ირაკლი კობახიძე: სტრასბურგში საქმეების რაოდენობას რაც შეეხება, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები რომ ავიღოთ, სამჯერ არის შემცირებული მაჩვენებელი

ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: ირაკლი კობახიძე 2012 წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი საჩივრების კლების ტენდენციას ქვეყნის მართლმსაჯულების ხარისხის საზომად იყენებს. რეალურად, ეს მონაცემები მართლმსაჯულების სისტემაზე დასკვნების გასაკეთებლად არ გამოდგება, ვინაიდან, მაგალითად, საქმის წარმოების წესების ცვლილებებმა, შესაბამისი კონტექსტის მიმოხილვის გარეშე, სხვადასხვა წლის მონაცემის შედარება შეუძლებელი გახადა. ამასთან, არაერთი საერთაშორისო რეიტინგი სასამართლოში არსებულ სერიოზულ გამოწვევებზე მიუთითებს.

ვრცლად იხ. ,,ფაქტ-მეტრის’’ სტატია.

პოლიტიკოსი საანგარიშო პერიოდების შედარებისას ,,მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე’’ აქცენტის გაკეთებით 2004–2012 წლებში წარდგენილი საჩივრების საერთო რაოდენობიდან, სავარაუდოდ, რუსეთის მიზანმიმართული კამპანიის შედეგად წარდგენილ 3300 საჩივარს ამორიცხავს და ასკვნის, რომ ,,მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები რომ ავიღოთ, სამჯერ არის შემცირებული მაჩვენებელი’’. რეალურად, 2013-2022 წლებში წარდგენილი საჩივრების საშუალო რაოდენობა არა 3-ჯერ არამედ დაახლოებით 2-ჯერ ნაკლებია 2004-2012 წლებში წარდგენილი საჩივრების საშუალო რაოდენობაზე (მონაცემები გასაშუალოებულია, ვინაიდან შედარებულია სხვადასხვა ხანგრძლივობის პერიოდი).

ამასთან საქმეთა წარმოების სტატისტიკაზე რუსეთის მიზანმიმართული კამპანიის გარდა, თავად ევროპულ სასამართლოსა თუ ეროვნულ დონეზე მიმდინარე პროცესებმა იქონიეს გავლენა, მათი კონტექსტის მიღმა დატოვება იმ მიზნით, რომ მოხდეს სასამართლოს სისტემაში დღეს არსებული გამოწვევების უგულებელყოფა, მანიპულაციურია. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საჩივრების რაოდენობა შემცირებულია, პოლიტიკოსის მიერ განხილული კონტექსტი არასწორია და „ფაქტ-მეტრი“ მის ამ განცხადებას აფასებს ვერდიქტით მანიპულირება.

ანალიზი:

2023 წლის 18 აპრილს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ 2012 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოსთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების ცვლილების შესახებ ისაუბრა. ,,სტრასბურგში საქმეების რაოდენობას რაც შეეხება, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები რომ ავიღოთ, სამჯერ არის შემცირებული მაჩვენებელი’’, განაცხადა პოლიტიკოსმა.

ზოგადად, ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნის შიგნით ადამიანის უფლებების დაცვის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მის მიმართ მოქალაქეების ნდობის ხარისხის საზომად ამ მონაცემებს ხშირად იყენებენ, თუმცა საქმეთა წარმოების დინამიკაზე გავლენის მქონე ფაქტორები, ძირითადად, კონტექსტის მიღმა რჩება.

იხ. ,,ფაქტ-მეტრის’’ სტატია.

იხ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩაშვილის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისთვის, ენტონი ბლინკენისთვის გაგზავნილი წერილი.

ვინაიდან, მსგავსი ტიპის განცხადებებს სისტემატური ხასიათი აქვთ, ,,ფაქტ-მეტრმა’’ ირაკლი კობახიძის განცხადება გადაამოწმა.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ დამუშავებული სტატისტიკური მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია და მათი მოძიება სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არის შესაძლებელი. ამასთან, „ფაქტ-მეტრს“, მის მიერ წარდგენილი განცხადების პასუხად, იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია მიაწოდა.

ცხრილი 1:ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2004-2012 წლებში გაგზავნილი საჩივრები:

ცხრილი 2:ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2013-2021 წლებში გაგზავნილი საჩივრები:

როგორც ვხედავთ, 2004 - 2012 წლებში სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ იქნა ჯამში - 5416 საჩივარი, ხოლო 2013 წლიდან 2021 წლის ჩათვლით - 982. 2022 წელს სასამართლოს დანაყოფებს 150 საჩივარი გადაეცათ, შესაბამისად 2013-2022 წლებში სასამართლოში ჯამში 1132 საჩივარი შევიდა.

ეს სტატისტიკა მაჩვენებლების მკვეთრ შემცირებაზე მიუთითებს, თუმცა ამ მონაცემებზე გავლენის მქონე ფაქტორების შესწავლამ უტყუარად დაადასტურა, რომ რაოდენობის ამგვარი ცვლილება ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებების მდგომარეობისა და სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობის ხარისხის სათანადო საზომად არ გამოდგება.[1]

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საქმეების დინამიკა და სტატისტიკურ მაჩვენებლებზე გავლენის მქონე ფაქტორებGnomon Wise-ის მკვლევარმა თამარ ქეცბაიამ შეისწავლა. ,,კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, როგორც ზოგადად სასამართლოსთან, ასევე, კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით, არსებული გარემოებები, რომლებიც პირდაპირ მიანიშნებს მხოლოდ საანგარიშო პერიოდების მიხედვით არსებული მონაცემების შედარების გზით ამ სახის დასკვნების გამოტანის შეუძლებლობაზე’’.[2]

,,ფაქტ-მეტრი’’ Gnomon Wise-ის კვლევაზე დაყრდნობით მოკლედ წარმოგიდგენთ აღნიშნულ გარემოებებს:

რუსეთის მიერ 2008 წელს მართული კამპანიის გავლენა სტატისტიკურ მონაცემებზე

პირველ რიგში, საყურადღებოა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ გაგზავნილი ინდივიდუალური სარჩელების რაოდენობა 2008-2009 წლებში დრამატულად გაზრდილია და საჩივრების რაოდენობის ზოგადი ტენდენციიდან არის ამოვარდნილი.

როგორც ცხრილი 1-დან ჩანს, 2006-2007 წლებში სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ 267 ინდივიდუალური საჩივარი, ხოლო 2010-2011 წლებში 770 საჩივარი მიიღო. მომიჯნავე წლებთან შედარებით, 2008-2009 წლების საჩივრების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და 3 893 საჩივარი შეადგინა. აღნიშნული დანარჩენ წლებში წარდგენილი საჩივრების რაოდენობის ჯამს 2.5-ჯერ აღემატება.

ამის მიზეზი 2008 წელს რუსეთის სახელმწიფოს ორგანიზებით სამაჩაბლოში საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი 3 300-მდე ინდივიდუალური საჩივარია, რაც მიზნად საქართველოს ქმედებების შესახებ მაქსიმალურად მძიმე სურათის დახატვასა და ამის თავისსავე სასარგებლოდ გამოყენების მცდელობას ისახავდა.’’[3]

აღსანიშნავია, რომ საჩივრების დიდი ნაწილი, კერძოდ-1549 საჩივარი 2010 წელს ამოირიცხა სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეთა სიიდან. კერძოდ, მოსარჩელეთა შემდეგი კომუნიკაციის არ არსებობის გამო, სასამართლომ სასამართლომ დაასკვნა, რომ განმცხადებლებს აღარ სურდათ გაეგრძელებინათ თავიანთი საჩივრების განხილვა კონვენციის 37-ე მუხლის 1 (a) პუნქტის მნიშვნელობით. დანარჩენი საჩივრების ამოსარიცხად კი, სასამართლოს მეტი მსჯელობა დასჭირდა და საბოლოოდ დაუშვებლად ცნო მსგავსი საჩივრები იმაზე მითითებით, რომ საქართველოსარ შეიძლებოდა პასუხისმგებლობა დაჰკისრებოდა იმ აქტებზე, რომლებიც განხორციელდა სამაჩაბლოში შესაბამისი საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში.[4]

,,ზემოთ განხილულის გათვალისწინებით, ნათელი ხდება რომ 3300-მდე საჩივარი, რომლებიც თავის მხრივ, საქართველოს მიერ კონვენციის რატიფიცირებიდან დღემდე შესული საერთო საჩივრების, დაახლოებით 50%-ია, რუსეთის ხელისუფლების სტრატეგიის ნაწილია და ვერ იქნება ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობის გასაზომად ვარგისი. შესაბამისად, ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესაფასებლად, თუ სასამართლოს მიმართ ნდობის ხარისხის გასაზომად, ამ კონკრეტული საჩივრების გამოყენება, სტატისტიკური მაჩვენებლებით მანიპულირებაა.’’[5]

ამის მიუხედავად, საანგარიშო პერიოდების შედარებისას (2004–2012-2013-2022) ხელისუფლების წარმომადგენლები ამორიცხულ საჩივრებს თითქმის არასდროს გამორიცხავენ საჩივართა საერთო რაოდენობიდან, რითაც კონტექსტის მიღმა ტოვებენ ევროპულ სასამართლოში საქართველოსთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე გავლენის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ფაქტორს, თუმცა ირაკლი კობახიძის განცხადებიდან ჩანს, რომ ის საანგარიშო პერიოდების შედარებისას ყურადღებას ,,მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების გაგზავნილ საქმეებზე’’ ამახვილებს. ამით კობახიძე 2004-2008 წლებში წარდგენილი საჩივრების საერთო რაოდენობიდან, სავარაუდოდ, რუსეთის სახელმწიფოს ორგანიზებით, საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 3300-მდე ინდივიდუალურ საჩივარს გამორიცხავს, შედეგად კი ასკვნის, რომ საქმეების რაოდენობა სამჯერ არის შემცირებული.

რეალურად, 2004 - 2012 წლებში სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ 5416 საჩივარს, თუ გამოვაკლებთ ზემოთ აღწერილი 3300 საჩივარს, 9 წლის საანგარიშო პერიოდზე 2116 საჩივარს მივიღებთ. (საშუალოდ 235 საჩივარი) ხოლო, 2013-2022 წლებში ჯამში 1132 -ს, რაც 10 წლიან საანგარიშო პერიოდზე საშუალოდ 113 საჩივარი გამოდის.

მათი შეფარდება, რომლის არაგონივრულობაზე სტატიაში არაერთხელ ვიმსჯელეთ, აჩვენებს, რომ 2013-2022 წლებში წარდგენილი საჩივრების ჯამური რაოდენობა არა 3-ჯერ არამედ დაახლოებით 2-ჯერ ნაკლებია 2004-2012 წლებში წარდგენილი საჩივრების ჯამურ რაოდენობაზე, შესაბამისად, პოლიტიკოსი შედარების ზუსტ შედეგებს არ აჟღერებს.

ამასთან, რუსეთის მიერ მართული კამპანია არ არის სტატისტიკურ მონაცემებზე გავლენის მქონე ერთადერთი ფაქტორი, შესაბამისად მანიპულაციის გამოსარიცხად, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა მიერ წარდგენილ საჩივრებზე აპელირება არ არის საკმარისი.

ევროპულ სასამართლოში მიმდინარე პროცესების გავლენა საქმეთა დინამიკაზე

კვლევაში, ზემოთ აღწერილი თვალსაჩინო გარემოების გარდა გამოიკვეთა უშუალოდ ევროპულ სასამართლოში მიმდინარე პროცესების გავლენა, როგორც მთლიანად სასამართლოს წინაშე, ასევე კონკრეტულად საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ საქმეთა დინამიკაზე. მათ შორისაა - ერთი მოსამართლის დანაყოფის შექმნა და ამ გზით საჩივართა დაუშვებლად ცნობის პრაქტიკა; საჩივრის გართულებული ფორმა; სასამართლოში მიმართვის ვადასთან დაკავშირებით გამკაცრებული მიდგომა და სხვ.

1. ერთი მოსამართლის დანაყოფის შექმნა

კვლევის თანახმად, კონვენციის მე-14 ოქმის საფუძველზე, ერთი მოსამართლის დანაყოფი შეიქმნა, რომელსაც აშკარად დაუშვებელი საჩივრების განხილვა დაევალა. საქართველოსთან მიმართებით, ეს ცვლილება 2009 წლის 1-ლი ოქტომბრიდან შევიდა ძალაში.

2013 წლიდან ერთი მოსამართლის დანაყოფისა და კომიტეტის წინაშე ზემოთ დასახელებული კატეგორიის საჩივრების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, სწორედ ერთი მოსამართლის დანაყოფის მიერ გაწეული სამუშაოს შედეგია.

2.საჩივრის გართულებული ფორმა;

2014 წლის 1-ლი იანვრიდან, გართულდა საჩივრის შეტანიპროცესი. განმცხადებლები იძულებულნი გახდნენ, საჩივარი სპეციალური გართულებული ფორმით შეეტანათ, რაც მათი მხრიდან მეტ სიფრთხილეს და შესაძლოა მეტ ცოდნასაც მოითხოვდა. ამ მოთხოვნების დაუცველობა, ფორმის რომელიმე ნაწილის შეუვსებლობა ან არასწორად შევსება, საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

3. სასამართლოში მიმართვის ვადასთან დაკავშირებით გამკაცრებული მიდგომა.

სასამართლოს ლმობიერი მიდგომა, რომლის მიხედვითაც, განმცხადებლის მხრიდან გასაჩივრების ვადის დაცვისა და მისი გახანგრძლივების მიზნით, საკმარისი იყო თუნდაც სასამართლოსთან მარტივი კომუნიკაციის დამყარება, რაც განაცხადის წარდგენას და მისი მოკლე შინაარსის გაცნობას გულისხმობდა, შემდეგ კი დამატებითი დოკუმენტაციის სრულად წარდგენას, 2014 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედებული წესით სასამართლოს მხრიდან ხისტი მიდგომით შეიცვალა.

4. მეგობრული მორიგებები და ცალმხრივი დეკლარაციებ

განმეორებად საჩივრებთან საბრძოლველად და ზოგადად სასამართლოს ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ფორმებს - ცალმხრივ დეკლარაციებსა და მეგობრულ მორიგებებს მიმართა. კერძოდ, ალტერნატიულობა იმაში მდგომარეობს, რომ ევროპული სასამართლოს წინაშე მხარეებს შორის წარმოშობილი დავა სრულდება და საჩივარი ამოირიცხება სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეთა ნუსხიდან.

საქართველომ ალტერნატიული მექანიზმების გამოყენება2012 წლიდან დაიწყო.

ეროვნულ დონეზე მიმდინარე ფაქტორების გავლენა საქმეთა დინამიკაზე

ჩამოთვლილ ეგზოგენურ ფაქტორებთან ერთად, საქართველოს შემთხვევაში საქმეთა დინამიკის ცვლილებაზე ასევე ეროვნულ დონეზე მიმდინარე პროცესებმაც (რომელიც კვლევის ფარგლებში ენდოგენურ ფაქტორებად არის მოხსენიებული) იქონია გავლენა. განსაკუთრებით თვალშისაცემია განმეორებადი საჩივრების შემცირების მხრივ პენიტენციურ დაწესებულებებში პირობების გაუმჯობესების მიმართ გატარებული პოლიტიკის შედეგები და უპრეცედენტო ამნისტია, რამაც პატიმართა რაოდენობა მყისიერად გაანახევრა.

ვრცლად იხ. Gnomon Wise-ის კვლევაში 52-98 გვერდები (ევროპულ სასამართლოში საქართველოსთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე გავლენის მქონე ფაქტორები)

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მხოლოდ საანგარიშო პერიოდების მიხედვით არსებული მონაცემების შედარების გზით ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობაზე დასკვნების გაკეთება არაგონივრულია, რადგან სახეზეა მთელი რიგი გარემოებები, რომლებმაც სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე გავლენა მოახდინეს. ამ პროცესებს შორის როგორც სტრასბურგის სასამართლოში გატარებული პოლიტიკა და რიგი რეფორმები, ისე ეროვნულ დონეზე მიმდინარე ფაქტორები იგულისხმება.

ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგია ვალიდური არაა, ვინაიდან ის არ ითვალისწინებს წლების განმავლობაში მომხდარ იმ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომელთაც მოცემულ სტატისტიკაზე გავლენა ჰქონდა და, შესაბამისად, ამგვარი შედარება სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მის მიმართ ნდობის ხარისხზე დასკვნების გასაკეთებლად არ გამოდგება. თუ დავუშვებთ, რომ ამგვარი შედარება რელევანტურია, მაშინ ის შედარებით რელევანტურია იმ წლებში, როცა მეთოდოლოგიის არსებითი ცვლილება აღარ მომხდარა და სტატისტიკა ერთგვაროვნად იყო წარმოებული. შესაბამისად, მხოლოდ რიცხვებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, პოლიტიკოსის მიერ შემოთავაზებული მიდგომის გამოყენებით, 2016 წლიდან 2020 წლამდე საჩივრების მზარდი ტენდენცია a priori მართლმსაჯულების სისტემის ხარისხის გაუარესებაზე მიუთითებს.

კვლევის თანახმად ,,საჩივართა რაოდენობის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას ვერ გამოვრიცხავთ ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ ეროვნულ დონეზე მდგომარეობის გაუმჯობესების არგუმენტს, თუმცა, იმის გადაჭრით თქმა, რომ სტატისტიკური მონაცემის ცვლილება, უტყუარად მხოლოდ ამ ფაქტორით არის განპირობებული, არასწორია, რამდენადაც მთელი რიგი ეგზოგენური ფაქტორების გავლენა თვალშისაცემია.’’

შესაბამისად, ნათელია, რომ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი საჩივრების რაოდენობის კლებასა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას შორის პირდაპირპროპორციული კავშირის დანახვა არაგონივრულია. სასამართლოს დამოუკიდებლობა და სასამართლოზე შესაძლო პოლიტიკური ზემოქმედების არსებობა დღემდე უმთავრესია იმ პრობლემათა შორის, რომელთა აღმოფხვრა საქართველოს განვითარებისთვის ფუნდამენტურია. ამრიგად, მიუხედავად იმისა, პოლიტიკოსის მიერ მოყვანილი რიცხვები ზუსტი იქნებოდა თუ არა, ცალსახაა, რომ პოლიტიკოსი ამ რიცხვებს არასწორი კონტექსტის შესაქმნელად იყენებს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ მის ამ განცხადებას აფასებს ვერდიქტითმანიპულირება.



[1] ქეცბაია თ., ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საქმეების დინამიკა სასამართლოს ინსტიტუციური ევოლუციის ჭრილშ, თბილისი 2022 წ., გვ 103.

[2] იქვე.

[3] იქვე. 54

[5] იქვე გვ.56


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი