სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში - ნონა შარაბიძე, რომელიც უკრაინის ომის საკითხზე დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს, ამტკიცებს, რომ პოლონეთში ანტიუკრაინული ბილბორდი გამოჩნდა წარწერით - „ეს ჩვენი ომი არ არის“. ბილბორდზე, რომლის ფოტოც სოციალურ ქსელში ვრცელდება, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცის ფეხი ჩანს უკრაინისა და რუსეთის დროშების ფონზე. აღნიშნული ყალბი მტკიცება უფრო ადრე, 5 თებერვალს რუსულმა პროპაგანდისტულმა ვებგვერდებმა, მათ შორის, Gazeta.ru-მ, Pravda-მ, RT in Russian-მ, Lenta-მ, და ბელარუსულმა მედიამ Беларусь 1-მაც გამოაქვეყნეს.

სინამდვილეში, მტკიცება, რომ პოლონეთის ქალაქ ჩესტოხოვაში ანტიუკრაინული სარეკლამო ბილბორდები გამოჩნდა, მცდარია. გავრცელებულ მასალაში გამოყენებული ფოტო კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით არის შექმნილი და რეალობას არ ასახავს.

აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად კრემლის პროპაგანდისტმა ლეშეკ სიკულსიკიმ გამოაქვეყნა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მსგავსი წარწერის ბილბორდი პოლონეთის ქალაქ ჩესტოხოვაში მალე უნდა გამოჩენილიყო. სიკულსკის განცხადების შესახებ 2 თებერვალს პოლონურმა გამოცემა na:Temat-მა დაწერა და აღნიშნა, რომ ლეშეკ სიკულსკი, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას უჭერს მხარს, ანტიუკრაინულ კამპანიას ეწეოდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ბილბორდი, რომლის ფოტოც სიკულსკიმ Twitter-ზე გამოაქვეყნა, ტალინშია გადაღებული, ხოლო მასზე დატანილი ილუსტრაცია ბილბორდზე რეალურად არ არსებობდა და ის კომპიუტერული პროგრამის საშუალებით არის შაბლონში ჩასმული. მიუხედავად ამისა, რუსულმა გამოცემებმა, რომლებიც na:Temat-ის სტატიას ეყრდნობიან, აღნიშნეს, რომ ბილბორდები წარწერით - „ეს არ არის ჩვენი ომი“, ქალაქ ჩესტოხოვაში უკვე გამოჩნდა.

რეალურად, ვირუსულად გავრცელებული ფოტო უფასო ვირტუალური ბილბორდის სარეკლამო შაბლონს ასახავს, რომელიც ვებგვერდ mediamodifier.com-ზე 2016 წლიდან არის განთავსებული. საიტზე შესაძლებელია ბილბორდის რედაქტირება, ნებისმიერი ფოტოსურათის ჩასმა და ინდივიდუალური დიზაინის შექმნა, თუმცა აღნიშნული საიტის მეშვეობით შექმნილი დიზაინი ტალინში არსებულ რეალურ ბილბორდზე არ გამოისახება. აღსანიშნავია ისიც, რომ ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, ბილბორდის ორიგინალი სურათი ესტონეთში, ტალინშია გადაღებული, რაც გეოლოკაციითაც დასტურდება.

ამდენად, მტკიცება, რომ პოლონეთის ქალაქ ჩესტოხოვაში ანტიუკრაინული სარეკლამო ბილბორდები წარწერით - „ეს ჩვენი ომი არ არის“, გამოჩნდა, მცდარია. სინამდვილეში ფოტო, რომელსაც Facebook-ანგარიში აქვეყნებს, ესტონეთში არსებული ბილბორდის შაბლონს ასახავს. ხოლო ილუსტრაცია, რომელიც გამოქვეყნებულ პოსტში ჩანს, ხელოვნურად არის ჩასმული და რეალურად არსებულ ბილბორდს არ წარმოადგენს.

--------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი