სოციალურ ქსელებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება, თითქოს გერმანიის მთავრობის განცხადებით, აცრილი ადამიანების საგანგაშო რაოდენობას შიდსი უვითარდება. მტკიცების გასამყარებლად პოსტს თან ბერძნულენოვანი სტატიის ბმული ერთვის, სათაურით: „ბომბა გერმანიის მთავრობისგან: აცრილი ადამიანების საგანგაშო რაოდენობას უვითარდება შიდსი.აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

გავრცელებული დეზინფორმაციის პირველწყარო NewsPunch-ზე გამოქვეყნებული სტატია გახდა. აღსანიშნავია, რომ NewsPunch-ს COVID-19-ის ვაქცინებზე დეზინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებელია. MediaBais/FactCheck-ის თანახმად, რომელიც მედიასააგენტოების სანდოობასა და სიზუსტეს იკვლევს, NewsPunch დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს რეგულარულად აქვეყნებს.

რაც შეეხება „გერმანიის მთავრობის ცნობაზე“ სტატიას, NewsPunch-ის თანახმად, გერმანული კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებმა შეიძლება გამოიწვიოს „ვაქცინით გამოწვეული შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი“.

სინამდვილეში, კვლევა, რომელზეც NewsPunch საუბრობს, 2021 წლის დეკემბერში გერმანიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს რობერტ კოხის ინსტიტუტის (RKI) მიერ გამოქვეყნდა. ანგარიშში სიტყვა „შიდსი“ ან „ვაქცინით გამოწვეული შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი“ საერთოდ არაა ნახსენები.

აღნიშნული დეზინფორმაცია ასევე გადაამოწმა ევროპულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ AFP-მ. ისინი რობერტ კოხის ინსტიტუტს დაუკავშირდნენ, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ მათ ანგარიშში არსადაა ნახსენები, რომ COVID-19-ის ვაქცინა ადამიანის იმუნოდეფიციტურ სინდრომს იწვევს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით ანტივაქსერები დეზინფორმაციას, თითქოს ვაქცინები შიდსს იწვევს, მიზანმიმართულად აქამდეც ავრცელებდნენ. მათ გამოიგონეს სპეციალური ტერმინიც - VAIDS [vaccine acquired immunodeficiency syndrome], ანუ ვაქცინით შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი.აღნიშნული მტკიცება უსაფუძვლოა, რეალურად ვაქცინით შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი - VAIDS არ არსებობს.

შიდსი არის შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, რომელსაც აივ-ინფექცია იწვევს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები იმუნოდეფიციტს არ იწვევს, ისინი იმუნურ უჯრედებს არ ასუსტებენ. პირიქით, ვაქცინები იმუნური უჯრედების გააქტიურებას და ანტისხეულების გამომუშავებას SARS-Cov-2-ის წინააღმდეგ ასტიმულირებენ.

----------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი