კახა ქემოკლიძე: 2019-2022 წლებში რუსეთთან საგარეო ვაჭრობის წილი მშპ-სთან მიმართებით 11%-დან 18%-მდე გაიზარდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, კახა ქემოკლიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე

რეზიუმე:

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა კახა ქემოკლიძემ, რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულების შეფასების ფარგლებში განაცხადა, რომ 2019 წელს რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა საქართველოს მშპ-ს 11%-ს შეადგენდა, 2022 წელს კი იგივე მაჩვენებელი 18%-მდე გაიზარდა.

პოლიტიკოსმა საგარეო ვაჭრობაში რუსეთზე დამოკიდებულების ზრდის სტატისტიკა, როგორც ერთ-ერთ არგუმენტი, ზოგადად ქვეყნის კურსის შესაძლო ცვლილებაზე მსჯელობის ფარგლებში გამოიყენა. სტატიის ფარგლებში „ფაქტ-მეტრი“ განცხადების შეფასებითი ნაწილზე არ მსჯელობს და მხოლოდ ფაქტობრივად გადამოწმებადი ნაწილის შეფასებით შემოიფარგლება.

რეალურად, 2019 წელს საქართველოს მშპ 17.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა - 1.473 მლრდ-ს ანუ მშპ-ს 8.4%-ს. 2022 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ, საქსტატს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. თუმცა უახლესი საპროგნოზო მაჩვენებელი ფინანსთა სამინისტროს მიერ, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების პარალელურად, არის გამოქვეყნებული (ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორები- საბაზისო სცენარი), რომლის მიხედვითაც, ნომინალური მშპ 2022 წელს 24.7 მლრდ დოლარი იქნება. ამ მოცულობის ეკონომიკისთვის კი, რუსეთთან 2022 წელს დაფიქსირებული 2.487 მლრდ დოლარიანი სავაჭრო ბრუნვა 10.1%-ს შეადგენს, რაც კახა ქემოკლიძის მიერ ნახსენებ 18%-იან მაჩვენებელთან შედარებით, მნიშვნელოვნად ნაკლებია.

შესაბამისად, პოლიტიკოსის მიერ მოყვანილი რიცხვები არსებითად აცდენილია რეალურს, თუმცა დასახელებულ დროის შუალედში, ზრდის გარკვეული ტენდენცია მაინც შეინიშნება. ამასთან ტენდენცია მზარდი იყო 2019 წლამდე არსებულ პერიოდშიც. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, კახა ქემოკლიძის განცხადების კონტექსტი რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების ზრდისა და მისგან მომდინარე საფრთხეების ნაწილში, რეალობას შეესაბამება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კახა ქემოკლიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ანალიზი:

24 იანვარს, „TV პირველ-ზე“ გადაცემა „დღის ამბების“ ეთერში, პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა კახა ქემოკლიძემ განაცხადა: „საბოლოო ჯამში.. [რუსეთთან საგარეო ვაჭრობის მოცულობა] ქართული ეკონომიკა რა მოცულობით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით 2022 წელს?! 11% იყო მაშინ 2019 წელს, 2019 წელს იმიტომ ვიღებ, რომ კოვიდამდე პერიოდი იყო და მაშინ იყო რეალურად ეკონომიკური მოძრაობის მთავარი პიკი და 2022 წელს ეს გახდა 18%, იცით რას ნიშნავს ეს?! ეს იმას ნიშნავს, რომ 7%-ით, 8%-ით. შენ ფაქტიურად, ბევრად უფრო მოწყვლადი [დამოკიდებული] გახდი რუსეთზე და მათ სამხედრო სტრატეგიულ ინტერესებზე, იმიტომ რომ რუსული ეკონომიკა და უსაფრთხოების სფერო არის ერთმანეთში ინტეგრირებული“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2019 წელს ქვეყნის მთლიანმა შიდა პროდუქტმა 17.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. იმავე უწყების თანახმად, 2019 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე 497 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, რუსეთიდან კი 976 მლნ დოლარის იმპორტი განხორციელდა, ანუ ჯამში სავაჭრო ბრუნვამ 1.473 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც იმ დროინდელი ნომინალური მშპ-ის 8.4%-ია.

2022 წელს, რუსეთში ექსპორტმა 652 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 1.835 მლრდ-ს მიაღწია, სავაჭრო ბრუნვამ კი 2.487 მლრდ შეადგინა. საგარეო ვაჭრობისგან განსხვავებით, 2022 წლის მშპ-ს ჯამური მოცულობა ჯერ გამოქვეყნებული არ არის, ფინანსთა სამინისტროს მიერ 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების პარალელურად გამოქვეყნებული ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორების (საბაზისო სცენარი) თანახმად კი, 2022 წელს საქართველოს ნომინალურმა მთლიანმა შიდა პროდუქტმა 24.7 მლრდ აშშ დოლარი უნდა შეადგინოს. ამ შეფასების თანახმად, 2022 წელს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა რუსეთთან მშპ-ის 10.1% გამოდის.

მშპ-ის მონაცემები ბუნებრივია დაკორექტირდება, მაგრამ იმისთვის რომ კახა ქემოკლიძის მტკიცება [რუსეთთან საგარეო ვაჭრობის ბრუნვა მშპ-ს 18%-ს უდრის] მართებული გახდეს, მაშინ ნომინალური მშპ 13.8 მლრდ დოლარს უნდა გაუტოლდეს. თავის მხრივ, დოლარში გამოსახული ნომინალური მშპ-ის ასეთი მასშტაბური კლება, დადებითი რეალური ეკონომიკური ზრდის პირობებში, შეიძლება მხოლოდ ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას გამოეწვია. რეალურად, 2022 წელს ლარი დოლართან მიმართებით 12.6%-ით - 3.09-დან 2.70-მდე გამყარდა, ეკონომიკური ზრდის ტემპმა კი წინასწარი მონაცემებით 10.1% შეადგინა. ცნობილია, რომ 2021 წელს მშპ 18.6 მლრდ იყო, შესაბამისად, ლარის გამყარებისა და ეკონომიკური ზრდის პირობებში, მსგავსი მასშტაბის კორექტირება პრაქტიკული თვალსაზრისით შეუძლებელი ხდება.

კახა ქემოკლიძე ათვლის წერტილად 2019-ს, როგორც პანდემიამდე არსებულ ბოლო წელს იღებს. ტენდენციის განსასაზღვრად, საინტერესო უფრო ფართო დიაპაზონი, პირობითად „ქართული ოცნების“ მმართველობის მეორე ვადის დასაწყისი იქნება, რადგან 2013 წლამდე ქართული პროდუქციის უდიდესი ნაწილისთვის რუსეთის ბაზარზე ემბარგო იყო გამოცხადებული, ვაჭრობის მოცულობა ბუნებრივად უფრო ნაკლები იქნებოდა. 2012 წელს რუსეთთან საგარეო ვაჭრობის ბრუნვა თანხობრივად 435 მლნ აშშ დოლარს, მშპ-სთან მიმართებით კი 2.6%-ს შეადგენდა. 2013 წლიდან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

2017-2022 წლებში, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა თანხობრივად - 1.184 მლრდ აშშ დოლარიდან 2.487 მლრდ დოლარამდე, ნომინალურ მშპ-სთან მიმართებით კი 7.3%-დან 10.1%-მდე გაიზარდა.

გრაფიკი 1: საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

2022 წელს, ნომინალურ მშპ-სთან მიმართებით, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის წილის 10.1%-მდე ზრდის ძირითად მიზეზად, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირება იქცა. 2022 წელს, ზოგადად ყველა ქვეყნიდან, ნავთობპროდუქტების იმპორტი - 2021 წელთან შედარებით, 62%-ით, 823 მლნ-დან 1.336 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, მათ შორის რუსეთიდან 361%-ით, 135 მლნ-დან 623 მლნ-მდე. შედარებით დაბალი ფასის გამო, რუსეთიდან საწვავის იმპორტი 192%-ით - 225 ათასიდან 657 ათას ტონამდე, მოცულობით დათვლაშიც გაიზარდა.

შესაბამისად, პოლიტიკოსის მიერ მოყვანილი რიცხვები რეალურს არსებითად აცდენილია, თუმცა, დასახელებულ დროის შუალედში, ზრდის გარკვეული ტენდენცია მაინც შეინიშნება. ამასთან ტენდენცია მზარდი იყო 2019 წლამდე პერიოდშიც. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, კახა ქემოკლიძის განცხადების კონტექსტი რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების ზრდისა და მისგან მომდინარე საფრთხეების ნაწილში, რეალობას შეესაბამება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კახა ქემოკლიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი