ირაკლი ღარიბაშვილი: ბოლო ორი წლის განმავლობაში მთელი ქვეყნის ეკონომიკა 10 მლრდ დოლარით გაიზარდა, პერ კაპიტა უკვე 8000 დოლარზე გავდივართ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე: 2020 წელს ეკონომიკის 6.8%-იანი ვარდნისა და ლარის რეკორდული გაუფასურების ფონზე, ნომინალური მშპ 17.5 მლრდ დოლარიდან 15.8 მლრდ-მდე შემცირდა. 2021 წელს ეკონომიკის 10.5%-იანი ზრდის, 9.6%-იანი ინფლაციისა და ლარის გამყარების შედეგად 18.6 მლრდ-მდე გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს წინასწარი შეფასებით, 2022 წელს ასევე ეკონომიკის 10.1%-იანი ზრდის, 11.9%-იანი ინფლაციისა და და ლარის გამყარების გზით ნომინალური მშპ 24.8 მლრდ-ს გაუტოლდა. საპროგნოზო მაჩვენებლით, 2023 წელს მშპ-მ 1 სულ მოსახლეზე კი 7916 აშშ დოლარს უნდა მიაღწიოს.

პრემიერის მიერ დასახელებული რიცხვები და ოფიციალური სტატისტიკა მეტწილად ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ მცდარია თავად მიდგომა. გარდა იმისა, რომ საბაზისო პერიოდად პანდემიური წელია აღებული, ნომინალურ ზრდაში ინფლაცია და კურსის ცვლილება გათვალისწინებული არ არის, რაც სურათს არსებითად ცვლის და წინსვლას გადაჭარბებულად წარმოაჩენს. თუ საპროგნოზო (5%-იანი ზრდის) მაჩვენებელი გამართლდა, 2023 წელს, 2020-თან შედარებით, ნომინალურად შემოსავლების 86%-იან ზრდას მივიღებთ, მაშინ როცა რეალური ეკონომიკური ზრდა 3-ჯერ ნაკლები - 28%-ია. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ანალიზი:

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედის კვირაში“ ეკონომიკაზე საუბრისას (44:58 წთ-დან) განაცხადა: „220 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ბოლო ორ წელიწადში, GDP - მთელი ეკონომიკა გაიზარდა 10 მილიარდი დოლარით, Per capita (ერთ სულ მოსახლეზე) უკვე 8000 დოლარზე გავდივართ“.

ირაკლი ღარიბაშვილმა საბაზისო პერიოდად 2020 წელი აიღო, რომელსაც 2022 წელი და 2023-ის საპროგნოზო მაჩვენებლები შეადარა. სამუშაო ადგილების შესახებ მის მიერ ადრე გაკეთებულ განცხადებაზე, „ფაქტ-მეტრმა“ თებერვალში უკვე მოამზადა სტატია და ის მანიპულირებად შეაფასა. რაც შეეხება მშპ-სა და მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე, ნომინალურად თითქმის ზუსტი რიცხვების მიღმა, კონტექსტის სამი მნიშვნელოვანი ნაწილი იმალება: პანდემიის დროს ეკონომიკური ვარდნა, კურსის ცვლილება და ინფლაცია.

2020 წელს პანდემიისა და მკაცრი კოვიდრეგულაციების შედეგად, საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა, რაც 1994 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნა იყო. ვარდნის მიზეზი ბიზნესსუბიექტებისთვის საქმიანობის დროებით აკრძალვა გახდა. დახურული საწარმოების ხელახალი გახსნა მთავრობის წარმატებად არ შეიძლება ჩაითვალოს. 2021 წელს, საქართველოს მსგავსად, სახელმწიფოთა აბსოლუტურ უმრავლესობაში, ეკონომიკური ზრდის ტემპმა აბსოლუტური რეკორდი მოხსნა. მსოფლიო ეკონომიკაც 1973 წლის შემდეგ პირველად 5.9%-ით გაიზარდა.

გრაფიკი 1: საქართველოს ნომინალური ეკონომიკა (მლრდ აშშ დოლარი) და ეკონომიკური ზრდის ტემპი

წყარო: მსოფლიო ბანკი ფინანსთა სამინისტრო

კიდევ ერთი ფაქტორი რაც რეალურ და ნომინალურ მშპ-ს შორის სხვაობას იძლევა, ინფლაციაა. 2022 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 11.9%-ს მიაღწია, რაც 1999 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა. სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი 2021 წელსაც ასევე ძალიან მაღალი - 9.6% იყო. ფინანსთა სამინისტროს შეფასებით 2022 წელს ეკონომიკის 10.1%-იანი ზრდის პირობებში ნომინალური მშპ 32.9%-ით - 18.6 მლრდ-დან 24.8 მლრდ-მდე, გაიზარდა.

ქვეყნის მშპ-ს მსგავსად მანიპულაციის საშუალებას ერთ სულ მოსახლეზე დოლარში დათვლილი მშპ-ც იძლევა. 2023 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი ნამდვილად 7916 დოლარია, რაც ძალიან ახლოს დგას პრემიერის მიერ ნათქვამ „8000 დოლართან,“ მაგრამ კურსის ცვლილება და ინფლაცია ამ შემთხვევაშიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე ლარი აშშ დოლართან მიმართებით 18%-ით - 3.28-დან 2.70-მდე, გამყარდა. აღნიშნულს ფასების კლება არ გამოუწვევია, იმავე პერიოდში სამომხმარებლო ფასები 23.8%-ით გაიზარდა.

თუ პირობითად 2021 წლის დასაწყისში X პროდუქტის წარმოება 100 ლარი ჯდებოდა, რაც 30.5 დოლარს უდრიდა, წარმოების რაოდენობის ზრდისა და ხარისხობრივი გაუმჯობესების გარეშეც, 2022 წლის მიწურულს, ხარჯი 123.8 ლარამდე გაიზარდა, რაც უცხოურ ვალუტაში გადაყვანით უკვე 45.9 დოლარი იყო. სხვაობა 15.4 დოლარი, რეალური ეკონომიკური ზრდის კი არა ინფლაციისა და კურსის ცვლილების შედეგია.

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, თუ 2023 წელს ეკონომიკის დაგეგმილი 5%-იანი ზრდა მიღწეულ იქნა, 2023 წლის ბოლოს ნომინალური შემოსავალი 2020 წელთან შედარებით 86%-ით იქნება გაზრდილი, რეალური კი 3-ჯერ ნაკლებით - მხოლოდ 28%-ით.

გრაფიკი 2: ნომინალური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე (აშშ დოლარი) საქართველოში

წყარო: მსოფლიო ბანკი ფინანსთა სამინისტრო

საბაზისო პერიოდის, კურსის ცვლილებისა და ინფლაციის გათვალისწინებით, პრემიერის მიერ დასახელებული რიცხვები ტექნიკურად სწორია, მაგრამ რეალურ სურათს არ ასახავს. მათი ხელოვნური უგულებელყოფა მიღწეულის გადაჭარბებულად წარმოჩენის მცდელობაა და მანიპულაციას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, პრემიერის განცხადება ნახევრად სიმართლეა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი