ლევან ანთაძე: [აჭარის ა/რ მთავრობამ] ბიუჯეტი [2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელები სამი კვარტლის მიხედვით] ვერ შეასრულა 20%-ით, 80 მლნ ლარი დააკლდა.

ვერდიქტი: ლევან ანთაძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: მიმდინარე პერიოდისთვის, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, გამოქვეყნებულია აჭარის ა/რ 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა. პოლიტიკოსი ამ დოკუმენტს ეყრდნობა. მიმოხილვის თანახმად, 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების სამი კვარტლის დაზუსტებული გეგმა 335 370 400 ლარი იყო, ხოლო შესრულებამ შეადგინა 252 290 000 ლარი, რაც დაგეგმილზე, დაახლოებით, 83 080 400 ლარით ანუ 24.8%-ით ნაკლებია.

სამი კვარტლის შესრულების მიხედვით, მაჩვენებლები განსაკუთრებით დაბალი იყო აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შემთხვევაში. უწყება, რიგი პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესრულების თვალსაზრისით, გეგმას მკვეთრად ჩამორჩებოდა. საანგარიშო პერიოდში სამინისტრომ ასიგნებების დაზუსტებული გეგმის მხოლოდ 67.6% აითვისა. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტებმა სრულად ვერ აითვისეს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარებები, რაც ნიშნავს, რომ დაგეგმილ დროში ვერ დაიწყო, ან ვადებში ვერ განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტები.

ანალიზი:

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ანთაძემ განაცხადა: „[აჭარის ა/რ მთავრობამ] ბიუჯეტი [2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელები სამი კვარტლის მიხედვით] ვერ შეასრულა 20%-ით, 80 მლნ ლარი დააკლდა.“

ფაქტ-მეტრი პოლიტიკოსის განცხადებით დაინტერესდა.

მიმდინარე პერიოდისთვის, დოკუმენტის სახით, არსებობს აჭარის ა/რ 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების სამი კვარტლის მიმოხილვა, რომელიც გამოქვეყნებულია აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. დოკუმენტის მიხედვით, რეგიონის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში გადასახდელების დაზუსტებული გეგმა, სამი კვარტლის მიხედვით, 335 370 400 ლარია, ფაქტობრივი შესრულება კი 252 290 000 ლარს ანუ 75.2%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ მხარჯავმა დაწესებულებებმა 83 080 400 ლარით ანუ 24.8%-ით ნაკლები აითვისეს.

აღსანიშნავია, რომ, საანგარიშო პერიოდში, ასიგნებების მნიშვნელოვანი წილი „საერთო დანიშნულების რესპუბლიკურ გადასახდელებზე“ მიემართებოდა. ამ გადასახდელებში შედის ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარებებიც. როგორც ირკვევა, ორივე შემთხვევაში, საკასო შესრულება დაზუსტებულ გეგმაზე ნაკლებია. კერძოდ, კაპიტალური ფინანსური დახმარების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტებმა 68 044 500 ლარიდან 49 372 100 ლარი აითვისეს, ხოლო სპეციალური ფინანსური დახმარებიდან, რომელიც 40 147 700 ლარს შეადგენდა, 31 903 200 ლარი. პირველის ათვისების მაჩვენებელი 76.2%-ია, ხოლო მეორის - 79.5%. ფინანსური დახმარებების დაბალი საკასო შესრულება უმაღლესი საბჭოს ოპოზიციამ ორი კვარტლის შესრულების ანგარიშის მოსმენის დროსაც გააკრიტიკა. მაშინ მთავრობამ, ათვისების დაბალი პარამეტრების მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის დაფინანსების გაზრდა გადაწყვიტა, რაც საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობამ დაამტკიცა. ფაქტ-მეტრმა ამის შესახებ უკვე დაწერა.

2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს. უწყებაზე, მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებსა და პროგრამულ ღონისძიებებზე, დაზუსტებული გეგმით, სამ კვარტალში 78 221 900 ლარი უნდა გახარჯულიყო, თუმცა ფაქტობრივმა შესრულებამ გეგმის 67.6% შეადგინა, რაც 52 850 400 ლარია. სამინისტრო სულ ხუთ პროგრამას ახორციელებდა: ფინანსების, ეკონომიკური პოლიტიკისა და ქონების სფეროს პოლიტიკის შემუშავება და მართვა (ადმინისტრაციული ხარჯები); რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; ქალაქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობა; სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა; საინჟინრო და კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა.

გრაფიკი 1. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პროგრამების შესრულება, 2022 წლის სამი (I-III) კვარტლის მიხედვით, ლარი

წყარო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო

გრაფიკი 1 აჩვენებს, რომ ძალიან დაბალია ასიგნებების ათვისების მაჩვენებელი სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული თანხა განკუთვნილი იყო ე. წ. ოცნების ქალაქში 582 ოჯახისთვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობისთვის, რომელიც დროში გაჭიანურდა და ვერც 2022 წლის ბოლოს დასრულდა. იხ. ფაქტ-მეტრის სტატია. უწყებამ ასევე ვერ აითვისა საინჟინრო და კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის პროგრამისთვის განკუთვნილი ასიგნებები. საუბარია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტზე, რომლის დასრულებაც 2021 წლისთვის იგეგმებოდა. მშენებლობა ჯერაც მიმდინარეობს.

საინტერესოა ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საავტომობილო გზების დეპარტამენტის სამი კვარტლის შესრულების მაჩვენებელიც. საანგარიშო პერიოდში უწყებისთვის გამოყოფილი იყო 34 590 235 ლარი, საიდანაც 8 მლნ ლარით ნაკლები გახარჯა. დეპარტამენტი ორ ქვეპროგრამას ახორციელებდა. აქედან ერთის - გზების რეაბილიტაციის ფარგლებში, დაზუსტებული 12 832 500 ლარიდან, მხოლოდ 8 408 100 ლარია ათვისებული. შესრულების მიმოხილვაში არსებული განმარტებით, გეგმასა და ფაქტს შორის სხვაობა გამოწვეულია იმით, რომ საანგარიშო პერიოდის დასაწყისში შეფერხდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომსახურების შესყიდვა. ამის გამო, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება დაგვიანდა. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, სამშენებლო მასალის იმპორტირების პრობლემაც წარმოიქმნა.

რაც შეეხება სხვა სამინისტროებს, ათვისების საუკეთესო მაჩვენებელი აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქვს.

გრაფიკი 2. აჭარის ა/რ მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და სამინისტროების მიერ ასიგნებების ათვისების მაჩვენებლები, 2022 წლის სამი (I-III) კვარტლის მიხედვით, ლარი

წყარო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო

სამინისტროებს შორის, საანგარიშო პერიოდში, ერთ-ერთი დაბალი ათვისება აქვს აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. 2022 წლის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ უწყებამ საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების ქვეპროგრამა 37.2%-ით შეასრულა და 863 900 ლარიდან 321 200 ლარი გახარჯა. სამინისტრო განმარტავს, რომ შპს „ტიფანმა“ სასკოლო მერხებისა და სკამების სრულად მიწოდება ვერ მოასწრო, რის გამოც მას პირგასამტეხლო დაეკისრა. ანგარიშის მომზადების პერიოდში, კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები მიმდინარეობდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი