ირაკლი ღარიბაშვილი: ჰუმანიტარული დახმარების მოცულობით [უკრაინაში] ჩვენ ვართ პირველ ადგილზე

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მცდარი.

რეზიუმე: რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული და აგრესიული სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საქართველომ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება რამდენჯერმე გაგზავნა. პირველად 2022 წლის თებერვალში 100 ტონა ტვირთი, რასაც მარტში 300 ტონა დაემატა. პრემიერმა ღარიბაშვილმა 27 მაისს გაგზავნილი დახმარების მოცულობა 1000 ტონით შეაფასა.

მეორე ჯერზე, უკვე დეკემბერში უკრაინაში 1.5 მლნ ლარის ღირებულების გენერატორები გაიგზავნა. პირველი 1 მლნ ლარის მოცულობის დახმარების შემდეგ გენერატორების შესყიდვამდე არსებულ ჰუმანიტარული ტვირთის ღირებულებაზე ინფორმაცია აღარ გავრცელებულა. თანხის დაზუსტება, მცდელობის მიუხედავად, ვერც მთავრობის პრესსამსახურთან მოხერხდა. სხვა სახელმწიფოების შესახებ კი ინფორმაცია ხელმისაწვდომია. კიელის ინსტიტუტის კვლევით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მხოლოდ ჰუმანიტარული სახით 3.7 მლრდ ევროს დახმარება გაუწია, მეორე ადგილს 2.5 მლრდ-ით გერმანია იკავებს. ჩამონათვალში საქართველო ნახსენები არაა და რომც იყოს, პირველ ადგილზე მაინც ვერ იქნება.აღნიშნულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მცდარი.

ანალიზი

12 მარტს, ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „იმედის კვირაში“ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ინტერვიუ გავიდა. ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის თემაზე საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველომ ომში ჩართვის გარდა, უკრაინის დასახმარებლად ყველაფერი გააკეთა (38:57-დან). „რით ვერ დავანახეთ [მხარდაჭერა]?! ჩვენი ჰუმანიტარული დახმარების მოცულობით, ჩვენ ვართ პირველ ადგილზე მთელს მსოფლიოში“.

უკრაინის დახმარება პირობითად შეიძლება სამ ნაწილად დაიყოს: სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული, რასაც მეოთხე პოლიტიკური მხარდაჭერაც ემატება, მაგრამ მისი გაზომვა რიცხვით ერთეულში რთულია.

საქართველომ ომის დაწყების პირველივე დღიდან ფრთხილი სტრატეგია არჩია. ოფიციალურმა თბილისმა სამხედრო დახმარების შესაძლებლობა თავიდანვე გამორიცხა, უარყოფილი იქნა სანქციებზე შეერთებაც, თუმცა ქვეყანამ ვალდებულება აიღო, რომ მათ არ დაარღვევდა, რაც შეიძლება შესრულებულად ჩაითვალოს, დღემდე სანქციების გვერდის ავლის ფაქტი დადასტურებული არაა. პარალელურად, საქართველომ უკრაინის მხარდამჭერ და რუსეთის აგრესიის დამგმობ თითქმის ყველა საერთაშორისო დოკუმენტს დაუჭირა მხარი, ეს ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკურ მხარდაჭერად უნდა შეფასდეს, თუმცა რეზოლუციებში უკრაინის სასარგებლოდ ხმის მიცემას, მუდამ თან ერთვოდა უკრაინისთვის „მშვიდობის“ და არა „გამარჯვების“ სურვება, რუსეთის აგრესიის შერბილებულ ტონალობაში დაგმობა, ზელენსკის და უკრაინის სხვა ოფიციალური პირების კრიტიკა. უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებიდან მკაფიო განცხადებებით მხოლოდ პრეზიდენტი ზურაბიშვილი გამოირჩეოდა.

თბილისს კიევისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარებაც არ გაუწევია, რაც შეეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, მსგავსი ფაქტი ორჯერ დაფიქსირდა, პირველად - თებერვალ-მარტში 400 ტონა ტვირთი, რომელიც როგორც პრემიერ ღარიბაშვილის პარლამენტში სიტყვით მოხსენებით გამოსვლიდან ირკვევა, აპრილ-მაისში 1000 ტონამდე გაიზარდა. დახმარება მედიკამენტებს, სისხლს, ჟანგბადის კონცენტრანებს, ჰიგიენურ საშუალებებს, საკვებსა და ტანსაცმელს მოიცავდა. შემდეგ დეკემბერში, როდესაც რუსეთის მიერ, თბოსადგურებზე მიტანილი სარაკეტო იერიშების შემდეგ 1.5 მლნ ლარის ღირებულების 25 გენერატორი გაიგზავნა. გენერატორები უკრაინაში იანვრის დასაწყისში ჩაიტანეს.

საქართველომ უკრაინელი ლტოლვილებიც მიიღო. სახელმწიფომ გაიღო მათი საცხოვრებელი ხარჯები, გაიხსნა უკრაინული სკოლები, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში დარჩენის ნება 2 წლამდე გაუხანგრძლივდათ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლტოლვილების დახმარება შეიძლება ჰუმანურ ნაბიჯად ჩაითვალოს, მაგრამ არა ჰუმანიტარულ დახმარებად.

კიელის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 15 იანვრამდე პერიოდში, უკრაინას ყველაზე დიდი მოცულობის - 3.7 მლრდ ევროს (დაახლოებით 3.9 მლრდ დოლარი), ჰუმანიტარული დახმარება შეერთებულმა შტატებმა გაუწია. ამ მოცულობის თანხას საქართველო სურვილის შემთხვევაშიც ვერ გაიღებდა. 3.7 მლრდ ევრო საქართველოს მშპ-ს 15%-ზე მეტია, მშპ-სთან მიმართებით ყველაზე დიდი დახმარება კი ესტონეთმა გასწია, მაგრამ ამ ყველაზე დიდმა დახმარებამ, რომელიც სამივე კომპონენტს (ჰუმანიტარული, ფინანსური, სამხედრო) მოიცავდა, მშპ-ს 1.3% შეადგინა.

თანხობრივად, ჰუმანიტარული დახმარების მოცულობით 2.5 მლრდ ევროთი გერმანიაა, მესამეზე 590 მლნ-ით ავსტრია, ჰუმანიტარული დახმარების მოცულობამ 100 მლნ ევროს გადააჭარბა ასევე პოლონეთიდან, ნიდერლანდებიდან, პორტუგალიიდან და შვეიცარიიდან.

გრაფიკი 1: უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარება 24.02.2022-15.01.2023 (მლნ ევრო)

წყარო: კიელის ინსტიტუტი

პოლონეთი ცალკე აღებული ჰუმანიტარული დახმარებით მე-11 ადგილზეა, თუმცა თუ ყველა სახის (სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული) დახმარებას გავაერთიანებთ, მაშინ 3.5 მლრდ-ით მე-6 ადგილზე გადაინაცვლებს. გარდა ამისა, პოლონეთში დღემდე რჩება ყველაზე მეტი 1.5 მლნ უკრაინელი ლტოლვილი (რუსეთში ძირითადად ეთნიკურად რუსები და რუსეთის მოქალაქეები გადავიდნენ).

საქართველო არ არის პირველი უკრაინისთვის გაწეულ ჰუმანიტარული დახმარების მოცულობაში, არც მშპ-სთან მიმართებით. ავსტრიამ ჰუმანიტარული დახმარების სახით უკრაინას საკუთარი მშპ-ის 0.1% გადასცა, საქართველოს შემთხვევაში ეს 24.6 მლნ დოლარი, 2023 წლის მარტის კურსით - 63 მლნ ლარი იქნებოდა.

საქართველო არ არის პირველი უკრაინისთვის გაწეულ ჰუმანიტარული დახმარების მოცულობაში, არც ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. ნორვეგიამ, რომლის მოსახლეობაც 5.5 მლნ-ია უკრაინას 320 მლნ ევროს მოცულობის ჰუმანიტარული დახმარება გადასცა, ანუ სულზე 58 ათასი ევრო. იგივე თანხა საქართველოსთვის 215 მლნ ევრო იქნებოდა, რაც თავის მხრივ 570 მლნ ლარზე მეტია.

მტკიცება, რომ საქართველო პირველ ადგილზეა უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარების მოცულობით, 2022 წელსაც რამდენჯერმე გაჟღერდა, თუმცა დადასტურება ვერც მაშინ მოხერხდა. დამადასტურებელი მტკიცებულება, გასული წლის აპრილში, მცდელობის მიუხედავად, ვერც რადიო თავისუფლებამ“ მოიძია. ეკონომიკის სამინისტრო მაშინ საფოსტო გზავნილზე აპელირებდა და ირიბ მინიშნებას გაგზავნილი ტვირთის წონაზე (400 ტონა) აკეთებდა. დახმარება ფოსტის გაიგზავნება თუ უმისოდ, მნიშვნელობა არ აქვს, ტონაჟზე მეტად დახმარების ღირებულებაა ფასეული და წონითაც რომ დაითვალოს, ვერც იმის დადასტურება მოხერხდა, რომ 400 ტონაზე მეტი ტვირთი არავის გაუგზავნია.

ომის დაწყებიდან 12 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ კიდევ უცნობია, თუ რა თანხა დახარჯა საქართველომ ჯამურად უკრაინაში გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებასა და უკრაინელი ლტოლვილების დაბინავებაზე. 27 მაისს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინის მოქალაქეებისთვის საქართველოში უკვე დახარჯული იყო 7 მლნ დოლარი, უკრაინაში კი 1000-მდე ტონა ტვირთი იყო გაგზავნილი. ირაკლი ღარიბაშვილმა მაშინაც განაცხადა, რომ საქართველო გაწეული ჰუმანიტარული დახმარების მოცულობით პირველ ადგილს იკავებდა.

უკრაინისთვის გადაცემული ჰუმანიტარული დახმარების ღირებულების დასაზუსტებლად „ფაქტ-მეტრი“ მთავრობის პრეს-სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა ინფორმაციის მიღება ვერ შეძლო, განმეორებითი რამდენიმე ზარი ადმინისტრაციამ უპასუხოდ დატოვა.

ლტოლვილებისთვის გამოყოფილი სახსრები ჰუმანიტარულ დახმარებად ვერ ჩაითვლება, მაგრამ მაინც საინტერესოა, თუ რამდენი დაიხარჯა მასზე. უკრაინის რამდენი მოქალაქეა 2023 წლის მარტის მდგომარეობით ლტოლვილის სტატუსით ან სტატუსის მომლოდინედ უცნობია. გაეროს მონაცემებით, 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში 25 400 უკრაინელი ლტოლვილი იმყოფებოდა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ ომის დაწყებიდან 1 წლისთავზე ლტოლვილებთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა არ ასახელებს თანხას, რაც უკრაინელ ლტოლვილებს მოხმარდა. ყურადღება უფრო მათ პრობლემებზეა გამახვილებული, რომელიც ძირითადად საცხოვრებელს ეხება. ივლისამდე უკრაინელი ლტოლვილები სასტუმროებში ცხოვრობდნენ, შემდეგ მათი დაცლა მოუწიათ, დახმარების სახით კი ოჯახზე 300 ლარი, პლუს სულზე 45 ლარი დაენიშნათ.

უნდა აღინიშნოს, რომ ჰუმანიტარული დახმარება, ლტოლვილებისთვის გაწეულ დახმარებას არ მოიცავს და მათი გაერთიანება შეცდომაა. მიუხედავად ამისა, „ფაქტ-მეტრმა“ საორიენტაციოდ ეს რიცხვიც გამოითვალა, ვინაიდან, ჰუმანიტარული დახმარების მსგავსად, უცნობია, თუ რა თანხა დაიხარჯა ლტოლვილების დახმარებაზე. თუ დავუშვებთ, რომ ამ დროის განმავლობაში 25 400 უკრაინელი დევნილი გვყავდა შეფარებული, სურათი შემდეგია - 25 400 ადამიანი დაახლოებით 6-7 ათასი ოჯახია, ოჯახზე 300 ლარი და ერთ წევრზე 45 ლარი, თვეში, 2.9-3.2 მლნ ლარია. იმ დაშვებით, თუ ივნისის შემდეგ ლტოლვილთა რაოდენობა დიდად არ შეცვლილა, მაშინ 2022 წლის ივლისიდან, 2023 წლის მარტამდე, დახარჯული თანხა 25 მლნ ლარამდე გამოდის. ამას დამატებული პრემიერის მიერ ნახსენები 7 მლნ დოლარი და ივნისში დახარჯული თანხები, როდესაც ლტოლვილები სასტუმროებში ცხოვრობდნენ, დამატებით, გენერატორებისთვის დახარჯული 1.5 მლნ ლარი, ჯამში 17-18 მლნ დოლარს უტოლდება. ეს რიცხვი მიახლოებითია და იმ დაშვებას ეფუძნება, რომ ლტოლვილთა რაოდენობა სულ 25 400 იყო. საქართველო პირველ ადგილზე ვერც ასეთი დათვლით იქნება, მათ შორის - ვერც ერთ სულ მოსახლეზე და ვერ მშპ-სთან მიმართებით. პოლონეთს 1 ლტოლვილზე თვეში 20 ევროც რომ დაეხარჯა, ახლა მის მიერ გაწეული ჰუმანიტარული დახმარების მოცულობა 170 მლნ კი არა, 3 მლრდ ევროზე მეტი იქნებოდა.

საქართველო უკრაინას ნამდვილად დაეხმარა, მაგრამ მტკიცება, რომ ყველაზე დიდი მოცულობის ჰუმანიტარული დახმარება გაიღო, სიმართლეს არ შეესაბამება, როგორც ნომინალური რიცხვებით, ასევე ამ რიცხვების საქართველოს მოსახლეობისა თუ საქართველოს ეკონომიკის ზომასთან შეფარდებით. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ პრემიერის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მცდარი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი