ირაკლი ღარიბაშვილი: ბოლო 10 წელში ევროინტეგრაციის გზაზე ყველა შესაძლო პროგრესს მივაღწიეთ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე: ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება შევიდა ძალაში, ამოქმედდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი და ა.შ.

მიუხედავად ამისა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შესაძლებლობა გასულ წელს სწორედ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ვერ გამოიყენა.

შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ნახევრად სიმართლედ აფასებს.

ანალიზი

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი 30 იანვარს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში კანცლერმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ბოლო 10 წელში ევროინტეგრაციის გზაზე ყველა შესაძლო პროგრესს მიაღწია: „ეს არის ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც გავაფორმეთ ჩვენ ევროპასთან, უვიზო მიმოსვლა და ახლა უკვე ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული შარშან, ივნისში, სადაც ნათლად იქნა დადასტურებული ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა“.

„ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა, რამდენად შეესაბამება პრემიერ-მინისტრის აღნიშნული განცხადება სიმართლეს.

საქართველოს დასავლეთთან დაახლოებაზე საუბრისას, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მიღწეული წარმატებები 30-წლიანი პროცესის, სხვადასხვა მთავრობების მიერ მუშაობისა და საქართველოს მოქალაქეთა მიერ მრავალჯერ გამოხატული ნების შედეგია.

უშუალოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ევროინტეგრაციის გზაზე მართლაც არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შევიდა ძალაში, ამოქმედდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი.

„ასოცირების შეთანხმებაზე“ (AA) მოლაპარაკებები (რომლის ნაწილიცაა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)) საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2010 წლის 15 ივლისს დაიწყო. 2012 წლის 28 თებერვალს მოლაპარაკებები, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე, ოფიციალურად გაიხსნა. 2013 წლის 28-29 ნოემბერს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, მოხდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების პარაფირება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტის ჩათვლით. მალევე, 2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით. 2016 წლის 23 მაისის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ევროკავშირმა საქართველოსთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციისთვის საჭირო ყველა პროცედურა დაასრულა. 16 ივნისს, ქ. ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა, ხოლო იმავე წლის 1 ივლისს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება ძალაში შევიდა.

რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის საკითხს, 2010 წლის 17 ივნისს ქ. ბრიუსელში ხელი მოეწერა „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ“ შეთანხმებას. 2012 წლის 4 ივნისს გაიხსნა საქართველო-ევროკავშირის დიალოგი უვიზო მიმოსვლის შესახებ. 2016 წლის 9 მარტს, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო მეოთხე ანგარიშის საფუძველზე, ევროკომისიის მიერ ინიციირებულ იქნა საკანონმდებლო პროცედურები და ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურად წარედგინა საკანონმდებლო წინადადება 539/2001 რეგულაციაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. 2017 წლის 28 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა.

რაც შეეხება ევროპული პერსპექტივის აღიარებას, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთვის, მართლაც, ისტორიულია, რამდენადაც ქვეყანა ევროკავშირის გაფართოების პროცესის ნაწილი გახდა. თუმცა, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, საქართველომ გასულ წელს გაჩენილი შანსი, მიეღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ვერ გამოიყენა, რაც თავის მხრივ, ქვეყნისთვის უფრო მეტ შესაძლებლობას ითვალისწინებს, ვიდრე ევროპული პერსპექტივის აღიარება/პოტენციური კანდიდატის სტატუსი.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გასული წლის 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, შეიტანა. იმავე წლის 23 ივნისს, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას EU კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აღნიშნული სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის წარდგენილ მოთხოვნებს შორის არის ისეთი პირობებიც, რომელთა შესრულებისკენაც დასავლელი პარტნიორები წლებია მოგვიწოდებენ, თუმცა მმართველი გუნდი მათ არ ასრულებს, ან არაჯეროვნად ასრულებს. ასეთია, მაგალითად, ეფექტიანი სასამართლო რეფორმის გატარება, თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს შექმნა, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და ა.შ.

კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომელიც ბოლო წლებში ხელისუფლებამ ვერ გამოიყენა, ევროკავშირისგან მისაღებ სესხს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 25 მაისს ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ საქართველოს მაკროფინანსური დახმარების, 150 მილიონამდე ევროს სესხის სახით გამოყოფის, გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული რესურსიდან პირველი ტრანშის, 75 მლნ ევროს, ათვისება ქვეყანამ მოახერხა. რაც შეეხება ასათვისებელი რესურსის მეორე ნაწილს - 75 მლნ ევროს, მისი მიღების წინაპირობები, რაც სასამართლო სისტემის რეფორმას უკავშირდებოდა, საქართველომ ვერ შეასრულა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია ამ თემაზე) შესაბამისად, ვეღარც დახმარება მიიღო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ბოლო 10 წელში ევროინტეგრაციის გზაზე ყველა შესაძლო პროგრესს მიაღწია, არის ნახევრად სიმართლე. მართალია, „ქართულ ოცნებას“, მართლაც აქვს თავისი, მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ევროპული ინტეგრაციის პროცესში, მაგრამ ფაქტია, რომ გასულ წელს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი