23 თებერვალს ბლოგერმა Natia Colussi-Facebook-ზე ვიდეო სახელწოდებით „ესპანეთში ზოოფილია კანონით დაუშვეს“ გამოაქვეყნა. ვიდეოში Facebook-მომხმარებელი აღნიშნავს, რომ „ახალი კანონის მიხედვით ესპანეთში ზოოფილია დაუშვეს.“

„ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა, ვიდეოში Natia Colussi-ს მიერ გაჟღერებული განცხადებები გადაემოწმებინა.

მტკიცება 1: „ახალი კანონის მიხედვით ესპანეთში ზოოფილია დაუშვეს“

სინამდვილეში, ესპანეთში ცხოველთა უფლებების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები 9 თებერვალს ესპანეთის კონგრესმა მიიღო და შემდგომი განხილვისთვის სენატს გადაეგზავნა. შესაბამისად კანონი მიღებული ჯერ არ არის. ესპანეთის საკანონმდებლო თავისებურებების მიხედვით, კანონი ძალაში შესვლამდე საბოლოოდ სენატმა უნდა დაამტკიცოს, რომელსაც ორი თვის ვადაში საკანონმდებლო ინიციატივაში ცვლილებების შეტანის შეთავაზების და კანონისთვის ვეტოს დადების უფლებაც აქვს, ამ შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივა კონგრესს განსახილველად კვლავ უბრუნდება.

სადავო საკითხი, რამაც დეზინფორმაციის ფართოდ გავრცელება გამოიწვია, ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსში 337-ე მუხლის ცვლილებას უკავშირდება, რომელიც ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და შეურაცხყოფისთვის განსაზღვრული სასჯელებს შეეხება. კანონის ამჟამინდელი ვერსია დასჯის ღონისძიების საფუძვლად ცხოველების „სექსუალურ ექსპლუატაციას“ მოიაზრებს. ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით კი „სექსუალური ექსპლუატაცია“ ჩაანაცვლა „სექსუალური ხასიათის ქმედებებმა, [...] რომლებიც იწვევს ცხოველის დაზიანებას, რაც საჭიროებს მკურნალობას“.

შეტანილ ცვლილებაში ის ნაწილი, რომელიც ცხოველებისთვის დაზიანების აუცილებლობასა და მკურნალობის საჭიროების არსებობას გულისხმობს, აქტიურად გამოიყენება დეზინფორმაციის გასავრცელებლად, თითქოს ესპანეთში ზოოფილია კანონით დაუშვეს.

კანონის ამჟამინდელი ვერსია, რომელიც დასჯის ღონისძიებების გატარებას „ცხოველთა ექსპლუატაციის“ საფუძველზე გულისხმობდა, კრიტიკის საგანი არაერთხელ გახდა. კერძოდ, ტერმინი „სექსუალურ ექსპლუატაცია“ ხშირად ცხოველის სექსუალური შინაარსით ეკონომიკური მოგების მიღების მიზნებით გამოყენებასთან იგივდებოდა და აჩენდა შესაძლებლობას, რომ სხვა სექსუალური შინაარსის ქმედებები კანონის მიღმა დარჩენილიყო. შესაბამისად, კანონში მოსამართლეებისთვის ტოვებდა გაურკვევლობას.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად „ფაქტ-მეტრი“ ესპანურ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციას - Maldita.es-ს დაუკავშირდა. მათ ესპანეთის სოციალური უფლებების სამინისტრომ განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონის ამჟამინდელ ვერსიაში მსგავსი დაკონკრეტება არ არსებობს, კანონში ჩანაწერის „სექსუალური ექსპლუატაცია“ არსებობით კრიმინალიზებული იყო ცხოველთა სექსუალური ექსპლუატაცია იმ შემთხვევაში თუ სახეზე იყო ფინანსური მოგება. ამის საპირისპიროდ სისხლის სამართლის ექსპერტები ხაზს ამ ფორმულირების გამო „სასამართლო ინტერპრეტირების“ რისკის არსებობას უსვამდნენ. დანიელ დორადო, ადვოკატი და ცხოველთა დაცვის სამართლებრივი ცენტრის პრეზიდენტი Maldita.es-თან ყურადღებას ამახვილებდა სამართლებრივ შემთხვევებზე, როცა ამჟამინდელი კანონის არსებობის პირობებში ზოგიერთ შემთხვევაში მისი გამოყენებისთვის საჭიროდ ჩათვლილა მოგების მოტივი არსებობა, სხვა შემთხვევაში კი - არა მოგების მიღების მოტივი, არამედ ცხოველისადმი მიყენებული დაზიანების არსებობა.

კანონში შესატანი ცვლილებებით სექსუალური ექსპლუატაცია „სექსუალური ხასიათის ქმედებებით“ ჩანაცვლდა და მხოლოდ ეკონომიკური კუთხით კანონის ინტერპრეტირების შესაძლებლობა შეამცირა. შესაბამისად, კანონში ცვლილებები ცხოველთა უფლებების დაცვის ხარისხის გასაძლიერებლად შეიმუშავეს.

ამდენად, კანონის ფორმულირებაში ცვლილება არ ნიშნავს, რომ ესპანეთში ზოოფილია დეკრიმინალიზებული და ლეგალიზებული იქნება. აღსანიშნავია, ისიც, რომ კანონის არც წინა და არც სახეცვლილ ვერსიაში სიტყვა „ზოოფილია“ არსად გვხვდება.

მტკიცება 2: „წინა კანონში ეწერა, რომ სექსუალური ექსპლუატაცია ისჯებოდა, ნებისმიერი სექსუალური ექსპლუატაცია... შეცვალეს ისე, რომ ეს ამოიღეს და ახლა დარჩენილია კანონში ის, რომ თუ ძაღლი ფიზიკურ დაზიანებას მიიღებს ისეთს, რომ ვეტერინარულ კლინიკაშია გადასაყვანი დაზიანების გამო და ეს დაზიანება მიღებული აქვს მას ნებისმიერი მეთოდით, სექსუალური კავშირის მეთოდის ჩათვლით, მაშინ დასჯადია. ანუ ცხოველს თუ არ დააზიანებ მაშინ ცხოველთან სექსიც დაუშვეს. ახალი კანონი ყოველ შემთხვევაში მაგის loophole-ს [კანონში ხვრელს] ტოვებს“

კოდექსის განახლებულ ვერსიაში გაფართოებულია დაცული ცხოველების ფარგლები და მოხსნილია შეზღუდვა, რომ კანონი მხოლოდ შინაურ ან ეკონომიკურად ექსპლუატაციის ქვეშ მყოფ ცხოველებს ეხება, თუმცა მან ასევე შემოიღო მოთხოვნა, რომ ბოროტად გამოყენებამ უნდა გამოიწვიოს „დაზიანება, რომელიც საჭიროებს ვეტერინარულ მკურნალობას“, რათა ის ჩაითვალოს დანაშაულად, რომელიც ისჯება ჯარიმაზე მეტით.

მიუხედავად იმისა, რომ კანონში ცვლილებები ცხოველთა უფლებების დაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად შეიმუშავეს, კანონმა კრიტიკული შეფასებები გამოიწვია და ცხოველთა დაცვის საკითხში უკან გადადგმულ ნაბიჯად მართლაც შეფასდა.

ადვოკატისა და ცხოველთა კეთილდღეობის კანარული ქსელის პრეზიდენტის, ფრანჩესკა გუტიერეზ ხაიმეზის შეფასებით, „დაზიანებების სამკურნალოდ ვეტერინარული მკურნალობის აუცილებლობა, რომელიც შემოღებულია „კრიმინალური ტიპის“ შეურაცხყოფისთვის, თავისით შეხორცებულ დაზიანებებს ჯარიმით დასჯად წვრილ დანაშაულად აქცევს. მისივე განცხადებით, შეიძლება გვქონდეს ზოოფილიის შემთხვევებიც კი, როდესაც ცხოველს მიადგება დაზიანება, რომელიც არ საჭიროებს ვეტერინარულ ყურადღებას, როგორიცაა ანთება ან მცირე დაზიანებები, რაც დაისჯება მსუბუქი სასჯელით ერთიდან სამ თვემდე ან ცხოველთან სექსუალური ურთიერთობა, რომელიც არ გამოიწვევს დაზიანებებს, დეკრიმინალიზებული იქნება გასამართლების გარეშე.

თავის მხრივ, ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია INTERcids- ის შეფასებით კანონში ცვლილებების შეტანით ცხოველებზე ძალადობა პატიმრობის ნაცვლად შესაძლოა ჯარიმით, როგორც ალტერნატივით დაისაჯოს. დამატებით, მათი განცხადებით, გაჩნდება რისკები, რომ ცხოველების სექსუალური ექსპლუატაცია, სექსუალური ძალადობის ქმედებები, ზოოპორნოგრაფიაში მონაწილეობა და სხვა დაუსჯელი დარჩება.

ამის საპირისპიროდ სოციალური უფლებების სამინისტრომ უპასუხა ბრალდებას, თითქოს კანონში ცვლილებები ზოოფილიას აკანონებს და ცხოველთა შეურაცხყოფის ზოგიერთ ფაქტს დაუსჯელს ტოვებს. მათი განცხადებით, „ცხოველებთან ყველა სექსუალური აქტი იქნება დასჯადი. დაზიანებების წარმოქმნის შემთხვევაში ისინი ჩაითვლება დანაშაულებად (crime); დანარჩენში - ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში - ისინი შეურაცხყოფად კლასიფიცირდება, ტრავმის თვალსაჩინო ნიშნების გარეშე“.

აღნიშნული დეზინფორმაციული მტკიცება სხცა ესპანურმა მედიებმაც მიმოიხილეს და შეაფასეს როგორ ყალბი. იხილეთ ბმული 1, ბმული 2;

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი