მიხეილ სარჯველაძე:2012 წლამდე 3.5 მილიარდი იყო სოფლის პროდუქცია, რაც მზადდებოდა საქართველოში, 7 მილიარდს გასცდა უკვე

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მიხეილ სარჯველაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე

რეზიუმე: 2021 წელს, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ მიმდინარე ფასებში 7.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს (6.3) 971 მლნ ლარით (15.4%), ხოლო 2012 წლის მაჩვენებელს (4.04) 3.2 მლრდ ლარით - 80.3%-ით, აღემატება. როგორც მონაცემებიდან ჩანს, მიმდინარე ფასებში ზრდა მართლაც შთამბეჭდავია. განცხადებაში დასახელებული რიცხვები თითქმის რეალობას შეესაბამება, თუმცა სოფლის მეურნეობაში პროგრესის შესაფასებლად რელევანტური მონაცემი არ არის და ნომინალური მაჩვენებლების გამოყენება დროით ჭრილში ანალიზისთვის მანიპულაციას წარმოადგენს.

სოფლის მეურნეობაში წინსვლის შესაფასებლად, მართებულია, ერთი მხრივ, მისი რეალური ზრდის ტემპის (როგორ იცვლებოდა სექტორის გამოშვება ინფლაციის ეფექტის გარეშე) და მეორე მხრივ, იმის გაანალიზება, თუ რა წილი აქვს სოფლის მეურნეობას ქვეყნის მთლიან ეკონომიკაში (ანუ რა წილი აქვს მთლიან შიდა პროდუქტში). სინამდვილეში, 2012 წლის მონაცემთან შედარებით, რეალური მაჩვენებელი 2021 წლის მდგომარეობით დაახლოებით 34%-ითაა გაზრდილი და არა 100%-ით (გაორმაგებული). ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ სექტორმა მოცემულ ზრდას 2013 წლიდან მოყოლებული სოფლის მეურნეობის განვითარების ფარგლებში დახარჯული 2 მლრდ-მდე ლარის პირობებში მიაღწია.

რაც შეეხება მეორე ინდიკატორს - მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილს, 2013-2014 წელს დაფიქსირებული ზრდის შემდეგ, 2015-2017 წლებში კლების ტენდენცია იყო, შემდგომ წლებში გამოკვეთილი ტენდენცია არ იკვეთება, მონაცემი ხან იკლებს, ხან იზრდება. 2021 წლის წინასწარი მონაცემებით, ისევ კლება ფიქსირდება და სოფლის მეურნეობის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7% შეადგინა (2.2 პროცენტული პუნქტით ნაკლები 2012-თან შედარებით), რაც იმის დასტურია, რომ ეკონომიკის სხვა დარგები უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე სოფლის მეურნეობა.

განხილულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ განცხადებაში მოყვანილი რიცხვები თითქმის სიმართლეა, სოფლის მეურნეობის პროგრესის შესაფასებლად დასახელებული მონაცემი რელევანტური არ არის და პროგრესს გადაჭარბებულად წარმოაჩენს, ხოლო ფაქტს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი სხვა დარგებთან შედარებით დაბალი ტემპით იზრდება, საერთოდ უგულებელყოფს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის” დასკვნით, მიხეილ სარჯველაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ანალიზი

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მიხეილ სარჯველაძემ „პოსტ ტვ“-ის ეთერში სოფლის მეურნეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა: „2012 წლამდე 3.5 მილიარდი იყო სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომელიც მზადდებოდა საქართველოში, სულ ჯამში ოჯახიდან დაწყებული. 7 მილიარდს გასცდა და ეს ორი წლის წინანდელი მონაცემია და ეს მზარდია და ახლა ვიქნებით რვას გაცდენილი“.

2021 წელს, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ მიმდინარე ფასებში 7.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს (6.3) 971 მლნ ლარით (15.4%), ხოლო 2012 წლის მაჩვენებელს (4.04) 3.2 მლრდ ლარით (80.3%) აღემატება. მიხეილ სარჯველაძე განცხადებაში სავარაუდოდ, 2012 წლის და 2021 წლის მონაცემებს გულისხმობს, თუმცა აღნიშნულსაც მცირედ უზუსტოდ ასახელებს - 2012 წელს, მის მიერ მოყვანილი მონაცემი არა 3.5 მლრდ, არამედ 4.04 მლრდ იყო.

ხოლო თუ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვებას ავიღებთ, საქსტატის მონაცემის მიხედვით, 2011 წელს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვებამ მიმდინარე ფასებში 3.3 მლრდ ლარი შეადგინა, 2012 წელს იგივე მონაცემი 3.1 მლრდ ლარი იყო, ხოლო ამ დროისთვის ცნობილი ბოლო 2021 წლის წინასწარი მონაცემით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვებამ მიმდინარე ფასებში 5.7 მლრდ ლარი შეადგინა. ეს მონაცემებიც სარჯველაძის მიერ მოყვანილ რიცხვებთან აცდენილია.

თუმცა ჩვენ აღნიშნულ მონაცემებზე არ ვკონცენტრირდებით, რადგან ის სოფლის მეურნეობაში პროგრესის შესაფასებლად რელევანტური სიდიდე არ არის და დროით ჭრილში ანალიზისთვის ნომინალური მაჩვენებლის გამოყენება მანიპულაციურია.

სოფლის მეურნეობის წინსვლის შესაფასებლად, მართებულია, ერთი მხრივ, მისი რეალური ზრდის ტემპის (როგორ იცვლებოდა სექტორის გამოშვება ინფლაციის ეფექტის გარეშე) და მეორე მხრივ, იმის გაანალიზება, თუ რა წილი აქვს სოფლის მეურნეობას ქვეყნის მთლიან ეკონომიკაში, ანუ რა წილი აქვს მთლიან შიდა პროდუქტში.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2021 წელს სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა 1.5% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის გამოშვება წინა წელთან შედარებით არც თუ მნიშვნელოვნად გაიზარდა. რაც შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას, 2011 წელს სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა 9% იყო, 2012 წელს სოფლის მეურნეობა 5%-ით შემცირდა. ბოლო წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 და 2018 წლებში დაფიქსირდა, როდესაც რეალურმა ზრდამ შესაბამისად, 13.3% და 13.8% შეადგინა. 2014, 2015, 2016, 2017 წლებში სოფლის მეურნეობა მცირდებოდა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2018 წელს ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა, ზრდის ტენდენცია 2019, 2020, 2021 წლებშიც შენარჩუნდა.

ცხრილი 1: სოფლის მეურნეობის გამოშვება (მიმდინარე ფასებში, მლნ ლარი), რეალური ზრდა და მშპ-ში წილი

წყარო: საქსტატი

რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილს, 2013 წელს ზრდაა, შემდეგ 2015-2017 წლებში კლების ტენდენცია ფიქსირდება, 2018 წელს ზრდაა, 2019 წელს სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში ისევ მცირდება, 2020 წელს იზრდება, 2021 წლის წინასწარი მონაცემებით, ისევ კლებაა. მონაცემების მიხედვით, 2012 წელს სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 9.2% იყო. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობა ხელისუფლების მიერ სტრატეგიულ დარგად არის მიჩნეული და მისი დაფინანსება 2012 წლიდან მნიშვნელოვნად გაზრდილია, მთლიან შიდა პროდუქტში წილის შემცირება იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე სოფლის მეურნეობა ნაკლებ გავლენას ახდენს.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2021 წელს სოფლის. სატყეო და თევზის მეურნეობაში 230.3 ათასი კაცი იყო დასაქმებული, რამაც ქვეყანაში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 18.9% შეადგინა. 2012 წლიდან 2021 წლამდე აღნიშნულ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 77.0 ათასი კაცით ( 25.1%-ით), ხოლო მათი წილი მთლიან დასაქმებულებში, 6 პროცენტული პუნქტით შემცირდა (2012 წელს 25.4% იყო).

აღსანიშნავია ასევე, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ბოლო წლებში დაახლოებით 2 მლრდ ლარი დაიხარჯა და აღნიშნულ პერიოდში სოფლის მეურნეობის საშუალო ზრდის ტემპი 2% იყო, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობის დაფინანსების ზრდა 2012 წლიდან დაიწყო, როცა მისმა წილმა მთლიან გადასახდელებში 2.9% შეადგინა (2011 წელს 1.1% იყო). საკვლევ პერიოდში, გაზრდილი დაფინანსების პირობებში, სოფლის მეურნეობა წინა წელთან შედარებით 2013, 2018, 2019, 2020, 2021 წლებში გაიზარდა, დანარჩენ წლებში კლება ფიქსირდება.

განხილულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ განცხადებაში მოყვანილი რიცხვები თითქმის სიმართლეა, სოფლის მეურნეობის პროგრესის შესაფასებლად დასახელებული მონაცემი რელევანტური არ არის. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის” დასკვნით, მიხეილ სარჯველაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი