სოციალურ ქსელში თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ სხვადასხვა შეთქმულების თეორია და მანიპულაციური მტკიცება (ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7) ვრცელდება. სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თურქეთისა და სირიის ტერიტორიაზე მომხდარი მიწისძვრა „გეოფიზიკური იარაღის“ გამოყენებით ხელოვნურად იყო გამოწვეული და ამ პროცესების უკან ამერიკის შეერთებული შტატები დგას, რომელმაც თურქეთი აშშ-ის საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარების და NATO-დან გასვლის სურვილის გამო „დასაჯა“.

გავრცელებულ პოსტებში რამდენიმე დაუსაბუთებელი მტკიცებაა:

  • 6 თებერვალს, თურქეთ-სირიაში მომხდარი მიწისძვრა ხელოვნურად იყო გამოწვეული;
  • მიწისძვრა ტექტონიკური/გეოფიზიკური იარაღის გამოყენებით ამერიკელებმა მოაწყვეს და ეს იყო პასუხი თურქეთის NATO-დან გასვლის შესახებ განცხადებაზე, რასაც აშშ-სა და ევროპული სახელმწიფოების მიერ საკუთარი საელჩოების დახურბა და თანამშრომლების ევაკუაცია (მიწისძვრამდე 3 დღით ადრე) ადასტურებს;
  • მიწისძვრის ამსახველ კადრებში ჩანს, რომ ის ქვეითად მოსიარულეებზე არანაირ გავლენას არ ახდენს და მხოლოდ შენობები ინგრევა, რაც ხელოვნურ ჩარევას ადასტურებს.

8 თებერვალს რადიო „იმედის“ გადაცემაში „მოროშკინას პოდკასტი“, წამყვანმა ლალი მოროშკინამ მოწვეულ სტუმართან, გია გაბრიჩიძესთან ერთად თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრაზე ისაუბრა. მოროშკინას მტკიცებით, მიწისძვრა აშშ-ის მიერ ხელოვნურად იყო გამოწვეული, რასაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ მიწისძვრის მომყოლი ბიძგების სიმძლავრე პირველი, დამანგრეველი ბიძგების სიძლიერეს აღემატებოდა. წამყვანმა ასევე ისიც აღნიშნა, რომ 3 თებერვალს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თურქეთში ამერიკის ელჩს მიმართა და ის დესტაბილიზაციის შექმნაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც, ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის საელჩოებმა საკუთარი თანამშრომლები საელჩოებიდან გაიყვანეს, რაც, მისი აზრით, ასევე მიუთითებს იმაზე, რომ მიწისძვრის უკან დასავლური/ამერიკული ძალები დგანან.

აღნიშნულის მსგავსად, Facebook-ის სხვა მომხმარებლებიც ამტკიცებდნენ, რომ მიწისძვრა ხელოვნურად იყო გამოწვეული და მის უკან აშშ-ი დგას, რაც პასუხია თურქეთის მიერ NATO-ს დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე.

კიდევ ერთ გავრცელებულ პოსტში გაზიარებულია ვიდეო, სადაც თურქეთში მიწისძვრის შედეგად ერთ-ერთი კორპუსის ჩამონგრევაა ასახული. პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ კორპუსის ჩამონგრევის მომენტში „მიწისძვრას არანაირი გავლენა არ ჰქონია ქვეითად მოსიარულეებზე, ტრანსპორტზე და გვერდით მდგომ ხეებზე“, რაც, თითქოს იმაზე მიუთითებს, რომ ხელოვნური ჩარევა მოხდა.

რა მოხდა თურქეთსა და სირიაში?

აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრის თანახმად, 2023 წლის 6 თებერვალს გამთენიისას (დილის 4 საათსა და 15 წუთზე) თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონებში, სირიის საზღვართან ახლოს, 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი კაჰრამანმარაშის პროვინცია იყო, ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90 კილომეტრში. პირველი ბიძგიდან მალევე - 11 წუთში, 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის განმეორებითი ბიძგი (Aftershock) დაფიქსირდა. კიდევ ერთი და ყველაზე ძლიერი განმეორებითი ბიძგი 9 საათის შემდეგ, პირველი მიწისძვრის ეპიცენტრიდან დაახლოებით 100კმ-ში მოხდა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის ეს რეგიონი სეისმურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ზონაა. თურქეთის აღმოსავლეთი ნაწილი ოთხი დიდი ტექტონიკური ფილის გადაკვეთის ადგილას მდებარეობს (ანატოლიის, ევრაზიული, აფრიკული და არაბული ტექტონიკური ფილები).

წყარო: Statista

არაბული და აფრიკული ფილები ჩრდილოეთის მიმართულებით მოძრაობენ, სადაც მათ ბუნებრივ ბარიერად ევრაზიული გიგანტური ტექტონიკური ფილა ხვდებათ. სწორედ ამ სამი ტექტონიკური ფილის გადაკვეთის ადგილას მდებარეობს მეოთხე, შედარებით მცირე ზომის - ანატოლიის ტექტონიკური ფილა. ანატოლიის ფილის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სწორედ ამ ინტერაქციის შედეგად წარმოიქმნა ჩრდილოეთ ანატოლიის რღვევის ხაზი, რომელიც დედამიწაზე სეისმურად ყველაზე აქტიურ ზონად მიიჩნევა.

თუმცა თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრა და მომყოლი ბიძგები, არა ანატოლიის ტექტონიკური ფილის ჩრდილოეთ რღვევის ხაზზე, არამედ აღმოსავლეთ რღვევის ხაზზე დაფიქსირდა.

წყარო: abcnews

აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრის სეისმოლოგის სუზან ჰაფის მიერ ამერიკული გამოცემა abcnews-ისთვის მიცემულ კომენტარიდან ირკვევა, რომ აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევის ხაზზე ფილების შეჯახების არეალმა დაახლოებით 300კმ შეადგინა. მიწისძვრის სიმძლავრეს ძირითადად ფილების შეჯახების არეალის და გამოთავისუფლებული ენერგიის სიდიდე განსაზღვრავს და შესაბამისად, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის დამანგრეველი ეფექტიც სწორედ ამ გარემოებით იყო გამოწვეული.

იყო, თუ - არა მიწისძვრა ხელოვნურად გამოწვეული?

ხელოვნურად გამოწვეული მიწისძვრები შეთქმულების თეორიების მოყვარულების ერთ-ერთი ფავორიტი საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევის (თუმცა არა იარაღის გამოყენებით) თეორიული შესაძლებლობა, შეუძლებელია, იმ მასშტაბის და იმ ტიპის მიწისძვრის ხელოვნურად (ტექტონიკური თუ გეოფიზიკური იარაღის გამოყენებით) გამოწვევა, რაც თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს დაფიქსირდა. რეიჩელ აბერკრომბმა, ბოსტონის უნივერსიტეტის სეისმოლოგიის მკვლევარმა, ამერიკული გამოცემა USA Today-სთვის მიცემულ კომენტარში, განმარტა, რომ მსგავსი სიმძლავრისა და მასშტაბის მიწისძვრის „ხელოვნურად და დამიზნებით“ გამოწვევის საშუალება არ არსებობს. აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრის, წარმომადგენელმა, ჯესიკა ტერნერმა, იმავე გამოცემასთან აღნიშნა, რომ „თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრა სეისმურად აქტიურ ზონაში, ყველასთვის ცნობილ რღვევის ხაზებზე დაფიქსირდა. გამოთავისუფლებული ენერგიის მასშტაბი კი მიუთითებს იმაზე, რომ მსგავსი რამის ხელოვნურად გამოწვევა წარმოუდგენელია“.

აღსანიშნავია, რომ მძლავრი და დამანგრეველი მიწისძვრები, თურქეთში არც ისე იშვიათი მოვლენაა. ძლიერი მიწისძვრები თურქეთში 2020 წელს (6.7 მაგნიტუდა). 1999 წელს (7.4 მაგნიტუდა - მსხვერპლი დაახლოებით 17,000 ადამიანი), 1939 წელს (7.8 მაგნიტუდა - მსხვერპლი 30,000 ადამიანზე მეტი)დაფიქსირდა.

შესაბამისად, მტკიცება, რომ თურქეთის მიწისძვრა „გეოფიზიკური იარაღის“ გამოყენებით აშშ-ის მიერ ხელოვნურად იყო გამოწვეული, დაუსაბუთებელია და შეთქმულების თეორიის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს.

ამას გარდა, ფაქტობრივად ტყუილია, რადიო „იმედის“ ეთერში, წამყვან ლალი მოროშკინას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ 6 თებერვალს თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრის დროს მომყოლი ბიძგების სიმძლავრე პირველი დამანგრეველი ბიძგების სიმძლავრეს აღემატებოდა, რაც თითქოს მის ხელოვნურად გამოწვევას ადასტურებდა. აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრი, ისევე, როგორც ყველა სხვა ავტორიტეტული და ოფიციალურ წყარო ადასტურებს, რომ 6 თებერვალს თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარი დამანგრეველი პირველი მიწისძვრის სიმძლავრე (7.8 მაგნიტუდა) ყველა მომყოლი ბიძგის (Aftershocks) სიმძლავრეს აღემატებოდა. თუმცა, რა თქმა უნდა, მომყოლი ბიძგების სიმძლავრე რომ უფრო მაღალი მაგნიტუდის ყოფილიყო, ვერც ეს იქნებოდა იმის დადასტურება, რომ მიწისძვრა ხელოვნურად იყო გამოწვეული.

რაც შეეხება კიდევ ერთ მანიპულაციურ მტკიცებას, რომ მიწისძვრის ამსახველ კადრებში ჩანს, თუ როგორ ინგრევა შენობები, მაშინ როდესაც ირგვლივ ბიძგების დამადასტურებელი სხვა ნიშნები არ ჩანს, ესეც მორიგი დაუსაბუთებელი მოსაზრებაა. მიწისძვრის დროს საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც შენობა-ნაგებობები არა უშუალოდ ბიძგების დროს, არამედ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ინგრევა. ეს მაშინ ხდება, როდესაც შენობა-ნაგებობა ბიძგების დროს იღებს სტრუქტურულ დაზიანებას, რაც საბოლოოდ, მისი მთლიანი ან ნაწილობრივი დანგრევით სრულდება. ამის ნათელი მაგალითი იყო 2017 წელს მომხდარი 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მექსიკაში, როდესაც ქალაქ მეხიკოში, ერთ-ერთი ოთხ-სართულიანი საოფისე შენობა ბიძგებიდან 50 წუთის შემდეგ ჩამოინგრა, რაც თანამშრომლები დაუბრუნდნენ სამუშაო პროცესს, რადგან ჩათალეს, რომ საფრთხე უკვე ჩავლილი იყო.

რატომ დახურა დროებით რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ თურქეთში დიპლომატიური მისია?

ასევე დაუსაბუთებელია კიდევ ერთი მტკიცება, რომ თითქოს დასავლურმა სახელმწიფოებმა მიწისძვრამდე რამდენიმე დღით ადრე თურქეთში საელჩოები დახურეს და თანამშრომლების ევაკუაცია მოახდინეს, რადგან მათ მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ წინასწარ იცოდნენ.

სინამდვილეში, 2023 წლის იანვარ-თებერვალში, თურქეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა და საელჩოების და საკონსულოების მუშაობის დროებითი შეჩერების გადაწყვეტილებას 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრასთან არაფერი აქვს საერთო. 2023 წლის იანვარში ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტურად განწყობილმა, აქტივისტებმა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში - შვედეთში, დანიასა და ნიდერლანდებში, გამართულ ანტისაიმიგრაციო აქციებზე ყურანი დაწვეს. ამის გამო, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი შვედეთს ნატო-ში გაწევრიანების შეფერხებით დაემუქრა. გარდა ამისა, ევროპულ სახელმწიფოებში გამართული აქციების დროს ყურანის დაწვას თურქეთში საკმაოდ მასშტაბური და აგრესიული საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, მათ შორის, საელჩოებსა და საკონსულოებთან. შედეგად, რამდენიმე დასავლური ქვეყნის ხელისუფლებამ გააკეთა შეფასება, რომ თურქეთში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმების რისკი გაიზარდა, საკუთარ მოქალაქეებს თურქეთში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და სტამბულში არსებული საკონსულოების დროებითი დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

შესაბამისად, მტკიცება, რომ დასავლურმა სახელმწიფოებმა სტამბულში საკონსულოების დროებითი დახურვის გადაწყვეტილება, მათ მიერვე დაგეგმილი მიწისძვრის გამო მიიღეს, დაუსაბუთებელია და შეთქმულების თეორიას წარმოადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ მიწისძვრას დამანგრეველი ეფექტი სტამბულის რეგიონზე საერთოდ არ ჰქონია.

ასევე ტყუილია რამდენიმე პოსტში გავრცელებული მტკიცება, რომ დასავლეთმა თურქეთი NATO-დან გასვლის გადაწყვეტილების გამო, ხელოვნურად გამოწვეული მიწისძვრით დასაჯა. მსგავსი განცხადება, რომ თურქეთმა შესაძლოა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დატოვოს, თურქეთის პარლამენტში შემავალი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის „Vatan Partisi“ (პატრიოტული პარტია) თავმჯდომარის მოადგილე ეთემ სანქაკმა, 2023 წლის იანვრის თვეში გააკეთა. თუმცა თურქეთის მმართველი პარტიის AK Party-ს სპიკერმა, ომერ ჩელიქმა, აღნიშნული განცხადება უარყო და განაცხადა, რომ მსგავსი საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას და ყოველგვარ აზრს მოკლებულია. თურქეთს მსგავსი პოზიცია, რომ სურს NATO-დან გასვლა, სამთავრობო დონეზე, არსად გაუჟღერებია. პირიქით, თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვით დაიმუქრა, იმ შემთხვევაში, თუ ევროპის ქალაქებში ყურანის დემონსტრაციულად დაწვის შემთხვევები არ შეწყდებოდა.

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი