით მეტი, ანუ 169 მლნ დოლარის. ტონაჟის მიხედვით კი ზრდის ტემპმა 335% შეადგინა - 54 ათასი ტონიდან 235 ათას ტონამდე.

თანხობრივად რუსეთის წილი ნავთობპროდუქტებში 18.4%-დან 67%-მდე გაიზარდა, მოცულობით კი - 15.6%-დან 74.6%-მდე. (2022 წლის პირველ კვარტალში 288 ათასი ტონა ნავთობპროდუქტიდან 54 ათასი ტონა იყო რუსული, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 315 ათასი ტონიდან 235 ათასი ტონა). თუ 2022 წლის პირველ კვარტალში 1 ტონა რუსული ნავთობპროდუქტის საშუალო ღირებულება 833 დოლარს შეადგენდა, 2023 წლის პირველ კვარტალში ის 719 დოლარამდე შემცირდა. საცალო ქსელში ფასების სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო დიდი ტემპით კლების შესაძლებლობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის გახდა, რომ ქართველმა ნავთობიმპორტიორებმა რუსეთის სახით იაფი მომწოდებელი გამონახეს.

მთლიანობაში თუ მხოლოდ მშრალ რიცხვებს შევხედავთ, საწვავის ფასი საქართველოში მართლაც შემცირებულია, მაგრამ ეს ერთი მხრივ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფების (პიკთან შედარებით) შედეგია, მეორე მხრივ, რუსული იაფი საწვავის წილის თითქმის 5-ჯერ - 75%-მდე გაზრდის. არის მესამე მიზეზიც - ლარის გამყარება, რაც თავის მხრივ ნაწილობრივ ასევე რუსეთიდან გაზრდილ ფულად ნაკადებს უკავშირდება, რომლის ადრესატებიც ისევ რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. გასულ წელს საცალო ქსელში ბენზინისა და დიზელის გაძვირება საქართველოს მთავრობის ბრალეულობით არ ყოფილა გამოწვეული. ანალოგიურად, მიმდინარე წელს მათი გაიაფების მთავრობის დამსახურებად წარმოჩენა, რასაც პრემიერი შეეცადა, მართებული არ იქნება. სიმართლეა მხოლოდ ის, რომ მთავრობის გაცხადებული პოლიტიკის შედეგად, არ შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულ შემზღუდავ ღონისძიებებს, იმპორტიორებს იაფ რუსულ საწვავზე წვდომის და შესაბამისად, საცალო ფასების შემცირების შესაძლებლობა გაუჩინა. აღნიშნულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი