Facebook-მომხმარებელი სოციალურ ქსელში ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს. „ფრთხილად არ გაიკეთოთ ეს შხამი! ძალიან საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის!“, - წერს ის და თან ურთავს სქრინებს, სადაც ჩანს, რომ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „გარდასილი“, რომელიც საქართველოში გამოიყენება, იაპონიამ აკრძალა.

პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რომ ადამიანის პაპილომა ვირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინა, პაპილომა ვირუსის ინფექციის პრევენციის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა, რომელიც ქალს საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან იცავს. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა უმეტესობა სწორედ პაპილომა ვირუსით არის გამოწვეული. აპვ ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება შესაბამისი კლინიკური და ეპიდემიოლოგიური კვლევებით არის დამტკიცებული. აპვ ვაქცინა ვირუსს არ შეიცავს და შესაბამისად, დაავადების გამოწვევა არ შეუძლია. კვლევებით დასტურდება, რომ აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელვადიან პერსპექტივაში უშვილობას ან ჯანმრთელობის რაიმე პრობლემის განვითარებას არ იწვევს.

საქართველოში აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოთხვალენტიანი ვაქცინით ტარდება, (GARDASIL,Merck & Co., Inc.USA), რომელიც ორგანიზმს პაპილომა ვირუსის 6, 11, 16 და 18 ტიპისგან იცავს. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების 70% და გენიტალური კონდილომების 90% სწორედ პაპილომა ვირუსის აღნიშული ტიპებით არის გამოწვეული. აპვ ვაქცინა „გარდასილი“ ორგანიზმს შემდეგი პათოლოგიებისგან იცავს: საშვილოსნოს ყელის კიბო, გარეთა სასქესო ორგანოების (საშოს და ვულვის) კიბო, საშვილოსნოს ყელის პათოლოგიური და კიბოსწინარე მდგომარეობები, გენიტალური მეჭეჭები (კონდილომები).

„გარდასილის“ ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია ისეთი მაღალი სანდოობის მქონე საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ, როგორებიცაა: აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტო (FDA), აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), ევროპის წამლის სააგენტო (EMA).

მსოფლიოში აპვ ვაქცინაცია 2006 წლიდან დაიწყო. ვაქცინის უსაფრთხოების მონიტორინგს არაერთი ორგანიზაცია ახორციელებს, მათ შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც ვაქცინის უსაფრთხოებას ადასტურებს და მის გამოყენებას რეკომენდაციას უწევს.

ნებისმიერმა ფარმაცევტულმა პროდუქტმა, მათ შორის - ვაქცინამ, შეიძლება გვერდითი რეაქციები გამოიწვიოს. „გარდასილის“ ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტია: ინექციის ადგილას ტკივილი, შეშუპება, ქავილი, სიწითლე. ასევე, ტემპერატურის მატება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა. ვაქცინამ შეიძლება მძიმე ალერგიული რეაქციებიც გამოიწვიოს, ამიტომაც ვაქცინის უკუჩვენებას წარმოადგენს მძიმე ალერგიული რეაქციები საფუვრის მიმართ, რომელიც ვაქცინის კომპონენტია. აპვ ვაქცინაციასთან (მათ შორის ოთხვალენტიანი გარდასილი) ასოცირებული რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტების დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

პოსტის ავტორის მტკიცებით, იაპონიამ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები აკრძალა.

იაპონიას აპვ ვაქცინები არ აუკრძალავს, თუმცა 2013 წელს შეწყვიტა რეკომენდაცია, რამაც იაპონიას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. კერძოდ, 2013 წელს იაპონიაში გავრცელდა დაუსაბუთებელი ცნობები აპვ ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ. ანტივაქსერების ზეწოლის საპასუხოდ იაპონიის ხელისუფლებამ ვაქცინის პროაქტიული მხარდაჭერა (თუმცა ვაქცინა ხელმისაწვდომი დარჩა) შეაჩერა. რეალურად, უსაფრთხოების ასეთი პრობლემები კლინიკურ კვლევებში არ გამოჩენილა და 2017 წელს ჯანმო-ს ვაქცინების უსაფრთხოების გლობალურმა საკონსულტაციო კომიტეტმა თქვა, რომ მთელი მსოფლიოდან ჩატარებული კვლევების ფართო მიმოხილვამ აჩვენა, რომ ვაქცინები იყო „უკიდურესად უსაფრთხო“.

შედეგად, იაპონიაში აპვ ინფექციის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. 2013 წელს მოზარდი გოგონების 70% იყო ვაქცინირებული, 2019 წლისთვის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1% იყო. სამოდელო კვლევამ დაადგინა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს 25,000 შემთხვევა და 5,700-მდე სიკვდილი დაფიქსირდა ქალებში, რომლებმაც ვაქცინაცია 2013-2019 წლებში გამოტოვეს.

2022 წელს იაპონიამ ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ რეკომენდაცია აღადგინა.

ამრიგად, მტკიცება, თითქოს აპვ ვაქცინა [გარდასილი] ჯანმრთელობისთვის საშიშია, არის ყალბი ამბავი. რეალურად, აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინა (მათ შორის „გარდასილი“) ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა, რომელიც ქალს საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან იცავს.

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

იხილეთ მეტი ინფორმაცია გარდასილზე: https://www.ema.europa.eu/en/medicines/human/EPAR/gardasil

https://www.fda.gov/vaccines-blood-biologics/vaccines/gardasil


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი