სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია, რომლის მიხედვით, თურქულმა გამოცემამ, Hurseda Haber-მა, თითქოს, ისრაელის დაზვერვის ანონიმურ მონაცემებზე დაყრდნობით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფარგლებში გარდაცვლილი სამხედრო პერსონალის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია გამოაქვეყნა. მტკიცების თანახმად, რომელიც მსოფლიო მასშტაბით გავრცელდა და საქართველოში სოციალური ქსელის გარდა, რუსთავი 2-ის სატელევიზიო სიუჟეტშიც მოხვდა, რუსეთმა 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში მხოლოდ 18 480 სამხედრო დაკარგა, ხოლო უკრაინამ - 157 000. ამასთან, დეზინფორმაციის მიხედვით, საომარ მოქმედებებს უკრაინის მხარეს NATO-ს 2000-ზე მეტი ჯარისკაცი და ინსტრუქტორი ემსხვერპლა.

სინამდვილეში, ცნობები მოსადის მიერ მსგავსი სტატისტიკის გამოქვეყნების ან თურქული გამოცემისთვის მიწოდების შესახებ, არავითარ ფაქტობრივ მტკიცებულებებსა და მონაცემებს არ ეფუძნება.

თურქული გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც შემდეგ სხვა გამოცემებმა თუ ინდივიდებმა გამოიყენეს, მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირებისთვის, არცერთი წყაროთი არ დასტურდება.

ტატიაში არ არის მითითებული ავტორი და ინფორმაციის წყარო, უბრალოდ მოყვანილია დაუსაბუთებული რიცხვები და აღნიშნულია, რომ ეს მონაცემები თითქოს ისრაელის დაზვერვის 14 იანვრის საველე მონაცემებს ეყრდნობა.

გარდა იმისა, რომ სტატიაში მოყვანილი რიცხვები უკრაინული და რუსული დანაკარგების, როგორც შეიარაღების, (მაგალითისთვის, უკრაინას ომის დაწყების და მიმდინარეობის პროცესში შეიარაღებაში საერთოდ არ ჰყოლია 514 თვითმფრინავი/ვერტმფრენი და 6320 ტანკი, რომელთა განადგურების შესახებაცაა პოსტში საუბარი),ისე ცოცხალი ძალის შესახებმკვეთრად შეუსაბამოა აქამდე გავრცელებულ ყველა სანდო ოფიციალური და არაოფიციალური წყაროს მონაცემთან. ზუსტი დანაკარგები უცნობია, თუმცა,ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის ერიკ კრისტოფერსენის განცხადებით, რუსეთის არმიის დანაკარგები - იგულისხმება დაღუპული და დაჭრილი - 180,000 ფარგლებშია, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები 100,000-მდე. ასევე, აშშ-ის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, გენერალ მარკ მილის შეფასებით, რუსების დანაკარგები უკრაინაში 100,000-ს აჭარბებს. ტყუილია ასევე სოციალურ ქსელში მოცემული ინფორმაცია, რომ საომარ მოქმედებებს უკრაინის მხარეს NATO-ს წევრი სახელმწიფოების 2000-ზე მეტი სამხედრო პერსონალი ემსხვერპლა.

NATO-ს ჯარისკაცები უკრაინაში საომარ მოქმედებებში ამონაწილეობენ ხოლო NATO-ს ინსტრუქტორების (ბრიტანელი და ამერიკელი ინსტრუქტორები, როგორც გავრცელებულ პოსტშია მითითებული) მიერ უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება უკრაინის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს.

ეს ინფორმაცია ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემამ Politifact-მაც გადაამოწმა, რომელმაც ოფიციალურად მიმართა NATO-ს გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისთვის. NATO-ს წარმომადგენლებმა Politifact-ს განუმარტეს რომ „უკრაინის ტერიტორიაზე არ იმყოფებიან NATO-ს ჯარისკაცები და ინსტრუქტორები და არ დაფიქსირებულა NATO-ს დაქვემდებარებული სამხედრო პერსონალის მკვლელობის შემთხვევა უკრაინის ტერიტორიაზე“. ამასთან დაკავშირებით სტატია მოამზადა BBC-მაც, სადაც აღნიშნულია, რომ NATO-ს წევრ არც ერთ სახელმწიფოს ოფიციალურად არ გაუგზავნია სამხედრო პერსონალი უკრაინაში საომარ მოქმედებებში რაიმე ფორმით მონაწილეობის მისაღებად.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელ Twitter-ზე, Russian Market-ის (რომელიც იდენტიფიცირდება როგორც მოქალაქე-ჟურნალისტი) სახელით მოქმედი ანგარიშის მიერ გავრცელებულ მსგავს ინფორმაციას, მასშტაბური გამოხმაურება მოჰყვა.

პოსტს, ერთ დღეში 12 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა და მას თავად Twitter-ის მფლობელი და ცნობილი ბიზნესმენი ილონ მასკიც გამოეხმაურა. მასკმა თავდაპირველად აღნიშნული პოსტზე დააკომენტარა, რომ ეს იყო „სიცოცხლის ტრაგიკული დანაკარგები“ (A tragic loss of life), თუმცა მალევე მან, საკუთარ კომენტარზე, კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა, სადაც Twitter-ის შესაბამის სამსახურს მოუწოდებდა, რომ შეესწორებინათ პოსტში გაჟღერებული რიცხვები.

ამის შემდეგ, პოსტზე გაჩნდა Twitter-ის კომენტარი, სადაც შესაბამისი ბმულების მითითებით აღნიშნულია, რომ რეალურად უკრაინის მხარეს გარდაცვლილი ჯარისკაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ასევე ტყუილია უკრაინაში NATO-ს ჯარისკაცების და ინსტრუქტორების გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია უკრაინაში NATO-ს ჯარისკაცებისა და ინსტრუქტორების დაღუპვის შესახებ, ისევე როგორც უკრაინისა და რუსეთის მხარეს ცოცხალი ძალისა და შეიარაღების დანაკარგების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება.

-------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი