ზაზა შათირიშვილი: პუტინის პრეზიდენტობის პირველ ორ ვადაში რუსეთის ეკონომიკა 8.5-ჯერ გაიზარდა, რამაც საქართველოში მაღალ ეკონომიკურ ზრდას და ევროკავშირის ეკონომიკის გაორმაგებას შეუწყო ხელი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ზაზა შათირიშვილის განცხადება არის მცდარი.

რეზიუმე: ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადებით, 2000 წლიდან 2008 წლამდე რუსეთის ეკონომიკა 196 მლრდ აშშ დოლარიდან 1.7 ტრლნ-მდე გაიზარდა, იმავე პერიოდში ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირს, რომლის ეკონომიკაც 2000-2007 წლებში რუსულ ბუნებრივ რესურსებზე წვდომის შედეგად გაორმაგდა.

ზაზა შათირიშვილის ვრცელი წერილი, თითქმის ყველა ასპექტში მცდარია. მცდარია, რომ რუსეთის ეკონომიკა 2000-2008 წლებში 8.5-ჯერ გაიზარდა, რეალური ზრდის ტემპი მხოლოდ 83% იყო; მცდარია, რომ 2000-2007 წლებში ევროკავშირის ეკონომიკა გაორმაგდა, რეალურმა ზრდამ მხოლოდ 21% შეადგინა; ტყუილია, რომ ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის ტემპი 2000-2007 წლებში უპრეცედენტოდ მაღალი იყო, წინამორბედ 5 წლიან პერიოდში ევროკავშირის ეკონომიკა უმნიშვნელოდ თუმცა მაინც უფრო მაღალი საშუალო ზრდით ხასიათდებოდა; მეტწილად მცდარია რომ 2000-2007 წლებში მაღალ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში რუსეთიდან მიღებული სარგებელი განაპირობებდა. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ზაზა შათირიშვილის განცხადება არის მცდარი.

ანალიზი:

ზაზა შათირიშვილი საკუთარ განცხადებაში ევროკავშირის, რუსეთისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციას ვლადიმერ პუტინის გაპრეზიდენტების დადებითი გავლენის კონტექსტში მიმოიხილავს და უთითებს მის როლზე რუსეთის ეკონომიკის განვითარებაში, რითაც შათირიშვილის მტკიცებით, თავის მხრივ, საქართველომ და ევროკავშირმაც სარგებელი მიიღო. კერძოდ, ანალიზი მოიცავს რამდენიმე მტკიცებას:

1. „პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ 2000-2008 წლებში რუსეთის ეკონომიკა 196 მლრდ დოლარიდან 1.7 ტრლნ-მდე გაიზარდა“;

2. „რუსეთის განვითარება მეზობელ ქვეყნებზეც, მათ შორის საქართველოზეც, დადებითად აისახა და ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები საქართველოს სწორედ 2000-2007 წლებში ჰქონდა“;

3. „იგივე ეხება ევროპასაც, რომელმაც რუსეთის ბუნებრივ რესურსებზე წვდომით უდიდესი ეკონომიკური სარგებელი მიიღო და რომლის ეკონომიკა იმავე, 2000-2007 წლებში უპრეცედენტოდ, ორჯერ გაიზარდა“.

მტკიცება N1: გაიზარდა, თუ - არა რუსეთის ეკონომიკა 8.5-ჯერ (196 მლრდ-დან 1.7 ტრლნ-მდე) 2000-2008 წლებში?!

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი ოფიციალურად 2000 წლის მაისში გახდა, თუმცა პრეზიდენტის მოვალეობას 1999 წლის 31 დეკემბრიდან, ბორის ელცინის გადადგომის თარიღიდან, ასრულებდა. მისი პრეზიდენტობის პირველი ორი ვადის განმავლობაში, კერძოდ - 1999 წელთან შედარებით, 2008 წლის ბოლოს მდგომარეობით, რუსეთის ეკონომიკა 83%-ითაა გაზრდილი.

თავის მხრივ, ზაზა შათირიშვილი ეკონომიკურ განვითარებას დოლარში გამოსახული ნომინალური მშპ-ს ცვლილებით აფასებს, რაც მონაცემთა ანალიზის არასწორი გზაა, რადგან აღნიშნული მაჩვენებელი - ფასების ზრდის გავლენის გაუთვალისწინებლობის გამო, რეალურ ზრდას არსებითად გაზვიადებულად წარმოაჩენს. სურათს დამატებით ამახინჯებს რუბლისა და დოლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილების გავლენა, რაც მის მიერ არჩეული მაჩვენებლის გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული.

რეალური სურათის დასანახად - დროში ეკონომიკური განვითარების შეფასებისას, რეალური მაჩვენებლები გამოიყენება და არა ნომინალური. კერძოდ, მნიშვნელოვანია ის, რუსეთის რიგითი მოქალაქე რამდენჯერ მეტ ან ნაკლებ საქონელს მოიხმარდა/აწარმოებდა და არა ის, რამდენი რუბლი შეესაბამებოდა მას.

გრაფიკი 1. მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილების ტენდენცია რუსეთში (მილიარდი აშშ დოლარი[1])

წყარო: მსოფლიო ბანკი

ნომინალურად, 2000-2008 წლის განმავლობაში, რუსეთის ეკონომიკა 196 მლრდ დოლარიდან (1999 წელი) 1.7 ტრლნ დოლარამდე (2008 წელი), 8.5-ჯერ გაიზარდა. თუმცა რეალურმა ზრდამ ამ პერიოდში მხოლოდ 83% შეადგინა, ანუ ეკონომიკა მხოლოდ 1.83-ჯერ გაიზარდა და არა 8.5-ჯერ. მარტივი მაგალითის სახით აღნიშნული შემდეგნაირად ინტერპრეტირდება: 2000 წელს რუსეთის რიგითი მოქალაქე თუ ერთ პურს მოიხმარდა, 2008 წლის ბოლოს მას შეეძლო 1.83 პური მოეხმარა (1.83-ჯერ გამდიდრდა). თუმცა 1999 წელს თუ მოხმარებულ 1 პურში 1 დოლარს იხდიდა, 2008 წელს 1.83 პურის მოხმარება რუბლის გაუფასურების გამო, არა 1.83 დოლარი, არამედ 8.5 დოლარი დაუჯდებოდა. შესაბამისად, პუტინის პრეზიდენტობის 9-წლიან მონაკვეთში რუსეთის ეკონომიკა ნამდვილად განვითარდა[2], თუმცა ზაზა შათირიშვილმა აღნიშნული ზრდა არსებითად გაზვიადებულად (4.6-ჯერ) წარმოაჩინა. კერძოდ, მტკიცება, რომ 2000-2008 წლებში რუსეთის ეკონომიკა 8.5-ჯერ გაიზარდა, მცდარია.

მტკიცება N2: ჰქონდა, თუ - არა საქართველოს 2000-2007 წლებში ისტორიაში საუკეთესო ზრდა და იყო, თუ - არ ის რუსეთის განვითარების შედეგი?!

2000-2007 წლები, საერთო ჯამში, ნამდვილად შესაძლებელია შეფასდეს, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდი ეკონომიკური ზრდის ტემპის თვალსაზრისით, თუმცა მას გამორჩეულად წარმატებულად 2003-2007 წლები ხდის 9.7%-იანი საშუალო ზრდის ტემპით, 2000-2002 წლებში კი ზრდის ტემპი შესაბამისად 1.8%, 4.8% და 5.5%-ს შეადგენდა, რაც განსაკუთრებულ წარმატებას, მით უმეტეს საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, ნაკლებად წარმოადგენს.

ცხრილი 3: ეკონომიკური ზრდის ტემპი საქართველოში (%)

წყარო: მსოფლიო ბანკი

რაც შეეხება რუსეთის ეკონომიკური განვითარების გავლენას აღნიშნული პერიოდის ქართულ ეკონომიკაზე. ღია ეკონომიკისათვის ბუნებრივად დამახასიათებელია, რომ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები უშუალოდ ამ ქვეყნის განვითარებაზე შესაბამისად აისახება. მაგალითად, თუ საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, ამ ქვეყანაში მოთხოვნა ქართულ საქონელზე ბუნებრივად იზრდება. შესაბამისად, ექსპორტი საქართველოდან და შემოსავლები ქართული ეკონომიკისათვის იზრდება. რუსეთი წარმოადგენდა და წარმოადგენს ბაზარს, რომელიც ქართული საქონლისათვის შედარებით ადვილად შეღწევადი იყო და არის, რასაც მრავალი ფაქტორი განაპირობებს. მაგალითად, ქართული პროდუქცია ისტორიული წარსულიდან გამომდინარე, რუსეთის ბაზარზე მოთხოვნით სარგებლობს და პროდუქციის მიმართ წაყენებული მოთხოვნები და რეგულაციური სტანდარტები ან არ არსებობს, ან დაბალია. შესაბამისად, მისი დაკმაყოფილება ქართველ მწარმოებლებს უადვილდებათ. აღნიშნული ფაქტორები ბუნებრივია, გაცილებით ძლიერი იყო 1990-იან წლებსა და 2000-იანი წლების დასაწყისში, ვიდრე დღეს და საქართველოს ეკონომიკის განვითარება დიდწილად, ძირითადი სავაჭრო პარტნიორის - რუსეთის, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს ებმოდა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, რუსეთის ეკონომიკურად გაძლიერება შეუძლებელია, ქართულ ეკონომიკაზე დადებითად არ ასახულიყო. აღნიშნული ფაქტორის უარყოფა საღ აზრს მოკლებულია. ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქმედი რუსეთის ფედერაცია შეუძლებელია, საქართველოს ინტერესში არ იყოს. სხვა საკითხია, რომ აღნიშნული პრაქტიკაში არ რეალიზდება და რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება განსხვავებული (წმინდა ეკონომიკური და პოლიტიკური) მიზეზებით ქართული ეკონომიკის მთავარ რისკად მუდმივად რჩება. კერძოდ, დღემდე რუსეთი ეკონომიკურ კავშირებს (ბმული 1; ბმული 2) და იყენებს პოლიტიკურ ბერკეტად მუდმივად იყენებდა და ის სანდო პარტნიორად ვერ ტრანსფორმირდა.

ამავდროულად, 2003-2007 წლების ეკონომიკური წარმატება მრავალი ფაქტორით (ქვეყანაში გატარებული რეფორმები, აღმოფხვრილი კორუფცია, მოზიდული უცხოური ინვესტიციები, ეკონომიკური ურთიერთობების გამრავალფეროვნება, ზოგადად მსოფლიო ეკონომიკის განვითარების მაღალი ტემპი) იყო განპირობებული და მისი დაყვანა მხოლოდ რუსეთის ეკონომიკური განვითარების შედეგად მიღებულ სარგებლამდე, სხვა ფაქტორებზე მითითების გარეშე, მანიპულაციურია. მით უმეტეს გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 2005 წლის დეკემბრიდან რუსეთმა ბაზარი ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციისათვის ეტაპობრივად ჩაკეტა, 2006 წლის 2 ოქტომბრიდან კი საქართველოსთან შეწყვიტა საფოსტო, საავტომობილო, საავიაციო, საზღვაო, სარკინიგზო კავშირი. პარალელურად, საქართველოს ენერგო ბლოკადაში მოქცევა სცადა. შესაბამისად, შემდგომ წლებში რუსეთისგან მიღებულ სარგებელზე მითითება რეალობას აცდენილია და გაუგებარია, მსგავსი მტკიცება რა ფაქტობრივ გარემოებებს ემყარება. შეზღუდვების შედეგად, 2006 წელს რუსეთის წილი ქართულ ექსპორტში 17.8%-დან (2005 წელი) 8.1%-მდე, ექსპორტის მოცულობა კი 154 მლნ აშშ დოლარიდან 75 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. 2007 წელს რუსეთში ექსპორტი 45 მლნ აშშ დოლარამდე, რუსეთის წილი ქართულ ექსპორტში კი 3.7%-მდე ჩამოვიდა. აღნიშნულის ფონზე, საქართველოს ეკონომიკა 2006-2007 წლებში შესაბამისად, 9.4% და 12.6%-ით (დღემდე ისტორიული მაქსიმუმი) გაიზარდა, რაც რუსეთის დადებითი გავლენის, როგორც ცალკე გამოსაყოფი მნიშვნელოვანი ფაქტორის, შესახებ მითითებას ყოველგვარ საფუძველს აცლის. ყველაზე დიდი ზრდა ქართულ ეკონომიკაში სწორედ რუსეთის მიერ გამოცხადებულ „ეკონომიკური ომის“ პირობებში დაფიქსირდა.

ანალოგიურია ვითარება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემთხვევაში, 2000-2005 წლებში რუსეთიდან ინვესტიციებმა ჯამში 143.5 მლნ აშშ დოლარი, მთლიანი პუი-ს 7.3% შეადგინა. 2006-2007 წლებში რუსეთიდან 106 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც მთლიანი პუი-ს მხოლოდ 3.5% იყო.

შესაბამისად, მტკიცება რომ 2000-2007 წლები საქართველოში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით წარმატებული პერიოდია, მეტწილად სიმართლეა (ობიექტური შეფასებისათვის პერიოდი 2003-2007 წლებამდე უნდა დავიწროვდეს), თუმცა მისი ახსნა რუსეთისაგან მიღებული სარგებლით, რეალობას აცდენილია და მანიპულაციას წარმოადგენს.

მტკიცება N3: გაორმაგდა, თუ - არა ევროკავშირის ეკონომიკა 2000-2007 წლებში და იყო, თუ - არა ეს ზრდა უპრეცედენტო?!

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის ანალიზისას დაშვებული შეცდომა, 1-ლი მტკიცების ანალიზისას განხილული შემთხვევის იდენტურია და ისევ ნომინალური მაჩვენებლების გამოყენებაში მდგომარეობს. კერძოდ, 2000-2007 წლებში ევროკავშირის ეკონომიკა ნომინალურად 7.9 ტრლნ დოლარიდან (1999 წელი) 14.7 ტრლნ დოლარამდე (2007 წელი), 1.85-ჯერ (85%-ით) გაიზარდა, თუმცა ინფლაციის გავლენით და არა რეალურად. ამავე პერიოდში რეალურმა ზრდამ მხოლოდ 21% შეადგინა, ანუ ევროკავშირის ეკონომიკა დასახელებულ პერიოდში მხოლოდ 1.21-ჯერ გაიზარდა. შესაბამისად, მტკიცება რომ ევროკავშირის ეკონომიკა 2000-2007 წლებში გაორმაგდა, რეალობას არ შეესაბამება. რეალური ზრდა თითქმის 5-ჯერ ნაკლები იყო.

გრაფიკი 3: მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილების ტენდენცია ევროკავშირში (მილიარდი აშშ დოლარი)

წყარო: მსოფლიო ბანკი

ამავდროულად, მცდარია მტკიცება, რომ აღნიშნულ პერიოდში ეკონომიკური ზრდა უპრეცედენტო იყო ევროკავშირისათვის. სინამდვილეში, ევროკავშირი ეკონომიკის სტაბილურად დაბალი ზრდის ტემპით ხასიათდება და განვითარებადი ქვეყნებისათვის დამახასიათებელი არსებითი რყევები ეკონომიკური განვითარების ტენდენციაში შესამჩნევი არ არის. უშუალოდ პუტინის გაპრეზიდენტების შემდგომი პერიოდისათვის, 2000-2007 წლებში, ევროკავშირში საშუალოდ ეკონომიკური ზრდა 2.4%-ს, 2000-2008 წლებში კი 2.2%-ს შეადგენდა. წინა წლების შემთხვევაშიც საშუალო ზრდა ამავე ფარგლებშია. კერძოდ, 1995-1999 წლებში საშუალო ზრდა 2.6%-ს, 1990-1999 წლებში კი 2.2%-ს შეადგენდა. შესაბამისად, დასახელებული დროის მონაკვეთის წინა პერიოდშიც ეკონომიკური ზრდა ევროკავშირში, როგორც მინიმუმ, პუტინის პრეზიდენტობის პირველ ორ ვადასთან შედარებით, უარესი არ ყოფილა.

რაც შეეხება განცხადების არარიცხობრივ ნაწილს, ამ სტატიის ფარგლებში შეუძლებელია და ზოგადადაც არარეალისტურია რუსულ ენერგო რესურსებზე წვდომის დადებითი ეფექტის ზუსტი გაზომვა. თუმცა, თავისთავად მტკიცება, რომ ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებულ სანდო სავაჭრო პარტნიორთან ურთიერთობა გარიგების ორივე მხარის სარგებელს ზრდის, სადაო არ არის. სხვა საკითხია, ამ განმარტებაში პუტინის რუსეთი რამდენად ჯდება. გრძელვადიან პერიოდში, ენერგო რესურსების, რუსეთისათვის დამახასიათებელი პოლიტიკური მიზნით გამოყენება (ბმული 1; ბმული 2; ბმული 3) და არაერთი ღია თუ „ფარული“ სამხედრო აგრესია (ბმული 1; ბმული 2; ბმული 3; ბმული 4) ცხადყოფს, რომ რუსეთის ამგვარ პარტნიორად მიჩნევა ან/და დროთა განმავლობაში ასეთად ტრანსფორმირების შესაძლებლობის დაშვება, შეცდომას წარმოადგენდა, მათ შორის - თავად ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირების აღიარებითაც.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ზაზა შათირიშვილის ვრცელი წერილი, თითქმის ყველა ასპექტში მცდარია. ტყუილია, რომ რუსეთის ეკონომიკა 2000-2008 წლებში 8.5-ჯერ გაიზარდა, რეალური ზრდის ტემპი მხოლოდ 83% იყო; ტყუილია, რომ 2000-2007 წლებში ევროკავშირის ეკონომიკა გაორმაგდა, რეალურმა ზრდამ მხოლოდ 21% შეადგინა; ტყუილია, რომ ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის ტემპი 2000-2007 წლებში უპრეცედენტოდ მაღალი იყო, წინამორბედ 5-წლიან პერიოდში ევროკავშირის ეკონომიკა უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც უფრო მაღალი საშუალო ზრდით ხასიათდებოდა; მეტწილად მცდარია, რომ 2000-2007 წლებში მაღალ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში რუსეთიდან მიღებული სარგებელი განაპირობებდა.

ჯამში, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ზაზა შათირიშვილის განცხადება არის მცდარი.



[1] დოლარში გამოსახული მონაცემები გამოყენებულია იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ თავად განცხადების ავტორი იყენებს მას და რუბლის როგორც საზომი ერთეულის შემოტანა, დამატებით გაუგებრობას გამოიწვევდა. რეალური ზრდის ტემპის შეფასებისას კი გამოყენებული ვალუტა გავლენის მატარებელი არ არის.

[2] აღსანიშნავია რომ 2000-იანი წლები ზოგადად მთელ მსოფლიოში ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპით გამოირჩეოდა და ამ მხრივ რუსეთი გამონაკლისი არ ყოფილა. თავად რუსეთის ეკონომიკური ზრდის ძირითად განმაპირობებელ ფაქტორს კი მსოფლიოში ნავთობპროდუქტების მზარდი ფასი და შესაბამისად, გაზრდილი შემოსავლები წარმოადგენდა. აღნიშნულის პუტინის დამსახურებად წარმოჩენა ობიექტურ საფუძველს მოკლებულია.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი