სოციალურ ქსელში კონტექსტის გარეშე ვრცელდება CNBC-ის წამყვანის სიტყვები, სადაც ის Moderna-ს აღმასრულებელ დირექტორს სტეფან ბანსელს მიმართავს და ახსენებს, რომ 2020 წლის იანვარში ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ ფარმაცევტული კომპანია Moderna „მუშაობდა კოვიდვაქცინაზე და ამ დროს კოვიდ-19 საერთოდ არც კი არსებობდა“. აღნიშნულზე ბანსელი პასუხობს: „ვფიქრობ, ამ დროს არ არსებობდა [ვირუსის] სახელი“. ვიდეოს სრული კონტექსტის გარეშე გავრცელება ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს პანდემია დაგეგმილი იყო და კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაზე კოვიდ 19-ის ვირუსის არსებობამდე მუშაობდნენ.

Facebook-ზე გავრცელებული ვიდეო ამონარიდი CNBC-ის გადაცემა „Squawk Box“-დან არის ამოჭრილი, სადაც 2023 წლის 18 თებერვალს Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი სტეფან ბანსელი იყო სტუმრად მიწვეული (იხ. ორიგინალი ვიდეო). წამყვანის კომენტარზე მისი პასუხი („ვფიქრობ, იმ დროს [ვირუსის] სახელი არ არსებობდა“ ) უკვე აბათილებს არგუმენტს, რომ მოდერნამ ვაქცინაზე მუშაობა ვირუსის აღმოჩენამდე დაიწყო.

COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის იდენტიფიცირება 2019 წლის ბოლოს მოხდა. 2019 წლის 31 დეკემბერს კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ამის შემდეგ, 2020 წლის 23 იანვარს, WHO-სთან აფილირებულმა კოალიციამ ეპიდემიური მზადყოფნის ინოვაციებისთვის (CEPI) - ახალი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად, დაფინანსება გამოაცხადა. დაფინანსებული კვლევითი ჯგუფებიდან ერთ-ერთი მედიკამენტებისა და ვაქცინების შემქმნელ კომპანია Moderna-სა და აშშ-ს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობდა. CEPI-ის დაფინანსების მიღების შესახებ განცხადება თავად მოდერნამაც გაავრცელა.

Reuters-ის თანახმად, CEPI-ის მიზანი იყო, ვაქცინის იმ მოდელების გამოყენებით, რომლებიც უკვე გამოიყენებოდა MERS-ის და ებოლას წინააღმდეგ ვაქცინაზე მუშაობის პროცესში, ვაქცინა ჩვეულებრივზე ბევრად უფრო მოკლე ვადებში შექმნილიყო.

2020 წლის თებერვლამდე წამყვანი ჯანდაცვის ორგანიზაციები, მათ შორის - WHO და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC), ახალ კორონავირუსს მოიხსენიებდნენ, როგორც „2019 novel coronavirus“ ან იყენებდნენ აბრევიატურებს - 2019-nCoV ან nCoV-2019.

2020 წლის 11 თებერვალს, ვირუსების ტაქსონომიის საერთაშორისო კომიტეტმა (ICTV) გამოაცხადა, რომ ახალი კორონავირუსი იყო SARS-CoV-1 ვირუსის მსგავსი (close relative), რომელმაც 2002-2003 წლებში იფეთქა. ამიტომ ახალ კორონავირუსს დაერქვა SARS-CoV-2, რომელიც ასევე მოიხსენიება როგორც კორონავირუსი 2. ჯანმომ ICTV-თან კონსულტაციისა და კომუნიკაციის საფუძველზე 2020 წლის 11 თებერვალს ახალი კორონავირუსის სახელად COVID-19 გამოაცხადა.

ამრიგად, 2020 წლის იანვარში, როდესაც Moderna-მ ვაქცინაზე მუშაობის დაწყების შესახებ განაცხადა, COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი ერთი თვით ადრე უკვე იდენტიფიცირებული იყო, თუმცა მას ოფიციალური სახელი 2020 წლის თებერვალში მიენიჭა.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5365 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი