ირაკლი ღარიბაშვილი: რეზოლუციას მოაწერეს ხელი, სადაც პირდაპირ ჩვენს ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ტყუილი.

ანალიზი

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში სტუმრობისას 2008 წლის ომის დაწყების თემას კიდევ ერთხელ შეეხო და განაცხადა: „რეზოლუციას მოაწერეს ხელი, სადაც პირდაპირ ჩვენს ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება, გესმით ხომ რამხელა უზნეობა და ამორალური მოღალატეობრივი გადაწყვეტილებაა...“.

ირაკლი ღარიბაშვილი გულისხმობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას 1633 (რეზოლუციის საკითხზე „ფაქტ-მეტრის“ სრული ანალიზი იხილეთ ბმული 1; ბმული 2).

სინამდვილეში, რეზოლუცია ომის დაწყებაში არცერთ მხარეს არ ადანაშაულებს. ომის დაწყების შესახებ, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ომის დაწყების თაობაზე მხარეები ვერ თანხმდებიან და ეს ფაქტები უნდა დადგინდეს ობიექტურად, დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების მიერ. რეზოლუცია ომის დაწყების აღმნიშვნელ ტერმინად იყენებს სიტყვებს outbreak of war”, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, მიანიშნებს რეზოლუციის მეხუთე მუხლზე, რომელშიც ესკალაციის ახალ დონეზეა საუბარი და არა - ომის დაწყებაზე.

ესკალაციის მიზეზებსა და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებაზე რეზოლუცია მეოთხე მუხლში საუბრობს. რეზოლუცია 1633-ში აღნიშნულია, რომ ომის დაწყება მოულოდნელი აღმოჩნდა ორგანიზაციის წევრებისთვის, თუმცა ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო და უშუალოდ ომის დაწყება იყო „დაძაბულობის მნიშვნელოვანი ესკალაციის შედეგი“. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში სამშვიდობო ფორმატი ვეღარ ასრულებდა საკუთარ მისიას, ხოლო „წინარე მოწოდებები, განხილულიყო სამშვიდობო ფორმატის ცვლილება და კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესი, არ იქნა გაზიარებული სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მიერ“.

შესაბამისად, ომის დაწყებაში რეზოლუცია 1633 საქართველოს არ ადანაშაულებს, მეტიც, ომის დაწყების შესახებ პოზიციას ვერ აფიქსირებს, ხოლო სიტუაციის ესკალაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ მოწოდებების უარყოფაში რუსეთის პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს.

ამასთან, კენჭისყრის შედეგებიც ცხადყოფს, რომ რეზოლუცია, სინამდვილეში, რუსული მხარისთვის იყო მიუღებელი - რუსეთის დელეგაციამ აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, ვინაიდან მასში საუბარია ეთნიკური წმენდის პასუხისმგებლობაზე, გამოყენებულია ტერმინი ოკუპაცია, საუბარია ჯარების გაყვანისა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების უკან წაღების აუცილებლობაზე. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.

ამავე თემაზე განცხადება ირაკლი ღარიბაშვილს ადრეც გაუკეთებია (იხილეთ სტატია).


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი