სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დასავლეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში ხელს უშლის.

მოცემულ პოსტში გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.

პირველი მტკიცება ე.წ. „3+3 ფორმატს“ ეხება, რომელიც სამხრეთ კავკასიის საკითხებზე დიალოგისთვის რუსეთის მიერ იყო შემოთავაზებული და მასში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების - აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის, და სამი გარე ძალის - ირანის, თურქეთის და რუსეთის, ჩართვა იყო გათვალისწინებული. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციით, საქართველო აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას არ აპირებს და მის ფარგლებში გამართულ შეხვედრებშიც არ მიუღია მონაწილეობა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის - ალექსანდრე ღვთისიაშვილის, თანახმად, საქართველო მხარს უჭერს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამშვიდობო პლატფორმების ჩამოყალიბებას სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი) მონაწილეობით, მაგრამ არა - რუსეთთან ერთად, „ხოლო რაც შეეხება გუშინ [განცხადება გაკეთდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის - სერგეი ლავროვის - მიერ შეთავაზების გაჟღერების შემდეგ დღეს] გაჟღერებულ ფართო, რეგიონულ სამშვიდობო პლატფორმას, საქართველო ვერანაირად ვერ იქნება ჩართული იმ სამშვიდობო პლატფორმაში, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყანა. ჩვენი პოზიციაა, რომ ნებისმიერი თანამშრომლობის პლატფორმა უნდა ემყარებოდეს მონაწილე სახელმწიფოთა ურთიერთპატივისცემას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. შესაბამისად, ვთვლით, რომ ვიდრე არ იქნება გადადგმული დეოკუპაციის კუთხით შესაბამისი ნაბიჯები, მსგავსი ინიციატივა ვერ იქნება პერსპექტიული“.

რუსული მხარის პოზიცია, დეოკუპაციასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში კიდევ ერთხელ გაჟღერდა. კერძოდ, რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერმა, ბორის ჩერნიშოვმა, განაცხადა, რომ რუსეთის დამოკიდებულების შეცვლა აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ მიმართ, თბილისთან დიალოგის შემთხვევაშიც კი, სრულიად გამორიცხულია. რუსეთის დუმის დეპუტატმა, დსთ-ს, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა კი განაცხადა, რომ საქართველოს აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დაბრუნება სურს, თუმცა მისი სურვილები „ოცნებისა და ფანტაზიების სამყაროში“ დარჩება და მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის საქართველოს რუსეთის დამარცხება მოუწევს.

შესაბამისად, რუსეთი „3+3 ფორმატში“ საქართველოსთან ტერიტორიების დაბრუნების საკითხის განხილვას არ აპირებს და ზოგადად, აღნიშნული საკითხის განხილვაზეც კი უარს აცხადებს. შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია, რომ არ აპირებს ფორმატში მონაწილეობას, ვიდრე არ იქნება გადადგმული დეოკუპაციის კუთხით შესაბამისი ნაბიჯები, კვლავ რელევანტურია.

„3+3 ფორმატს“ უარყოფითად აფასებენ ექსპერტებიც. ასევე, რუსული მხარის პოზიციიდან გამომდინარე, „3+3 ფორმატში“ მონაწილეობა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებასთან დაკავშირება აზრს მოკლებულია და მანიპულაციაა. შესაბამისად, Facebook-მომხმარებლის მტკიცება, რომ „3+3-ზე ქართულმა მხარემ უარი რომ განაცხადა, ეს ნიშნავს იმას, რომ დასავლეთის ბინძური პოლიტიკით არ უნდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება საქართველოს შემადგენლობაში“, ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია და ტყუილს წარმოადგენს.

Facebook-პოსტის მეორე მტკიცების თანახმად, „დაწყებული იყო სამაჩაბლოზე მოლაპარაკებები და უკრაინის ომმა ჩაშალა“. დასახელებული მტკიცება ფაქტებით არ დასტურდება. 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად ჩამოყალიბებულ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ქართულ და რუსულ მხარეებს შორის დიალოგი 2008 წლიდან მიმდინარეობს. აღნიშნული მოლაპარაკებები რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამ შეაფერხა, მაგრამ ის კვლავ განახლდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე, მოლაპარაკებები შინაარსობრივად დიდწილად გაყინული იყო და მხარეები რაიმე გარღვევასთან ახლოს არ მისულან.

ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შედეგად მოლაპარაკებების კიდევ ერთი ფორმატი - ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM), ჩამოყალიბდა. IPRM-ის ფორმატი, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით მუშაობდა. IPRM-ის ფორმატში შეხვედრები აფხაზურ მხარესთან 2022 წელს, უკრაინაში ომის გაჩაღებამდე ბევრად ადრე, „დროებით“ შეწყდა (2018 წლის 27 ივნისის შემდეგ) და აფხაზურმა მხარემ მის განახლებაზე მსჯელობა ბოლო პერიოდში (უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდგომ პერიოდში) დაიწყო. ხოლო ერგნეთში ცხინვალის რეგიონის მიმართულებით IPRM-ის ფორმატში მოლაპარაკებები რუსეთის მიერ უკრაინაზე 2022 წლის 24 თებერვლის თავდასხმამდეც მიმდინარეობდა და მას შემდეგაც გრძელდება. „აღნიშნული ფორმატის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა“, ასევე „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მიზანი კონკრეტული ინციდენტებზე დროული რეაგირება და მისი აღმოფხვრაა“. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრებს ხელშესახები პოზიტიური შედეგები მოჰყოლია (მაგალითად, უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, ადგილზე სოფლის მეურნეობის საკითხებთან მიმართებით და ა.შ.), მასზე ტერიტორიების დაბრუნების ან სტატუსის საკითხი და მასთან დაკავშირებულ თემები, არ განიხილება. შესაბამისად, მტკიცება, რომ დაწყებული იყო სამაჩაბლოზე მოლაპარაკებები და ის უკრაინის ომმა ჩაშალა, ასევე ტყუილია. პრორუსული პროპაგანდა ცდილობს, შექმნას ილუზია, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სურს, მაგრამ ადგილობრივი ელიტები, რომლებიც დასავლეთის მითითებებით მოქმედებენ, აღნიშნულ პროცესს შლიან.

რეალურად, დასავლეთი - ევროკავშირი, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია, ავსტრალია, იაპონია, NATO და ა.შ. - საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას აქტიურად უჭერენ მხარს. ასევე დასავლური სახელმწიფოები, რუსეთისა და მისი მოკავშირეებისგან განსხვავებით, ყოველ წელს მხარს უჭერენ საქართველოს რეზოლუციას გაერო-ში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებასთან დაკავშირებით. მეტიც, ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და სხვა დასავლური სახელმწიფოები ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით სხვადასხვა სასარგებლო პროექტს უჭერენ მხარს. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაც მოქმედებს.

ბოლოს, პოსტში ნახსენებია კიდევ ერთი შეთქმულების თეორია, თითქოს საქართველოს პოლიტიკური პარტიები (როგორც მმართველი, ისე ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია) გარე ძალებიდან ფინანსდებიან და მათ ინტერესებს ატარებენ. აღნიშნული პრორუსული პროპაგანდის ცნობილი დეზინფორმაციული გზავნილია, რომელიც ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია.

შესაბამისად, გავრცელებული პოსტში მოცემული ინფორმაცია ყალბ ამბავს წარმოადგენს.

------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამისფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი