რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან თითქმის 1 წლის თავზე პრორუსული ჯგუფები უმეტესად ამტკიცებენ, რომ დასავლური საზოგადოებების მხარდაჭერა უკრაინის მიმართ იკლებს. დეზინფორმაცია ვრცელდება ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სანქციებს დაწესებისა და უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის საკითხზეც. გავრცელებული მტკიცებების მიხედვით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომელსაც ევროპისთვის ეკონომიკური გავლენები მოჰყვება და უკრაინისთვის შეიარაღების - განსაკუთრებით კი Leopard-2-ის ტანკების გადაცემას, დასავლური საზოგადოებების უმრავლესობა ეწინააღმდეგებოდა. ამ გზავნილების გავრცელების მიზანი ისეთი შთაბეჭდილების შექმნაა, თითქოს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა დასავლურ საზოგადოებებში ნელდება და ევროპული ქვეყნის ხელისუფლებები უკრაინის მხარდამჭერი პოლიტიკას საკუთარი მოსახლეობის სურვილის წინააღმდეგ აშშ-ის ზეწოლის გამო აწარმოებენ.

„ფაქტ-მეტრმა“ დასავლური ქვეყნების მიერ უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთ-უკრაინის ომის შედეგების საპასუხოდ ევროკავშირისა და დასავლეთის ქვეყნების მიერ განხორციელებული პოლიტიკის მიმართ ევროპული საზოგადოებების განწყობის გაანალიზება გადაწყვიტა.

უკრაინის მიმართ დასავლური საზოგადოებების მხარდაჭერა

რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში მოსახლეობის განწყობები ევროკავშირმა შეაფასა. 2022 წლის შემოდგომის EUROBAROMETER გამოკითხვაში შვედეთში, ფინეთში, ნიდერლანდებში, დანიასა და პორტუგალიაში უკრაინის მხარდამჭერი პოლიტიკის დადებითი შეფასება 90%-იან ნიშნულს სცდება. საფრანგეთში ამ აზრს 78% ემხრობა, გერმანიაში კი - 73%. დებულებას ყველაზე მცირე მხარდაჭერა ჰქონდა ბულგარეთში (48%), საბერძნეთში (48%), სლოვაკეთში (49%), კვიპროსსა (54%) და უნგრეთში (59%). საერთო ჯამში, ევროკავშირის მოსახლეობის საშუალოდ 74%-მა უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა დადებითად შეაფასა.

2023 წლის 20 იანვარს მრავალეროვნული ბაზრის კვლევისა და საკონსულტაციო ფირმა IPSOS-მა 28 ქვეყნის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა არგენტინაში, ავსტრალიაში, ბელგიაში, ბრაზილიაში, კანადაში, ჩილეში, კოლუმბიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, უნგრეთში, ინდოეთში, ინდონეზიაში, იტალიაში, იაპონიაში, მალაიზიაში, ნიდერლანდებში, პერუში, პოლონეთში, სინგაპურში, სამხრეთ აფრიკაში, სამხრეთ კორეაში, ესპანეთში, შვედეთში, ტაილანდში, თურქეთსა და აშშ-ში ჩატარდა. ანგარიშის მიხედვით, უკრაინის ომის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ უკრაინის ომის ირგვლივ გლობალური საჯარო აზრი სტაბილურია და გარკვეული ცვლილებების მიუხედავად, დასავლურ საზოგადოებებში უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კვლავ ძლიერია.

ანგარიშმა აჩვენა, რომ გამოკითხულ ქვეყნებში მოსახლეობის უმრავლესობა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხით არის დაინტერესებული. ამ საკითხზე ახალ ამბებს 28 ქვეყანაში საშუალოდ 64% ადევნებს თვალს. ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხული 28 ქვეყნის მოსახლეობის 71% რუსეთ-უკრაინის ომში თავისი ქვეყნის სამხედრო კუთხით ჩართვას ეწინააღმდეგება, გამოკითხულთა 70% ემხრობა მოსაზრებას, რომ მათმა ქვეყნებმა თავდასხმის ქვეშ მყოფ სუვერენულ სახელმწიფოებს მხარი უნდა დაუჭირონ. ეს მაჩვენებელი 2022 წლის მარტი-აპრილის პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს მხოლოდ 1%-ით ჩამორჩება.

გამოკითხულ ქვეყნებში მოსახლეობის 57% ასევე ემხრობა უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელებას მანამდე, სანამ რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიას არ დატოვებენ.

გამოკითხულთა უმრავლესობა ასევე ემხრობა უკრაინელი ლტოლვილების მიღებას (66%) და რუსეთის ძირითადი სპორტული შეჯიბრებებიდან გარიცხვას (66%).

2023 წლის 31 იანვარს Pew Research Center-მა 18-24 იანვრის ჩათვლით ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. Pew Research Center არაპარტიული ამერიკული ანალიტიკური ცენტრია, რომელიც სოციალურ საკითხების, დემოგრაფიული ტენდენციების და საზოგადოებრივი აზრის შესახებ კვლევებს აქვეყნებს. კვლევაში სხვა საკითხებთან ერთად უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ დასხმული კითხვების შედეგები წარმოადგინეს.

კვლევამ აშშ-ის უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ ამერიკის მოსახლეობის დაინტერესება გამოკვეთა. კერძოდ, კითხვაზე რამდენად ადევნებენ თვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ ახალ ამბებს, გამოკითხულთა 65%-მა ინტერესი გამოავლინა და აღნიშნა, რომ ახალ ამბებს სხვადასხვა ხარისხით ადევნებს თვალს. აღსანიშნავია, რომ წინა კვლევების შედეგების მიხედვით, აპრილ-მაისში სიახლეებს თვალს ადევნებდა გამოკითხულთა 74%; სექტემბერში კი 62%. ამდენად, ინტერესი მუდმივად მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.

კითხვაზე თუ რამდენად საკმარის მხარდაჭერას უწევს აშშ უკრაინას, გამოკითხულთა 20%-ის აზრით, უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარება საკმარისი არაა, 31%-მა კი აღნიშნა, რომ აშშ სათანადოდ ეხმარება უკრაინას. უკრაინის მიმართ გაწეული დახმარება ზედმეტად შეაფასა გამოკითხულთა დაახლოებით მეოთხედმა (26%).

დამოკიდებულება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების მიმართ

პრორუსული ჯგუფები აქტიურად ცდილობენ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესების პოლიტიკა მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებლად წარმოაჩინონ.

IPSOS-ის კვლევის საშუალო მონაცემებით, გამოკითხული დასავლური სახელმწიფოების (ევროკავშირის ან/და ნატოს წევრი ქვეყნები + ავსტრალია) მოსახლეობის 67% რუსეთზე ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების შენარჩუნებას იმ შემთხვევაშიც კი ემხრობა, თუ ეს მათ სახელმწიფოებში მოქალაქეებისთვის გათბობის შეზღუდვას გამოიწვევს. აშშ-ში იგივე მონაცემი 64%-ს შეადგენს.

დამატებით, მიუხედავად იმისა, რომ IPSOS-ის კვლევის მიხედვით ინფლაცია უმთავრესი საზრუნავია მთელ მსოფლიოში, უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს (45%), რომ უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთზე ეკონომიკური სანქციები აუცილებელია, მიუხედავად მათი გავლენისა ენერგეტიკისა და სურსათის ფასებზე, მხოლოდ 25% ფიქრობს, რომ რუსეთზე სანქციები არ ღირს იმ ეკონომიკურ გავლენად, რაც მათ ქვეყანას ადგება.

კვლევის მიხედვით, IPSOS-ის მიერ გამოკითხულ 28 ქვეყანაში მოსახლეობის 38% რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტის შეზღუდვას ან აკრძალვას იმ შემთხვევაშიც კი ემხრობა, თუ ეს ენერგიისა და საკვების ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს. ამ მოსაზრებას 31% ეწინააღმდეგება.

კვლევა ასევე ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაცია EUROSKOPIA-მ, რომელიც ევროკავშირში ძირითადი სოციალური კვლევებსა და მედია კომპანიების ალიანსს წარმოადგენს. კვლევის მიხედვით, რომელიც 9 ევროპულ სახელმწიფოში (გერმანია, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, ავსტრია, საბერძნეთი, ნიდერლანდები, პორტუგალია, პოლონეთი) ჩატარდა, გამოკითხულ ევროპელთა 51,8% ყველა რუსულ კომპანიასა და ინვესტორზე ეკონომიკურ შეზღუდვებს მხარს უჭერს.

EUROBAROMETER-ის შედეგების ანალიზი ევროკავშირის მიერ რუსეთზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის მოსახლეობის დამოკიდებულებაზე წარმოდგენას ასევე გვიქმნის. კითხვაზე ეთანხმებოდნენ, თუ - არა ევროკავშირის მიერ განხორციელებულ ქმედებებს უკრაინის მხარდასაჭერად, როგორიცაა სანქციები რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ, ან ფინანსური, სამხედრო თუ ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინისთვის, გამოკითხულთა 73%-მა კითხვას დადებითი პასუხი გასცა.

ევროკავშირის მიერ გადადგმულ სხვადასხვა ნაბიჯს, მათ შორის - რუსეთის ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებას და უკრაინისთვის ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას, 90% ან მეტი მომხრე ჰყავს: ფინეთში - 96%, შვედეთში - 96%, ნიდერლანდებში - 93%, დანიაში - 92%, ირლანდიასა -91% და პორტუგალიაში - 90%, საფრანგეთში მხარდაჭერის მაჩვენებელი 73%-ს უტოლდება, გერმანიაში - 71%-ს.

დამოკიდებულება უკრაინისთვის იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით

IPSOS-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე თუ თავიანთი ქვეყნის რომელ პოლიტიკას დაუჭერდნენ მხარს ან შეეწინააღმდეგებოდნენ, 28 ქვეყანაში გამოკითხულთა ყველაზე მცირე რაოდენობა მხარდაჭერას ინდივიდუალურად სახელმწიფოების (22%) ან ნატოს მიერ (35%) ჯარების გაგზავნის გადაწყვეტილებას ემხრობა, ყველაზე მეტი კი რუსეთის ჯარის მიერ უკრაინის ტერიტორიის დატოვებამდე უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაგრძელებისკენ იხრება (57%);

თუმცა გამოკითხულ ნატოს წევრ ქვეყნებს შორის სრული უმრავლესობა აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ნიდერლანდებსა და პოლონეთში უკრაინის სამხედროებისთვის იარაღის და/ან საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უჭერს მხარს. საერთო ჯამში, უკრაინისთვის იარაღის და/ან საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემას დასავლურ სახელმწიფოებში (კვლევაში მონაწილე ნატოს ან/და ევროკავშირის წევრი ქვეყნები + ავსტრალია) 48% ემხრობა, მხოლოდ აშშ-ში კი - 54%. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში დაფიქსირებული მონაცემი 5%-ით მცირეა 2022 წელს მარტი-აპრილის პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, თუმცა სხვა დასავლური სახელმწიფოების საშუალო მონაცემში ცვლილება არ შეინიშნება.

EUROSKOPIA-ს მიერ ევროკავშირის 9 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის მიხედვით სამხედრო მიმართულებით ტენდენციები ასევე გამოიკვეთა.

მაგალითად, ესპანეთში გამოკითხულთა ნახევარი ფიქრობდა, რომ უკრაინის ომი შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა დასრულდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს უკრაინის მიერ ზოგიერთი ტერიტორიის დათმობას ნიშნავს. ამავე აზრს იზიარებენ ავსტრიელები (64%) და გერმანელები (60%). იდეას მხოლოდ 27%-იანი მხარდაჭერა აქვს ნიდერლანდებში, 28% - პოლონეთში, პორტუგალიაში კი 41% შესაბამისად თუნდაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე ომის სწრაფი დასრულების იდეასთან წინააღმდეგობა უმეტესად ამ სახელმწიფოების მოსახლეობაში მოდის. საერთო ჯამში, მოსაზრებას ეწინააღმდეგებოდა 9-ვე ქვეყანაში გამოკითხულთა 32%, თანხმობას კი 48% გამოხატავდა.

ამის მიუხედავად, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას კვლავ უმრავლესობა ემხრობა. ესპანეთში უკრაინისთვის იარაღის გადაცემას გამოკითხულთა 61% უჭერს მხარს, ეს მაჩვენებელი კვლევაში მონაწილე ყველა ქვეყნის საშუალო მონაცემისთვის 56%-ს შეადგენს.

პრორუსული დეზინფორმაცია განსაკუთრებით აქტიურია გერმანიის მიერ უკრაინისთვის Leopard-2 ტანკების გადაცემის საკითხზე. გავრცელებული გზავნილების მიხედვით, ევროკავშირის წევრების, განსაკუთრებით კი გერმანიის, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის გადაცემის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

სინამდვილეში, გერმანიის მიერ უკრაინისთვის Marder-ის ქვეითი საბრძოლო მანქანების გადაცემას გერმანიის მოსახლეობის 59% ემხრობა, წინააღმდეგ კი 33%-ია. Leopard-2 ტანკების უკრაინისთვის გადაცემის გადაწყვეტილების შესახებ ჩატარებული კვლევები კი მუდმივად განსხვავებულ სურათს გვაძლევენ. გერმანული Der Spiegel-ის 2023 წლის 26 იანვარს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, უკრაინისთვის გერმანული Leopard-2 ტანკების გადაცემას მხარს გერმანიის მოსახლეობის უმრავლესობა - 54% უჭერს, წინააღმდეგ კი 37%-ია. გერმანიის რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებლების ასოციაციის (ARD) მიერ 19 იანვარს ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე „უნდა მიაწოდოს, თუ - არა გერმანიამ უკრაინას მძიმე საბრძოლო ტანკები, როგორიცაა „ლეოპარდი“, გამოკითხულთა 46% მსგავსი პოლიტიკის გატარებას ემხრობოდა, 43%-კი ეწინააღმდეგებოდა.

გერმანიის პრესის სააგენტოს (DPA) სახელით აზრის კვლევის ინსტიტუტმა YouGov-მა 2022 წლის დეკემბერში გერმანიის მოსახლეობის კვლევა ასევე ჩაატარა, თუმცა ამ შემთხვევაში ანგარიში საპირისპირო შედეგზე მიუთითებს, კერძოდ, კვლევის მიხედვით უკრაინისთვის Leopard-2-ის გადაცემას მოსახლეობის 33% ემხრობა, 45% კი წინააღმდეგია. ამ შემთხვევაშიც კი გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეთა 45%-იანი მაჩვენებელი ბევრად ნაკლებია პროპაგანდისტულ ნარატივზე, რომლის მიხედვით გერმანიის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უკრაინისთვის Leopard-2 ტანკების გადაცემას ეწინააღმდეგება.

საერთო ჯამში, უკრაინისთვის - გერმანიის გარდა, Leopard-2 ის ტანკების გადაცემას პოლონეთი, ესპანეთი, ნორვეგია, ფინეთი, ნიდერლანდები გეგმავენ. უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის მომხრეა პოლონელთა უმრავლესობაც. 2023 წელს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, პოლონეთში კიევისთვის უახლესი (გერმანული Leopards და ამერიკული Abrams-ის) ტანკების გადაცემას მოსახლეობის 60.3% უჭერს მხარს. წინააღმდეგ კი მხოლოდ 15.1%-ია.

საზოგადოებრივი განწყობები ევროკავშირის მიმართ

დეზინფორმაციული გზავნილები მუდმივად ცდილობს, ევროკავშირი ისეთ ძალად წარმოაჩინოს, რომელიც ჩიხშია შესული და მოსახლეობისგან მზარდ უნდობლობას განიცდის.

ევრობარომეტრის უახლესი კვლევა, რომელიც 2022 წლის ოქტომბერი-ნოემბრის პერიოდში ჩატარდა, ევროკავშირის წინაშე არსებულ სირთულეებს ნამდვილად ასახავს. მაგალითისთვის, ევროკავშირის მოსახლეობის 93% უმთავრეს საზრუნავად ცხოვრების ხარჯების, მათ შორის - საკვებისა და ენერგიის ფასის, ზრდას ასახელებს; ევროპელთა ნახევარზე მეტი ასევე მიიჩნევს, რომ ევროკავშირში ვითარება არასწორი მიმართულებით მიდის (51%), რაც 2022 წლის აპრილი-მაისის პერიოდთან შედარებით 11%-იანი ზრდაა.

ამასთანავე, ევროკავშირის მოქალაქეების თითქმის ნახევარი (46%) თანმიმდევრული კრიზისების (Covid-19-ის, უკრაინის ომისა და ინფლაციის) გამო, ცხოვრების დონის გაურესებას განიცდის.

ამის მიუხედავად, ევროკავშირის მოსახლეობის უმრავლესობა (57%) ევროკავშირის მომავალს ოპტიმისტურად აფასებს.

მოსახლეობის 54% კი ამბობს, რომ ამჟამინდელი შემოსავლებით კომფორტულად ცხოვრობენ. მათ შორის გერმანიაში, რომლის მოსახლეობას პროპაგანდა რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებით ყველაზე მეტად დაზარალებულად წარმოადგენს, ეს მოსაზრება მოსახლეობის 67%-ს გააჩნია.

დამატებით, ევროკავშირის მოქალაქეებს ევროკავშირის მიმართ უმეტესად დადებითი წარმოდგენა აქვს. კერძოდ, ამგვარ შეფასებას გამოთქვამს 47%, რაც მართალია 2022 წლის აპრილ-მაისში ჩატარებული კვლევის შედეგთან შედარებით 5%-ით ნაკლებია, თუმცა მაინც მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. წინა კვლევის შედეგებთან შედარებით, ევროკავშირის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება 2%-ით გაიზარდა და 14%-ს შეადგენს.

ამასთანავე, ყოველი 10 ევროპელიდან 6 (62%) თავიანთი ქვეყნის ევროკავშირში წევრობას დადებით მივლენად განიხილავს. ამგვარი მხარდაჭერა კი წლების განმავლობაში მაღალ ნიშნულზეა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირის მოქალაქეთა 72% ევროკავშირის წევრობას თავიანთი ქვეყნებისთვის სარგებლის მომტანად მიიჩნევს. ხოლო იმ მთავარ მიზეზად, რის გამოც წევრმა ქვეყნებმა ევროკავშირის წევრობით სარგებელი მიიღეს, მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში ევროკავშირის წვლილი სახელდება (36%).

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი