რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 1 წელი გავიდა. ომი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, ევროპის კონტინენტზე 1945 წლის შემდეგ ყველაზე სისხლისმღვრელი აღმოჩნდა. რუსეთმა უკრაინაში ვერც ე.წ. დენაციფიკაციას მიაღწია, ვერც დემილიტარიზაციას. მოსკოვმა მართალია, ოკუპირებული ტერიტორიების (მიიტაცა 2014-2015 წლებში) ფართობი გაზარდა, მაგრამ არათუ კიევის, ხარკივის აღებაც კი ვერ შეძლო. უფრო მეტიც, მოსკოვისთვის დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე გასვლაც კი შეუძლებელი მისია აღმოჩნდა.

მდგომარეობა 24.02.2023-მდე (წითლად რუსეთის მიერ ოკუპირებული/ანექსირებული ტერიტორიები, ყვითლად დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქები ადმინისტრაციულ საზღვრებში)

2021 წლის მეორე ნახევრიდან, რუსეთმა უკრაინის რკალში მოქცევა დაიწყო. ჯარები განთავსდა როგორც უშუალოდ რუსეთის, ასევე ბელარუსის, ანექსირებული ყირიმისა და ოკუპირებული დონბასის ტერიტორიებზე. საბრძოლო მზადყოფნაში მოვიდა შავი ზღვის ფლოტიც. ადგილზე რჩებოდა ოკუპირებულ დნესტნისპირეთში განთავსებული რუსული საჯარისო შენაერთიც. ჯამში, ინტერვენციის წინა პერიოდში, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და უკრაინის საზღვრებთან ბრძანების მოლოდინში შეკრებილ რუს სამხედროთა რაოდენობა დაახლოებით 190000-200000 იყო.

2008 წელს რუსეთში რამდენიმე ადამიანი საქართველოში ჯავშანტექნიკის გადაადგილების შესახებ SMS-ის გამოგზავნის ბრალდებით დააკავეს. 2022 წელს ომისთვის მზადება აღარავის დაუმალავს. პუტინის გადაწყვეტილება ვერც ბაიდენის სიტყვით გამოსვლამ, ვერც ოლაფ შოლცისა და ვერც ემანუელ მაკრონის მოსკოვში ვიზიტმა შეცვალა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, 17 თებერვალს აშშ-ის ელჩ ჯონ სალივანს სწორედ მსგავსი მოთხოვნები გადასცეს. მოსკოვი NATO-სგან ფაქტობრივად 14 სახელმწიფოდან, კერძოდ: უნგრეთიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, სლოვაკეთიდან, სლოვენიიდან, ალბანეთიდან, ხორვატიიდან, მონტენეგროდან და ჩრდილო მაკედონიიდან გასვლას ითხოვდა. ულტიმატუმს დასავლეთი არ დასთანხმებია.

4-დან 20 თებერვლის ჩათვლით პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშები იმართებოდა. მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუს კოლეგას ოლიმპიადის დასრულებამდე ინტერვენციის გადადება სთხოვა, რათა მსოფლიო ყურადღების ცენტრში პეკინი დარჩენილიყო. ოლიმპიადის დასრულებიდან მეორე დღეს, 21 თებერვალს პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

24 თებერვალს, კიევის დროით დილის 05:00 სთ-ზე, (მოსკოვის დროით 06:00 სთ-ზე) ომის გამოცხადებიდან 20 წთ-ში უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო და საავიაციო იერიში დაიწყო, რასაც თითქმის პარალელურ რეჟიმში სახმელეთო ოპერაციაც დაერთო. ომს რუსეთის პრეზიდენტმა „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაარქვა.

სანქციები

ჯერ ოკუპაციის იურიდიული გაფორმების მცდელობას, შემდეგ კი ინტერვენციის დაწყებას დასავლური სამყაროს მხრიდან მკაცრი პასუხი მოჰყვა. ევროკავშირის, ბრიტანეთის, ნორვეგიის, ნაწილობრივ შვეიცარიის, შეერთებული შტატების, კანადის, კორეის, იაპონიის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მხრიდან სანქციები რამდენიმე ეტაპად დაწესდა:

1) გაუქმდა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ (22 თებერვალს);

2) რუსული ბანკები საერთაშორისო გადარიცხვის სისტემა SWIFT-დან გათიშეს;

3) გაიყინა რუსული აქტივები;

4) დაიბლოკა რუსეთში გაცემული VISA და MasterCard ბარათები;

5) რუსულ ავიაკომპანიებს ცა ჩაუკეტეს;

6) რუსეთში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთების ექსპორტი აიკრძალა;

7) რუსული სპორტული გუნდები საკლუბო და სანაკრებო ტურნირებიდან მოკვეთეს;

8) რუსულ ნავთობზე შესყიდვის 60 დოლარიანი ზედა ზღვარი დაწესდა;

9) Apple-მა, Microsoft-მა, Samsung-მა, Macdonald’s-მა და სხვა გლობალური კომპანიების უმეტესობამ რუსული ბაზარი დატოვა;

10) აიკრძალა დოლარისა და ევროს კუპიურების რუსეთში შეტანა;

11) რუსეთიდან ოქროს, რკინის, ფოლადის, ნახშირის, ხის, ცემენტის, ზღვის პროდუქტების, ალკოჰოლური სასმელების, სიგარეტისა და კოსმეტიკური ნაწარმის იმპორტი აიკრძალა.

თებერვალ-მარტში, სანქციების შედეგად, 1998 წლის დენომინაციის შემდეგ პირველად, აშშ დოლარის ღირებულებამ 100 რუბლს გადააჭარბა და მცირე ხნით 150-იანი ნიშნულიც გადალახა. რუსეთიც ცენტრალური ბანკი იძულებული გახდა, რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-დან ერთბაშად 20%-მდე გაეზარდა, ვალუტის გადაცვლაზე 30%-იანი საკომისიო დაეწესებინა, დაედგინა ფულის განაღდებისა და საზღვარგარეთ გადარიცხვის შეზღუდვები. მკაცრი კონტრზომებისა და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის გამო, მარტში ბარელი ნავთობის ღირებულებამ 130 დოლარს გადააჭარბა, რაც 2008 წლის შემდეგ აღარ მომხდარა, გაზი კი უფრო მეტად გაძვირდა, კურსი აპრილ-მაისში ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდა.

წინასწარი შეფასებით, ეკონომიკურმა ვარდნამ 2022 წელს 2.1% შეადგინა, 2023 წელს კი დამატებით 3.3%-იანი კლებაა პროგნოზირებული.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკა მოსალოდნელზე ბევრად ნაკლები ტემპით შემცირდა, იმის მტკიცება, რომ სანქციები არ მუშაობს, ან იმის, რომ თითქოს სანქციებმა რუსეთზე მეტად ევროპა დააზარალა, ტყუილია. ომამდე რუსეთში ეკონომიკურ ზრდას ელოდნენ, საბოლოოდ კი ეკონომიკის შემცირება მიიღეს. მართალია, ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის ტემპიც შემცირდა, თუმცა ზარალი დიამეტრულად განსხვავებულია.

სანქციები პერიოდულად ახლდება. ძირითადი შეზღუდვები ჯერ კიდევ მარტში მიიღეს, ბოლო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც რუსულ ნავთობზე ფასის 60-დოლარიანი ლიმიტის დადგენას ითვალისწინებდა, დეკემბრით თარიღდება, რომელიც ძალაში 5 თებერვალს შევიდა. არსებული ზედა ზღვარი შემცირების მიმართულებით შესაძლოა მარტში გადაიხედოს. ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე რუსული ნავთობის ღირებულება 53 დოლარს შეადგენს, რაც Brent-ის ფასთან შედარებით 30 დოლარით ნაკლებია. ომამდე ფასები თითქმის თანაბარი იყო.

ომის საწყის ეტაპზე, ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასები გამო, რუსეთმა ევროკავშირში ექსპორტი მკვეთრად გაზარდა, მაგრამ შემდეგ ევროპამ ალტერნატიულ მომწოდებელზე გასვლა შეძლო. თუ 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ევროკავშირმა რუსეთისგან 110 მლრდ ევროს პროდუქცია შეიძინა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი 53%-ით - 168 მლრდ ევრომდე გაზარდა, სამაგიეროდ ბოლო მეოთხე კვარტალში იგივე იმპორტი 35%-ით 54 მლრდ-დან 35 მლრდ ევრომდე შეამცირა.

ევროკავშირმა რუსეთიდან იმპორტი წლის განმავლობაში მაინც 24%-ით - 164 მლრდ-დან 204 მლრდ ევრომდე გაზარდა, ექსპორტი კი 38%-ით - 89 მლრდ-დან 55 მლრდ ევრომდე შეამცირა.

ომის დაწყებამდე, რუსეთის უცხოური რეზერვები 643 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, ომიდან 1 წლის თავზე ის 589 მლრდ დოლარამდეა შემცირებული, საიდანაც 300 მლრდ შეერთებული შტატების მიერაა გაყინული და ის თანხა სავარაუდოდ რუსეთის ნაცვლად უკრაინაც გადაეცემა.

ომის მიმდინარეობა

სანქციებს ომი, რომელიც უკვე 365 დღეზე მეტია რაც გრძელდება, არ შეუჩერებია და ამის განსაკუთრებული მოლოდინი არც არსებობდა. მოლოდინები პირიქით უფრო პესიმისტური იყო. უკრაინის მხარდამჭერთა დიდი ნაწილიც კი ვერ წარმოიდგენდა, თუ კიევი მთელ წელიწადს გაძლებდა.

ომის პირველ დღეებში, რუსეთმა აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონების ნაწილი შედარებით მარტივად დაიკავა. ჩრდილოეთიდან კი სერიოზული პრობლემები შეექმნა. მოსკოვმა არათუ კიევის, არამედ რიგით მეორე სამიზნის - ხარკივის აღებაც ვერ მოახერხა.

მარიუპოლი

მარტში წინააღმდეგობის ცენტრად აზოვის ზღვაზე მდებარე ქალაქი მარიუპოლი, ციტადელად კი ფოლადის ქარხანა - აზოვსტალი იქცა. ქალაქსაც და ქარხანასაც „აზოვის ბატალიონი“ იცავდა. მარიუპოლის ოკუპაცია პრორუსმა სეპარატისტებმა 2014 წელსაც მოახერხეს და მაშინ ქალაქის გათავისუფულება სწორედ აზოვის ბატალიონმა შეძლო. პუტინმა აზოვსტალის დაკავება მოსახლეობას 9 მაისის აღლუმზეც ვერ მიულოცა.

იარაღის მედიკამენტებისა და საკვების გარეშე დარჩენილმა აზოველებმა 20 მაისამდე გაძლეს და შემდეგ მთავარსარდლის ნებართვით ტყვედ ჩაბარდნენ. მთელი 3 თვის განმავლობაში ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომ თითქოს, აზოვსტალში NATO-ს წევრი ქვეყნების გენერლებიც იმყოფებოდნენ, რისი დადასტურებაც ვერ მოხერხდა. რუსეთში „აზოვის ბატალიონი“ ტერორისტულ დაჯგუფებადაა შერაცხილი. რუსეთში ამტკიცებდნენ, რომ „აზოველებს“ უბრალოდ სიცოცხლე შეუნარჩუნებდნენ, მაგრამ გაასამართლებდნენ როგორც ტერორისტებს და ტყვეებზე არ გაცვლიდნენ. ამის მიუხედავად ბატალიონის წევრმა რამდენიმე ასეულმა მებრძოლმა სახლში დაბრუნება მაინც მოახერხა, მათ შორის - 100-მდე მებრძოლი მედვეჩუკში გაიცვალა, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობაც კი არ გააჩნდა და მხოლოდ პუტინთან ახლო ურთიერთობები აკავშირებდა.

თუ პირველი 6 თვე უკრაინა ძირითადად თავდაცვით იყო დაკავებული (კიევის შემოგარენიდან რუსეთის გასვლის მიზეზი უფრო იმის გაცნობიერება იყო, რომ დედაქალაქს ვერ აიღებდა), სექტემბრიდან კონტრშეტევაზეც გადავიდა. კიევმა სექტემბერში ჯერ ხარკივის ოლქის დიდი ნაწილი გაათავისუფლა, შემდეგ ქალაქი ლიმანი, ნოემბერში კი ხერსონის ოლქის ნაწილი (დნეპრის მარჯვენა სანაპირო) და თავად ქალაქი ხერსონი. ხერსონი ერთადერთი ადმინისტრაციული ცენტრი იყო, რომლის დროებით ოკუპირებაც რუსეთმა მოახერხა. ქალაქები ხარკოვი და ზაპოროჟია ვერ აიღო, დონეცკი და ლუჰანსკი 2014-2015 წლებში ჰქონდა მიტაცებული.

ომის მსვლელობა (წითლად რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული, იისფრად უკრაინის მიერ გათავისუფლებული ტერიტორიები)

სამხედრო დახმარება

უკრაინის იარაღით მომარაგება ჯერ კიდევ 24 თებერვლამდე დაიწყო. საწყის ეტაპზე აქცენტი თავდაცვის საშუალებებზე კეთდებოდა, ძირითადად ანტისატანკო Javelin-ებზე და ჰაერსაწინააღმდეგო Stinger-ებზე, რომელიც მხოლოდ შვეულმფრენსა და დაბალ სიმაღლეზე მფრენ თვითმფრინავს სწვდებოდა. იმავე ფუნქციებს ასრულებდა ასევე ანტისატანკო NLAW-ები, Brimstone-ები, Akeron-ები და ანტისაჰაერო starstreak-ები.

მას შემდეგ რაც ცხადი გახდა, რომ კიევი 72 საათში არ დაეცა და აღარც იმის საშიშროება იყო, რომ 72 დღეში დაეცემოდა, გადასაცემი შეიარაღების ჩამონათვალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. პირველ რიგში ეს არტილერიას შეეხო. შეერთებულმა შტატებმა უკრაინას M777 ტიპის ბუქსირებადი ჰაუბიცები გადასცა, რაც თავის კლასში საუკეთესოდაა მიჩნეული, მაგრამ შედარებით რთული ტრანსპორტირების გამო, შესაძლებლობებით თვითმავლებს მაინც ჩამორჩება. უკრაინას გადაეცა, ან უახლოეს მომავალში გადაეცემა (გადაწყვეტილება უკვე მიღებულია) სხვა და სხვა ოდენობის თვითმავალი ჰაუბიცა:

  1. ამერიკული M109-ები;
  2. ჩეხური DANA-ები;
  3. სლოვაკური ZUZANA-ები;
  4. პოლონური Krab-ები;
  5. შვედური Archer-ები;
  6. ფრანგული Cesar-ები;
  7. გერმანული ZPR 2000-ები იგივე პანცერჰაუბიცები;
  8. ბრიტანული AS90-ები.

მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა, უპირველესად პოლონეთმა უკრაინას 500-მდე საბჭოთა წარმოების ტანკი გადასცა, დასავლური წარმოების ტანკების გადაცემაზე ქვეყნები თითქმის 1 წელი თავს იკავებდნენ. ნავსი იანვარში გატყდა. 24 თებერვლის მდგომარეობით ცნობილია, რომ უკრაინას გადაეცემა:

  1. 14 ბრიტანული Challenger 2;
  2. 31 ამერიკული Abrams;
  3. 100-დან 130-მდე გერმანული Leopard 2;
  4. 100-ზე მეტი გერმანული Leopard 1.

ტანკების გარდა უკრაინას ასევე გადაეცემა დასავლური წარმოების ქვეითთა საბრძოლო მანქანები, კერძოდ:

  1. 109 ამერიკული Breadly;
  2. 40 გერმანული Marder;
  3. 50 შვედური CV 90.

სამხედრო ექსპერტთა შეფასებით, უკრაინამ ტანკზე ბევრად უფრო ძლიერი და შედეგის მომტანი იარაღი ჯერ კიდევ ივლის-აგვისტოში მიიღო, საუბარია ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებზე, ამ შემთხვევაში ამერიკულ მუხლუხიან MLR-270-ებსა და მის ბორბლებიან ვარიანტ Himars-ებზე. 70-85 კმ მანძილზე მტრის ზურგში მიყენებული უზუსტესი დარტყმებით მრავალი ლოჯისტიკური ცენტრი, იარაღის საწყობი, საწვავის რეზერვუარი და ხიდი განადგურდა. Himars-ებმა სექტემბერ-ნოემბერში ხარკივისა (იგულისხმება ოლქი და არა ქალაქი) და ხერსონის ნაწილის მათ შორის ქალაქ ხერსონის გათავისუფლებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. ვაშინგტონის გადაწყვეტილებით კიევი 150 კმ მანძილზე მფრენ GLSDB რაკეტებსაც მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ Himars-ების სასროლი მანძილი 2-ჯერ გაიზრდება, თუმცა 300 კმ-ზე მფრენი ATACMS-ების გადაცემაზე შეერთებული შტატების დათანხმება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. 21-22 თებერვლის ღამეს მარიუპოლში სამიზნეები 90-100 კმ მანძილიდან დაიბომბა, დაუდასტურებელი ვერსიით ეს ომში GLSDB-ის გამოყენების პირველი შემთხვევა იყო.

საბჭოთა წარმოების საზენიტო სარაკეტო სისტემა S300-ების გარდა უკრაინამ უკვე მიიღო, ან უახლოეს მომავალში მიიღებს:

  1. ნორვეგიულ NASAMS-ებს;
  2. გერმანულ IRIS-T-ებს;
  3. ფრანგულ-იტალიურ SAMP/T-MAMBA-ებს;
  4. ამერიკულ PATRIOT-ებს.

ჩამოთვლილთაგან ბოლო ორ სისტემას, რომელიც ჯერ არ მიუღია უკრაინას ბალისტიკური რაკეტების გადაჭერაც შეუძლიათ.

უკრაინა ომში თურქულ, პოლონურ და ამერიკულ დამრტყმელ, კამიკაძე და სადაზვერვო დრონებსაც იყენებს. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე სამამულო წარმოების დრონების შესახებაც დაიწერა, რომელთა მოქმედების რადიუსიც 1000 კმ-ს აღწევს.

უკრაინას მცირე ოდენობით საბჭოთა წარმოების თვითმფრინავები და შვეულმფრენები გადაეცა, მაგრამ ამ დრომდე დასავლურ ავიაციაზე შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება. თუ არ ჩავთვლით, 3 ერთეულ ბრიტანულ შვეულმფრენ Sea King-ს, რაც ამინდს ვერ ცვლის. ამ დრომდე ყველაზე აქტიურად ამერიკული მეოთხე თაობის გამანადგურებლების F16-ების გადაცემა განიხილება. მათ შესაძლოა ბრიტანული TORNADO-ები და TYPHOON-ებიც დაემატოს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არაა. ინიციატივა ორ პრობლემას აწყდება: ესკალაციის საფრთხესა და პილოტების მომზადების დიდ დროს. ბოლო დროს ისევ გააქტიურდა საუბარი МиГ-29-ების გადაცემაზე, რომლის მთავარი კონტრიბუტორიც პოლონეთი უნდა იყოს. მსგავსი ტიპის თვითმფრინავები უკრაინას ისედაც ჰყავს და სწავლებაზე დიდი დრო აღარ დაიხარჯება.

ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე უკრაინისთვის გაწეულმა სამხედრო დახმარების მოცულობამ 65 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. შედარებისთვის 2023 წლის საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 470 მლნ დოლარია. მთავარი კონტრიბუტორი შეერთებული შტატებია, კიელის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, აშშ-მა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 44.3 მლრდ ევრო დახარჯა (დაახლოებით 47 მლრდ დოლარი), ბრიტანეთმა 4.9 მლრდ ევრო, მესამე ადგილს კი 2.4 მლრდ-ით პოლონეთი იკავებს.

გრაფიკი 1: უკრაინისთვის ერთ წელიწადში გაწეული სამხედრო დახმარება (მლნ ევრო)

წყარო: კიელის ინსტიტუტი

დონორები რუსეთსაც ჰყავს. ჯავშანტექნიკა, ჭურვები და კამიკაძე დრონები რუსეთმა ბელარუსისგან, ირანისგან და ჩრდილო კორეისგან მიიღო. ამ შემთხვევაში, გადაცემული არსენალის ღირებულება არ საჯაროვდება.

სამხედრო და სამოქალაქო დანაკარგები

რამდენია დანაკარგი ომში? კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. წყაროები ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს ავრცელებენ. მხარეები საკუთარ რიგებში მსხვერპლზე იშვიათად საუბრობენ. მოწინააღმდეგის დანაკარგს კი როგორც წესი აზვიადებენ.

რუსეთმა თავის დანაკარგების შესახებ ბოლო 2022 წლის 21 სექტემბერს განაცხადა და 5937 სამხედროს დაღუპვა აღიარა, თუმცა იმავე დღეს ქვეყანაში 300000-იანი მობილიზება გამოცხადდა, რაც სამხედრო ექსპერტთა შეფასებით დასახელებული რიცხვის სიყალბის კიდევ ერთი დასტურია. უკრაინის მთავრობის ცნობით, რუსულ არმიაში მსხვერპლმა უკვე 145 000-ს გადააჭარბა, ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, მოკლულ რუს სამხედროთა რიცხვი 40 ათასიდან 60 ათასამდეა. მთლიანი დანაკარგი დაჭრილების ჩათვლით კი 200000-ს აღწევს.

უკრაინის მთავრობამ 2 დეკემბერს განაცხადა, რომ მათ რიგებში მსხვერპლმა 13000-ს გადააჭარბა. 21 სექტემბერს რუსეთის მთავრობამ უკრაინულ ძალებში მსხვერპლი 61207-ით შეაფასა. მოსკოვი ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ 1 მოკლულ რუს ჯარისკაცზე 10-ზე მეტი მოკლული უკრაინელი მოდიოდა, მაგრამ რუსული ჯარი მაინც უკან იხევდა (ხარკივის ოლქი იმ დროს გაათავისუფლა უკრაინამ). შეიძლება იმავე ამბის გაგრძელებად ჩაითვალოს მოსადისთვის მიწერილი ფეიკ ანგარიში, რომლის მიხედვითაც თითქოს უკრაინამ 157000 ჯარისკაცი დაკარგა და რუსეთმა მხოლოდ 18440.

ძალიან რთულია იმის დადგენაც, თუ რამდენია მსხვერპლი მოსახლეობაში. თუ არ ჩავთვლით 1 ინციდენტს, რა დროსაც რუსეთში SU34 საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა რუსულ მხარეს უდანაშაულო მოსახლეობაში მსხვერპლი არაა. რაც შეეხება უკრაინას, გაერომ უკვე 7200 ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა. მარიუპოლიდან და სხვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ინფორმაციის გამოტანა ჭირს, რაც სტატისტიკის სიზუსტეზეც აისახება.

იმის გათვალისწინებით, რომ ცნობები ურთიერთგამომრიცხავია, დაღუპულთა საერთო რაოდენობის დადგენაც რთულია.

დაღუპული ჯარისკაცისგან განსხვავებით, აფეთქებული ტანკების რაოდენობის დათვლა ბევრად უფრო იოლია. მართალია, მხარეები ამ შემთხვევაშიც ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს ავრცელებენ, მაგრამ უბრალო ცნობების მიღმა არსებობს ფოტო-ვიდეო მტკიცებულებებიც. პლატფორმა Oryx მხოლოდ იმ დანაკარგებს აღწერს, რაც ფოტო ან ვიდეო მტკიცებულებით უტყუარად დასტურდება. ამ წყაროს ცნობით, რუსეთმა 1 წელიწადში 9368 სახმელეთო ტექნიკა დაკარგა - მათ შორის 1769 ტანკი, საიდანაც 549 უკრაინამ ტროფეის სახით დაისაკუთრა. უფრო კონკრეტულად რუსული ტანკების დანაკარგი ასეთია:

  1. 65 T62 (აქ და ყველგან იგულისხმება ყველა მოდიფიკაცია);
  2. 50 T64;
  3. 994 T72;
  4. 408 T80;
  5. 54 T90;
  6. 197 დაუდგენელი მოდელის ტანკი.

T90-ის შესახებ საქართველოში ცრუ ინფორმაციაც ვრცელდებოდა, რომ თითქოს ის ჯერ არ იყო ომში ჩართული, ამ დროს მტკიცებულებები საპირისპიროს ადასტურებს.

ტანკების გარდა რუსეთმა ასევე დაკარგა ქვეითთა საბრძოლო მანქანები:

  1. 324 BMP1;
  2. 764 BMP2;
  3. 105 BMP1/BMP2;
  4. 232 BMP3.

ვრცელ ჩამონათვალს ჯავშანტრანსპორტიორები, სატვირთოები, საწვავის ავზები, ბუქსირებადი და თვითმავალი არტილერია, საზენიტო საშუალებები და სხვა სახმელეთო შეიარაღებაც ემატება.

რაც შეეხება ავიაციას, რუსული თვითმფრინავების დანაკარგებია ასეთია:

  1. 1 MIG-31;
  2. 1 TU-22;
  3. 1 TU-95;
  4. 1 AN-26;
  5. 2 SU-35;
  6. 10 SU-24;
  7. 11 SU-30;
  8. 19 SU-34;
  9. 25 SU-25;

რუსული შვეულმფრენების დანაკარგი კი ასეთი:

  1. 5 MI-24;
  2. 6 MI-35;
  3. 11 MI-28;
  4. 18 MI-8;
  5. 31 KA-52;
  6. 6 დაუდგენელი მოდელის შვეულმფრენი.

დადასტურებული უკრაინული დანაკარგი ბევრად ნაკლებია და 3000 სახმელეთო ტექნიკას შეადგენს, მათ შორის - 468 ტანკს. ავიაციის დანაკარგი კი 55 თვითმფრინავი და 30 შვეულმფრენია.

იმის გათვალისწინებით, რომ ყველა აფეთქებული ტანკისა თუ ჩამოგდებული თვითმფრინავის ფოტო მტკიცებულება არ არსებობს, რეალური დანაკარგი ორივე მხრიდან უფრო მეტია, თუმცა ზუსტად რამდენი, ამის თქმა მინიმუმ ომის დასრულებამდე შეუძლებელია.

ომის დანაშაულები

ომში, საომარი ქმედებების გარდა, ომის დანაშაულს ცალკე გამოყოფენ. ეს შეიძლება იყოს ტყვეების დახვრეტა ან წამება, სამოქალაქო პირებისთვის ცეცხლის გახსნა, მიზანმიმართულად სამოქალაქო ობიექტებზე მიტანილი იერიში, მაროდიორობა, ვანდალიზმი. უკიდურეს შემთხვევაში - მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება და გენოციდი.

ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა რამდენიმე სახელმწიფომ გენოციდად შეაფასა. ვინც ქალაქიდან გასვლა ვერ მოასწრო, მათი დიდი ნაწილი უბრალოდ დახვრიტეს. ზოგ მათგანს მკვლელობის მომენტში ხელები ჰქონდა შეკრული. რუსეთი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ თითქოს, მისი ჯარის ბუჩაში ყოფნის დროს ქალაქში სიმშვიდე იყო, მაგრამ სატელიტურმა ფოტოებმა, სადაც ქუჩებში მიმოფანტული ცხედრები იყო აღბეჭდილი, საპირისპირო დაამტკიცა. მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის ფაქტები, შედარებით მცირე მასშტაბით სხვა გათავისუფლებულ დასახლებებშიც დადასტურდა.

ცალკე თემაა მარიუპოლი, სადაც ჯერ სამშობიარო დაბომბეს, შემდეგ თეატრი, რომელსაც ბავშვებიც აფარებდნენ თავს. ეზოში გაკეთებულმა წარწერამ - ДЕТИ (ბავშვები), არ გაჭრა. სხვა მოვლენებიდან აღსანიშნავია კრამატორსკში დაბომბილი რკინიგზის სადგური, რასაც 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. პურის რიგში დახვრეტილი 10-ზე მეტი ადამიანი ჩერნიგოვში. რუსულმა ავიაციამ და არტილერიამ მთელი წლის განმავლობაში ასევე დაბომბა საცხოვრებელი კორპუსები, საავადმყოფოები და ეკლესიები.

მარიუპოლის თეატრი

ჯერ კიდევ 24 თებერვლის მიმართვაში პუტინი დაიმუქრა, რომ თუ ვინმე ხელს შეუშლიდა, ისეთ პასუხს გასცემდა, რომელიც ჯერ არავის ახსოვდა, 27 თებერვალს ბირთვული შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის ბრძანება გასცა. ამის შემდეგ თავად სხვა მაღალჩინოსნებმაც მსოფლიოს არაორაზროვანი ბირთვული მუქარა გაუგზავნეს. მოსკოვში იმუქრებოდნენ, რომ სამხედრო დახმარების კოლონა ლეგალური სამიზნე გახდებოდა. ყოველთვის, როცა დახმარების პაკეტში ახალი ტექნიკა ჩნდებოდა, ახლდებოდა მუქარაც. მუქარა ყველაზე მეტად ყირიმის ირგვლივ ისმის. ნახევარკუნძულის მიმართულებით ჯერ სახმელეთო ოპერაცია არ დაწყებულა, თუმცა წერტილოვანი დარტყმები არათუ ყირიმზე თავად რუსეთის ტერიტორიაზეც რამდენჯერმე მოხერხდა. დარტყმებს დაპირებული აპოკალიფსი არ მოჰყოლია.

მნიშვნელოვანი თარიღები ომში

ხარკივის ოლქის, ლიმანისა და ხერსონის გათავისუფლების გარდა, მთელი ომის მსვლელობისას შეიძლება რამდენიმე მომენტი გამოირჩეს.

1) 14 აპრილს შავი ზღვის ფლაგმანი კრეისერი „მოსკვა“ ჩაძირეს. გემს ორი ხომალდსაწინააღმდეგო „ნეპტუნი“ მოხვდა. 186 მეტრის სიგრძისა და 9380 ტონა წყალწყვის 121000 ცხენისძალიან ხომალდზე ეკიპაჟის 510 წევრი იმყოფებოდა. უმეტესობა დაიღუპა. Forbes-ის შეფასებით, გემის ღირებულება შეიარაღებიანად 750 მლნ დოლარს შეადგენდა.

2) 8 ოქტომბერს ოკუპაციის სიმბოლოდ წოდებულ ყირიმის ხიდზე სატვირთო აფეთქდა, რამაც ხიდის საავტომობილო ნაწილი ჩაანგრია, სარკინიგზო კი დააზიანა. აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი პრემიერი და იმ მომენტში უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე უკრაინას ხიდზე იერიშის მიტანის შემთხვევაში „განკითხვის დღით“ დაემუქრა. მისი მუქარა სერიოზულად არავის მიუღია.

3) 5 დეკემბერს „რიაზანისა“ და „ენგელსი 2“-ის აეროდრომებზე, რომლებიც უკრაინის საზღვრიდან შესაბამისად 460 და 640 კმ-ითაა დაშორებული უკრაინული დრონების თავდასხმას შორი მოქმედების სტრატეგიული ბომბდამშენები TU22 და TU95 ემსხვერპლნენ. ბელგოროდში, როსტოვსა თუ ბრიანსკში აეროდრომებზე, სამხედრო საწყობებზე და საწვავის რეზერვუარებზე ადრეც დაურტყამთ, მაგრამ განსხვავება საზღვრიდან დაშორებაში იყო.

ყირიმის ხიდი აფეთქების შემდეგ

თუ მთელი მსოფლიოსთვის რუსეთი ოკუპანტია, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, რუსული კანონმდებლობის მიხედვით, ოკუპანტი უკრაინაა, რომელსაც ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ნაწილი აქვს მითვისებული და თან ყირიმის ნახევარკუნძულს ემუქრება. 23-27 სექტემბერს ჩამოთვლილ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთმა ფიქციური რეფერენდუმი ჩაატარა და ეს ტერიტორიები რუსეთის ნაწილად გამოაცხადა. დამატებითი აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ ე.წ. რეფერენდუმმა ადმინისტრაციულ საზღვრებში ბოლომდე ვერ დაფარა, რადგან ლუჰანსკის გარდა დანარჩენ ოლქებს ბოლომდე ვერ აკონტროლებდა. ამ „რეფერენდუმის“ გამოცხადების შემდეგ კი რუსეთმა ხერსონი და ლიმანი დაკარგა.

ივლისის შემდეგ ერთადერთი ქალაქი, რომლის აღებაც რუსეთმა მოახერხა, სოლედარია. ქალაქში ომამდე 11000 ადამიანი ცხოვრობდა. 7-თვიანი ბრძოლა და კოლოსალური მსხვერპლი 70000 მაცხოვრებლიანი ბახმუტის დასაკავებლად არასაკმარისი აღმოჩნდა. შეიძლება ZSU-ს ბახმუტის დატოვება მაინც მოუწიოს, მაგრამ ეს დანებებას არ ნიშნავს. კონტრშეტევამდე, ხარკივის ოლქის დიდი ნაწილის, ლიმანისა და ხერსონის დაბრუნებამდე უკრაინული არმია სევეროდენეცკიდან და ლისიჩანსკიდან გავიდა.

რუსეთისთვის ბახმუტის დაკავებას თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და რუსეთისავე კანონმდებლობით დარღვევით შექმნილ კერძო სამხედრო არმია „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის დაპირისპირებაც ართულებს. პრიგოჟინმა თავისუფლების სანაცვლოდ პატიმრებს 6 თვით ბრძოლაში ჩართვა შესთავაზა. პრიგოჟინი ბოლო პერიოდში შოიგუს ღიად უპირისპირდება და ჭურვებით მომარაგების გაჭიანურებაში ადანაშაულებს.

ომიდან 1 წლის თავზე რუსეთი მარცხის აღიარებას არ განიხილავს, პარალელურად არსებული მდგომარეობით საზავო მოლაპარაკებები არც უკრაინის დღის წესრიგში დგას. კიევში აცხადებენ, რომ მათთვის ომამდელ პოზიციებზე დაბრუნება უკვე მიუღებელია და ბრძოლას იქამდე გააგრძელებენ, სანამ 1991 წლის საზღვრებზე არ გავლენ.

ომიდან 1 წლის შემდეგ, 20 თებერვალს კიევს დაუგეგმავად შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ეწვია. ბაიდენმა უკრაინას კიდევ ერთხელ აღუთქვა თანადგომა და სამხედრო დახმარების გაგრძელების პირობა დადო.


მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი