6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდან რამდენიმე საათში ინტერნეტ სივრცეში შეცდომაში შემყვანი შინაარსის მქონე პოსტები და ვიზუალური მასალა გავრცელდა.

„ფაქტ-მეტრმა“ რამდენიმე ვირუსულად გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალა გადაამოწმა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ისინი თურქეთში მომხდარ მიწისძვრას საერთოდ არ ასახავს.

თურქეთის მიწისძვრას ატომური ელექტროსადგურის აფეთქება არ გამოუწვევია

სოციალურ ქსელ Twitter-ზე ვერიფიცირებულმა ანგარიშმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც მისი თქმით, შესაძლოა, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ატომური ელექტროსადგურის აფეთქებას ასახავდეს.

პოსტს, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა, 600 ათასზე მეტი ნახვა აქვს. სინამდვილეში, გავრცელებული ვიდეო თურქეთში ატომური ელექტროსადგურის აფეთქებას არ ასახავს. გამოქვეყნებული მასალიდან ამოღებული ფოტოების უკუძიების (reverse image search) შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნული კადრები 2020 წლის 4 აგვისტოს ბეირუთის პორტში ამონიუმის ნიტრატის აფეთქებას ასახავს, რომელმაც 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მოგვიანებით, Twitter-მა გავრცელებული პოსტის ქვეშ აღნიშვნა დაამატა, სადაც ნათქვამია, რომ ვიდეო ბეირუთში მომხდარ აფეთქებას ასახავს.

შენობების ნგრევა, რომლებიც თურქეთში მომხდარ მიწისძვრას არ უკავშირდება

6 თებერვალს დამანგრეველი მიწისძვრიდან რამდენიმე საათში ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელიც, მტკიცების თანახმად, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად შენობის ნგრევას ასახავდა. თუმცა, რეალურად, კადრები 2021 წლის ივნისში ფლორიდაში, ქალაქ სერფსაიდში საცხოვრებელი კომპლექსის ნგრევას უკავშირდება.

კიდევ ერთი შეცდომაში შემყვანი პოსტის მიხედვით, ვიდეო, რომელიც Twitter-ის მომხმარებელმა გამოაქვეყნა და თითქოს, თურქეთის მიწისძვრას უკავშირდებოდა, 2016 წლის 17 აპრილს, ტოკიოში მომხდარი ინციდენტი აღმოჩნდა, როდესაც ძლიერმა ქარმა შენობის ნგრევა გამოიწვია.

ვიდეოში ნაჩვენები ცუნამი არა თურქეთში, არამედ ინდონეზიაში მოხდა

Twitter-ზე გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც, მტკიცების თანახმად, თურქეთში ბოლოდროინდელი მიწისძვრის შედეგად მომხდარ ცუნამს ასახავდა. ვიდეოში ჩანს, რომ ადამიანები ცუნამს გაურბიან, მძლავრი ტალღები კი პლაჟზე შენობებს ანადგურებს. ვიდეოს Twitter-ზე 230000-ზე მეტი ნახვა აქვს.

სინამდვილეში კი, გავრცელებული კადრები 2018 წლის სექტემბრით თარიღდება და არა თურქეთის მიწისძვრას, არამედ ინდონეზიაში მომხდარ ცუნამს უკავშირდება, როდესაც 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ კუნძულ სულავესის მახლობლად ცუნამი გამოიწვია და სანაპირო ქალაქი პალუ დააზიანა.

ფოტო, რომელზეც ნანგრევებში ჩამარხული ადამიანის ხელი და ძაღლი ჩანს, თურქეთის მიწისძვრას არ უკავშირდება

მას შემდეგ, რაც თურქეთსა და სირიაში მომხდარი კატასტროფის შესახებ გახდა ცნობილი, Facebook-გვერდებსა და პირად ანგარიშებზე გამოჩნდა შეცდომაში შემყვანი ფოტო მასალა. გავრცელებული მტკიცების თანახმად, ფოტო თურქეთში ნანგრევებში ჩამარხულ ადამიანსა და ძაღლს ასახავდა, რომელმაც, თითქოს ნანგრევებში მოყოლილი პატრონი არ მიატოვა (1, 2, 3, 4, 5). მაგალითად, Facebook-ანგარიშმა Bero Brass ფოტო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: „თურქეთი-ძაღლი, ნანგრევებში მოყოლილ პატრონს არ ტოვებს, მაშველების მოსვლამდე“.

აღსანიშნავია, რომ სურათს, რომელიც თურქეთში მომხდარ მიწისძვრას საერთოდ არ უკავშირდება, სოციალურ ქსელში ათასობით რეაქცია აქვს. რეალურად, იდენტური ფოტოები ინტერნეტში 2018 წელს გამოჩნდა, შესაბამისად, მას 2023 წლის თურქეთის მიწისძვრასთან არაფერი აქვს საერთო.

სურათები რომლებიც თურქეთის ქალაქ ქაჰრამანმარაშის მიწისძვრამდე და მიწისძვრის შემდეგ მდგომარეობას არ ასახავს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ორი ფოტოსურათი, რომლებიც, მტკიცების მიხედვით, თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ქაჰრამანმარაშის ნაწილის მიწისძვრამდე და მიწისძვრის შემდგომ მდგომარეობას ასახავს.

აღნიშნული ცნობა თურქულ ენაზეც გავრცელდა და თურქულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Teyit-მა ის უკვე გადაამოწმა. სურათების გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ისინი ერთ-ერთი ვიდეოდანაა ამოჭრილი. ვიდეოში, რომელიც მიწისძვრის შემდეგ თვითმფრინავიდანაა გადაღებული და ნამდვილად ქაჰრამანმარაშსს ასახავს, ისმის კომენტარები, რომ „ქალაქის ნახევარი აღარ არსებობს“.

ქალაქ ქაჰრამანმარაშში დამანგრეველი მიწისძვრა მართლაც მოხდა, თუმცა გავრცელებული ფოტოები ქალაქს მიწისძვრამდე და მიწისძვრის შემდგომ არ ასახავს. ინტერნეტში გავრცელებული ფოტოების შედარებისას ირკვევა, რომ გამოქვეყნებული ფოტოები ერთი და იმავე დღეს, მიწისძვრის შემდეგ არის გადაღებული და ქალაქის სხვადასხვა ადგილს ასახავს - მიწისძვრამდე და მიწისძვრის შემდგომ სურათებშიც, ქალაქის ფარგლებში არსებული ტყისა და გზების ამსახველი მონაკვეთები ერთმანეთს მაინც დაემთხვეოდა, თუმცა მოცემულ სურათებზე ისინი განსხვავდება. ფოტოსურათების ერთ-ერთი თვალშისაცემი საერთო დეტალი სურათების კიდეებში არსებული გამწვანებული ტერიტორიაა. აღნიშნული იმის მანიშნებელია, რომ ორი ფოტოსურათი სინამდვილეში ერთმანეთის გაგრძელებას წარმოადგენს.

ამდენად, გავრცელებული კადრები თურქეთის ქალაქ ქაჰრამანმარაშსს არა სხვადასხვა დროს, არამედ ერთი და იმავე დღეს, მიწისძვრის შემდეგ მდგომარეობას ასახავს.

თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრების შედეგად 14 თებერვლის მონაცემებით, 35,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი